გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2018
საქმის ნომერი
140310018002382431
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002382431

საქმე № 3/70-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: შპს ,,ა------- კ-–----ა”

წარმომადგენლები: თ------- გ------ და ნ---- ჯ--–--------

 

მოპასუხე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო”

წარმომადგენლები: ა-- კ----------–- და ნ---- გ------–---

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ,,ა------- კ-–----ისათვის" ჯარიმის - 24 679,12 ლარის დაკისრების შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2017 წლის 16 ნოემბრის № 2017/16/11/02 აქტის ბათილად ცნობა;

 

1.2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2018 წლის 23 იანვრის № 23/01/2018 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, მოპასუხის მიერ ჩატარდა შპს ,,ა------- კ-–----ის" (საიდენტ. კოდი 2--------) გორის № 1 ფილიალის შემოწმება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის - ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების" - კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების სისწორეზე 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდზე, რა დროსაც დადგინდა, რომ 533 შემთხვევაში ,,ძირითად კონტიგენტში" დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი მაშინ, როდესაც ეს ბენეფიციარები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ ,,დამატებით კონტიგენტში", რის გამოც შპს ,,ა------- კ-–----ამ" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიიღო 9 577,65 ლარი;

 

მოსარჩელის მითითებით, ეს პრობლემა გამოწვეული იყო საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამული ხარვეზით - პროგრამა ბენეფიციარს ავტომატურად სვამდა ,,ძირითადი კონტიგენტის" სიაში, თუნდაც ეს პირი რეგისტრირებული ყოფილიყო სოფელში; ცდომილებები მოხდა მექანიკურად და არა წინასწარი განზრახვით, მიეღოთ მეტი ფინანსები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

გარდა იმისა, რომ ეს ხარვეზი გამოწვეული იყო საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამული ხარვეზით (რაც შემდგომში გასწორდა) და ამაში არ იყო შპს ,,ა------- კ-–----ის" ბრალი, ამავე დროს მოსარჩელეზე დაკისრებული ჯარიმა (პირგასამტეხლო) შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას; 2013-2014 წლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო თითოეულ შემთხვევაზე ასანაზღაურებელი თანხის 0,5%-ი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა, ხოლო შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შედეგად - პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ,,სააგენტო” მოქმედებდა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და მოსარჩელის მიერ მოყვანილი გარემოებები ვერ გამოიწვევს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას. საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოებას რაიმე სახის პროგრამული ხარვეზი არ გააჩნდა - ბენეფიციართა ,,ძირითად" თუ ,,დამატებით" კონტიგენტად რეგისტრაცია წარმოებდა რაიმე შეფერხების გარეშე; საყოველთაო ჯანდაცვის დაწყების საწყის ეტაპზე მომსახურების მიმწოდებლებს უწევდათ მრავალი ბენეფიციარის უშუალოდ დარეგისტრირება, რა დროსაც შესაძლოა, მომხდარიყო ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების მთლიანად დროებით შეფერხება, თუმცა ელექტრონულ პროგრამას ბენეფიციართა ,,ძირითად" თუ ,,დამატებით" კონტიგენტად რეგისტრაციის კომპონენტში რაიმე ხარვეზი არ გააჩნდა; შემდგომში ამ პროგრამაში მოხდა მხოლოდ ერთი ფუნქციის - ,,კომენტარის ველის" - გაუქმება, და ამ ცვლილებას ბენეფიციართა ,,ძირითად" თუ ,,დამატებით" კონტიგენტად რეგისტრაციაზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია.

 

მოსარჩელეზე დარიცხული ჯარიმების ოდენობა სრულად შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს - ძველ პერიოდზე დაანგარიშებულია ასანაზღაურებელი თანხის 0,5%-ით, ხოლო შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შედეგად - პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,ა------- კ-–----ამ" გამოთქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და 2013 წლიდან, როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი" ნებაყოფლობით ჩაერთო ამ პროგრამაში;

 

მტკიცებულება: სადავოდ გამხდარი აქტები, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ ჩატარდა შპს ,,ა------- კ-–----ის" გორის № 1 ფილიალის შემოწმება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის - ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების" - კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების სისწორესთან დაკავშირებით 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდზე, რა დროსაც დადგინდა, რომ 533 შემთხვევაში ,,ძირითად კონტიგენტში" დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი მაშინ, როდესაც ეს ბენეფიციარები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ ,,დამატებით კონტიგენტში", რის გამოც შპს ,,ა------- კ-–----ამ" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიიღო 9 577,65 ლარი;

 

მტკიცებულება: სადავოდ გამხდარი აქტები, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. შპს ,,ა------- კ-–----ას" სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ დაერიცხა ჯარიმა - 24 679,12 ლარი.

 

მტკიცებულება: სადავოდ გამხდარი აქტები, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ 533 შემთხვევაში ,,ძირითად კონტიგენტში" დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი მაშინ, როდესაც ეს ბენეფიციარები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ ,,დამატებით კონტიგენტში", რის გამოც შპს ,,ა------- კ-–----ამ" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიიღო 9 577,65 ლარი; ეს ქმედება კი გამოწვეული იყო არა საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამული ხარვეზით, არამედ მოსარჩელის ბრალით; ამავე დროს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმა არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2013 წლის 12 აპრილის № 04-185/ო ბრძანება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებით) დანართი № 1-ს მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს; ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ შპს ,,ა------- კ-–----ამ" გამოთქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და 2013 წლიდან, როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი" ნებაყოფლობით ჩაერთო ამ პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამაში ჩართვით მხარეებს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება;

 

იმის გამო, რომ შპს ,,ა------- კ-–----ა", როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი" ნებაყოფლობით ჩაერთო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რითაც მხარეებს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, შეესრულებინა და დაეცვა ამ მომსახურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2013 წლის 12 აპრილის № 04-185/ო ბრძანებით დამტკიცებული იქნა მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ამსახველი, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში” წარსადგენი ელექტრონული ანგარიშგების ფორმა, რომლის მიხედვითაც ,,ძირითადი კონტიგენტის" რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურეოების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში, ხოლო ,,დამატებითი კონტიგენტის" რაოდენობაში - სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს სოფელში.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ შპს ,,ა------- კ-–----ის" გორის № 1 ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში 533 შემთხვევაში ,,ძირითად კონტიგენტში" დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი.

 

აქედან გამომდინარე, მითითებული პირები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ არა ,,ძირითად", არამედ ,,დამატებით" კონტიგენტში.

 

ამ ქმედების შედეგად კი შპს ,,ა------- კ-–----ამ" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიიღო 9 577,65 ლარი.

 

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით (2014 წლის 7 თებერვლის ცვლილებამდე მოქმედი რედ.), თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის 0,5%-ით, მაგრამ არაუმეტეს თვეში ჯამურად 3 000 ლარისა.

 

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტში 2014 წლის 7 თებერვალს განხორციელდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით.

 

მითითებულ პუნქტში 2015 წლის 23 თებერვალს კვლავ შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით.

 

მითითებული პუნქტი 2017 წლის 1 თებერვლიდან ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებულმა თანხამ შეადგინა 9 577,65 ლარი, რაზეც დარიცხული ჯარიმის ოდენობა 15 101,47 ლარია, საიდანაც 10,19 ლარი 2013 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით დარიცხული ჯარიმაა, ხოლო 15 091,28 ლარი - 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით დარიცხული ჯარიმა, სულ - 24 679,12 ლარი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

როგორც აღინიშნა, შპს ,,ა------- კ-–----ასა" და სახელმწიფო შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ნებაყოფლობით ჩართვით დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, და მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, შეესრულებინა და დაეცვა ამ მომსახურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ა------- კ-–----ის" გორის № 1 ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში 533 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი, რის გამოც მითითებული პირები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ არა ,,ძირითად", არამედ ,,დამატებით" კონტიგენტში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ ამ 533 შემთხვევაში ,,შეცდომა" მოხდა საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამული ხარვეზით;

 

ელექტრონული საქმის წარმოების თავისებურებიდან, კომპიუტერული პროგრამირების სირთულისა და ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნისას არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც გააჩნდეს მას პროგრამული ხარვეზი, მით უფრო მისი დანერგვის საწყის ეტაპზე, და ასეთ შემთხვევაში ამ ხარვეზის არსებობის დამტკიცება მომხმარებლის მხრიდან გართულებული იყოს, თუმცა შპს ,,ა------- კ-–----ას" არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ 2013-2014 წლებში, როდესაც მოხდა მითითებული დარღვევების უმეტესობის დაშვება, მიემართოთ წერილობით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის" წერილობითი პრეტენზიით საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ,,ძირითად კონტიგენტში" ბენეფიციართა რეგისტრაციით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხდება კ-–----ისათვის უფრო მეტი თანხის გადაცემა, ვიდრე ეს ხდება ,,დამატებითი კონტიგენტის" შემთხვევაში, სასამართლოს ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნია, რომ 533 შემთხვევა მექანიკური შეცდომით იყო გამოწვეული.

 

თუნდაც მექანიკური შეცდომით ,,ძირითად კონტიგენტში" ბენეფიციართა არასწორი რეგისტრაცია არ გამორიცხავს შპს ,,ა------- კ-–----ის" ბრალეულობას და არ აქარწყლებს მის პასუხისმგებლობას ჩადენილ დარღვევასთან მიმართებაში, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვისაც (992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი).

 

საბოლოო ჯამში, ის ფაქტი, რომ მითითებული 533 შემთხვევა გამოწვეული იყო საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამულ ხარვეზით ან იმგვარი სახის ,,მექანიკური შეცდომით", რაც გამორიცხავდა შპს ,,ა------- კ-–----ის" ბრალეულობას ჩადენილ ქმედებაში, არ დასტურდება.

 

მოცემულ საკითხთან მიმართებაში მდგომარეობას ვერ ცვლის ის, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, შპს ,,ა------- კ-–----ას" შემოწმებულ პერიოდში ,,დამატებით კონტიგენტში" რეგისტრირებული ყავს ბენეფიციართა მცირე რაოდენობა, რომლებიც განეკუთვნებიან ,,ძირითად კონტიგენტში" დასარეგისტრირებელ პირებს, და ამის გამო მოსარჩელეს კაპიტაციის გზით ამ პირებზე მიღებული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაკლები დაფინანსება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს საკითხი ცალკე მსჯელობის საგანია, და ამგვარი შემთხვევების არსებობა არ ადასტურებს მითითებული 533 ფაქტის მართლზომიერებას ან გამორიცხავს შპს ,,ა------- კ-–----ის" ბრალეულობას ჩადენილ დარღვევებში.

 

როგორც აღინიშნა, დასახელებულ დარღვევებზე 2014 წლის თებერვლიდან პასუხისმგებლობა გამკაცრდა; იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტაციის გზით (ანუ ყოველთვიურად) იღებდა დაფინანსებას (მიუხედავად იმისა, რეალურად მიიღებდა თუ არა ბენეფიციარი მომსახურებას), საჯარიმო თანხის გადაანგარიშება და დაკისრება 2014 წლის თებერვლამდე არასწორად რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე მიღებულ თანხებზე ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით 2014 წლის თებერვლიდან, კანონიერია.

 

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო - კომპეტენციის ფარგლებში) ვალდებულია, პროგრამის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად;

 

აქედან გამომდინარე, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო", როგორც პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება, უფლებამოსილი იყო, დაეკისრებინა შპს ,,ა------- კ-–----ისთვის" საჯარიმო სანქცია.

 

დაკისრებული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის 2014 წლის 7 თებერვლის ცვლილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობა - მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

კანონმდებლობით, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს პირის კანონიერი ინტერსები.

 

იმგვარ პირობებში, როდესაც მოსარჩელე წლებია, დაფინანსებას იღებს კაპიტაციით, ამავე დროს სანქციის ოდენობა განსაზღვრულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით”, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა განსახილველ საქმესთან მიმართებაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ჯარიმის 15 101,47 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში არ აყენებს მოსარჩელეს, და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული; მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია პირგასამტეხლოს შემცირება.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;

 

კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ხელშეკრულების დადების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

 

ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც - 15 101,47 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით" განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში მონაწილე პირთა კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 740,37 ლარის გადახდის ქვითრები.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შპს ,,ა------- კ-–----ის” სარჩელი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ჯარიმის 24 679,12 ლარის დაკისრების შესახებ 2017 წლის 16 ნოემბრის № 2017/16/11/02 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. შპს ,,ა------- კ-–----ის” სარჩელი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 23 იანვრის № 23/01/2018 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ა------- კ-–----ის” მიერ 2018 წლის 12 მარტს (რეფერენსი № 6386772379) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 453,05 ლარი და 2018 წლის 18 ივნისს (რეფერენსი № 6729227801) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 287,32 ლარი (სულ 740,37 ლარი) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი