გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310017002214122
საქმე № 3/356-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: მ-----–- ტ------–---–ი
წარმომადგენელი: ლ-- ტ------–---–ი
მოპასუხე: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი: ნ----- ბ------–---–-
მესამე პირები: მ----- ბ--------ე და ლ-- ო------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ 2015 წლის 26 მარტის № A14085697-015/001 განკარგულების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, კასპში, კ--------ს ქ. № 5/6-ში მდებარე, № 6--0--0--3---0--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ირიცხებოდა მ-----–- ტ------–---–ის სახელზე (პირ. № 2----------), რაც იპოთეკით იყო დატვირთული ლ-- ო------–---–ისა (პირ. № 0----------) და ნ-----–- ბ-------ის (პირ. № 0----------) სასარგებლოდ;
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს დაუწყია სააღსრულებო წარმოება ამ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით;
მ-----–- ტ------–---–ს არ ჩაბარებია წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და მისთვის საერთოდ უცნობი იყო სააღსრულებო წარმოების თაობაზე;
სააღსრულებო ბიუროს საფოსტო გზავნილი იმის შესახებ, რომ მ-----–- ტ------–---–ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა აღსრულების პროცესი და შესაძლოა, აუქციონზე გაყიდულიყო მისი კუთვნილი უძრავი ქონება კრედიტორის წინაშე არსებული ვალის უზრუნველსაყოფად, მ-----–- ტ------–---–ს არ ჩაბარებია. საფოსტო სამსახურის მიერ სააღსრულებო ბიუროში გაგზავნილი და სასამართლოში წარმოდგენილი ელექტრონული რეესტრის ჩანაწერი, რომ სააღსრულებო ბიუროს გზავნილი უშუალოდ ჩაბარდა მ-----–- ტ------–---–ს, არ შეესაბამება სიმართლეს, და რეესტრის ამ ჩანაწერში დაფიქსირებული ხელმოწერა ,,მ. ტ------–---–ი" არ ეკუთვნის ადრესატს - მ-----–- ტ------–---–ს.
2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია
მოპასუხემ და მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით. სააღსრულებო ბიურომ შეასრულა კანონის მოთხოვნა და წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გაუგზავნა მ-----–- ტ------–---–ს, რაც, საფოსტო სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით, უშუალოდ ჩაბარდა მას; სხვა მოქმედებების ამ წესით შეტყობინების ვალდებულება სააღსრულებო ბიუროს არ გააჩნდა.
აუქციონის გამართვამდე ლ-- ო------–---–ის მიერ არაერთხელ ეთხოვა მ-----–- ტ------–---–ს, რომ ნებაყოფლობით დაეფარა სესხი, თუმცა მისი თხოვნა უგულვებელყოფილი იქნა. ჩატარებული აუქციონის შედეგად იგი გახდა ამ უძრავი ქონების მესაკუთრე, რაც შემდგომ გაასხვისა მ----- ბ--------ეზე (პირ. № 0----------).
მ----- ბ--------ის განმარტებით, იგი არის ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტორივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ერთი მხრივ, ნ-----–- ბ-------სა და ლ-- ო------–---–ს და, მეორე მხრივ, მ-----–- ტ------–---–ს შორის 2013 წლის 18 თებერვალს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 8 000 აშშ დოლარზე, რომლის გადახდის უზრუნველსაყოფადაც (მათ შორის სარგებლის) იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის - მ-----–- ტ------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე კასპში, კ--------ს ქ. № 5/6-ში, საკადასტრო კოდით 6--0--0--3---0--5--; სესხი და პროცენტები უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 18 მაისს;
მტკიცებულება: 2013 წლის 18 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება № 130140196 (ს. ფ. 67-70).
3.2.2. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე სანოტარო ორგანოს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ლ-- ო------–---–ი, ხოლო მოვალეს - მ-----–- ტ------–---–ი, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა იმავე დღეს და დაიწყო აღსრულება;
მტკიცებულება: სააღსრულებო ფურცელი № 141272434 (ს. ფ. 61-66).
3.2.3. სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მ-----–- ტ------–---–ს 2014 წლის 24 ნოემბერს კასპში, კ--------ს ქ. № 5-ში გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც, შპს ,,ს----------–------------ს" მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, უშუალოდ ადრესატს ჩაბარდა 2014 წლის 27 ნოემბერს;
მტკიცებულება: წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს. ფ. 73-77), ინფორმაცია გზავნილის ჩაბარების შესახებ და ,,მ. ტ------–---–ის" ელექტრონულ რეესტრში გაკეთებული ხელმოწერა (ს. ფ. 78-79).
3.2.4. სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2015 წლის 20 იანვარსა და 2015 წლის 23 იანვარს იმყოფებოდა მ-----–- ტ------–---–ის ბინასთან, თუმცა ბინაში შესვლა ვერ მოხერხდა, რადგან ბინა ორჯერვე დახვდა დაკეტილი;
მტკიცებულება: სააღსრულებო მოქმედების ჩატარების შესახებ 2015 წლის 20 იანვრისა და 2015 წლის 23 იანვრის ოქმები (ს. ფ. 113-116).
3.2.5. მ-----–- ტ------–---–ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შეფასდა 29 000 ლარად (15 000 აშშ დოლარად); ბინაში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა;
მტკიცებულება: 2015 წლის 21 იანვრის № 02/22-0013 დასკვნა (ს. ფ. 105-112).
3.2.6. სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2015 წლის 6 თებერვალს მოხდა იპოთეკით დატვირთული ქონების აღწერა-დაყადაღება;
მტკიცებულება: ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 6 თებერვლის აქტი (ს. ფ. 117).
3.2.7. სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მითითებულ უძრავ ქონებაზე გამოცხადდა აუქციონი, რაც განთავსდა შესაბამის ვებგვერდზე; აუქციონი ჩატარდა 2015 წლის 27 თებერვლიდან 2015 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რა დროსაც მისი შემძენი 1 400 ლარად განმეორებით აუქციონზე გახდა ლ-- ო------–---–ი;
მტკიცებულება: ქონების აუქციონზე გატანის შესახებ სააღსრულებო ბიუროს განცხადებების ვებგვერდზე განთავსების მონაცემები, თანხის გადახდის შესახებ 2015 წლის 26 მარტის № A14085697-014/001 ცნობა (ს. ფ. 132-140);
3.2.8. აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ლ-- ო------–---–ის სახელზე გაიცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ, რის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მის სახელზე;
მტკიცებულება: 2015 წლის 26 მარტის № A14085697-015/001 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ (ს. ფ. 141-142).
3.2.9. აღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 10 აპრილს აღირიცხა მ----- ბ--------ის სახელზე;
მტკიცებულება: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 186-189).
3.2.10. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩნებით დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა იმ საკითხის გარკვევის მიზნით, შპს ,,ს----------–------------ს" მიერ სააღსრულებო ბიუროში გაგზავნილ (ს. ფ. 79) და 2018 წლის 30 მარტის № POST 18 00007037 მომართვაზე თანდართული ელექტრონული რეესტრის ჩანაწერში (ს. ფ. 213-214) აღნიშნული ხელმოწერები ,,მ. ტ------–---–ი" შესრულებული იყო თუ არა მ-----–- ტ------–---–ის მიერ, რომლის გარკვევაც ვერ მოხერხდა დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის გამო.
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩნება (ს. ფ. 226-229), სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს” 2018 წლის 9 ივნისის № 5003392618 ნონართვა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც გასაჩივრებული აქტის გამოცემისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა არ დასტურდება; საქმის მასალების მიხედვით, წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ჩაბარდა უშუალოდ მოსარჩელეს, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის საფუძვლიანობას; ამავე დროს, სარჩელი ხანდაზმულია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან.
ამასთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს სააღსრულებო მოქმედებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაცნობის სპეციალურ წესს, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული სარჩელის ხანდაზმულობის შესწავლის კუთხითაც.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით; მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, სააღსრულებო ბიუროს მიერ მოხდა თუ არა მ-----–- ტ------–---–ის ინფორმირება აღსრულების დაწყების შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, რამდენადაც სხვა დარღვევაზე, რის გამოც ასევე მოითხოვდა მოსარჩელე ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას, იგი არ უთითებს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედ.), ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
როგორც აღინიშნა, სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მ-----–- ტ------–---–ს 2014 წლის 24 ნოემბერს კასპში, კ--------ს ქ. № 5-ში გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც, შპს ,,ს----------–------------ს" მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (ინფორმაცია გზავნილის ჩაბარების შესახებ და ,,მ. ტ------–---–ის" ელექტრონულ რეესტრში გაკეთებული ხელმოწერა) მიხედვით, უშუალოდ ადრესატს ჩაბარდა 2014 წლის 27 ნოემბერს;
მოსარჩელის მითითებით, ეს ხელმოწერა მას არ ეკუთვნის;
აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა, თუმცა ობიექტური მიზეზის გამო მისი ჩატარება ვერ მოხერხდა;
საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული იქნა შპს ,,ს----------–------------ს" კურიერი ზ---- გ----------ე, რომელმაც განმარტა, რომ მ-----–- ტ------–---–ს სააღსრულებო ბიუროს გზავნილი (წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ) უშუალოდ ჩააბარა არა გზავნილზე მითითებულ მისამართზე (კასპი, კ--------ს ქ. №5), არამედ ადრესატის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში, ე. წ. ტრაქტორების პარკთან; ჩაბარება ადრესატმა დაადასტურა როგორც ელექტრონულ რეესტრში ხელმოწერით, ასევე ჟურნალის ქაღალდის ეგზემპლარზე (ჟურნალის წარმოდგნა ვერ მოხერხდა ხანდაზმულობის გამო მისი განადგურების მიზეზით, ს. ფ. 212).
მისი მითითებით, ქალაქ კასპში აღნიშნული გზავნილი წაიღო სხვა კურიერმა, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც განისაზღვრებოდა ქალაქ კასპით, თუმცა გზავნილი უკან დააბრუნა, რადგან კასპში, კ--------ს ქ. №5-ში ადრესატი არ დახვდა; ეს კურიერი ცხოვრობს სოფელ მ-----ში და მან იცოდა, რომ მ-----–- ტ------–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობდა ამ სოფელში, რის გამოც გზავნილი მან (ზ---- გ----------ემ) წაიღო ჩასაბარებლად, რადგან სოფელი მ-----ი განეკუთვნება მის სამოქმედო ტერიტორიას.
ადრესატს გზავნილი ბარდება მხოლოდ პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ; დაუშვებელია და, მისი განმარტებით, არასდროს მომხდარა, რომ ადრესატისათვის პირადობის მოწმობის (ან მართვის მოწმობის) გარეშე გადაეცა გზავნილი, ან სხვა პირისათვის ჩაებარებინა და ხელმოწერა გაეკეთებინა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ მ-----–- ტ------–---–ის ინფორმირება მოხდა კანონის სრული დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ზ---- გ----------ემ ამ გზავნილის ადრესატად სასამართლო სხდომაზე მიუთითა მესამე პირზე - მ----- ბ--------ეზე.
როგორც აღინიშნა, გზავნილის ჩაბარება მ-----–- ტ------–---–ზე მოხდა 2014 წლის 27 ნოემბერს, რა დღიდანაც გასულია თითქმის 4 წელი, და შესაძლოა, მოწმის ეს მითითება დიდი დროის გასვლით იყო გამოწვეული.
ამასთან, მისი ჩვენება, რომ კასპში, კ--------ს ქუჩაზე გაგზავნილი კორესპონდენცია დაბრუნებული იქნა უკან ადრესატის ბინაზე არყოფნის გამო, სრულ თანხვედრაშია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომ აღმასრულებელი 2015 წლის 20 იანვარსა და 2015 წლის 23 იანვარს იმყოფებოდა მ-----–- ტ------–---–ის ბინასთან, თუმცა ბინაში შესვლა ვერ მოხერხდა, რადგან ბინა ორჯერვე დახვდა დაკეტილი, რომ მ-----–- ტ------–---–ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შეფასდა ისე, რომ ბინაში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება შესაძლოა, გაიგზავნოს ფოსტით; ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს; ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად; უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მ-----–- ტ------–---–ს უშუალოდ ჩაბარდა 2014 წლის 27 ნოემბერს, რაც დასტურდება ელექტრონულ რეესტრში გაკეთებული მისი ხელმოწერით, სადაც აღნიშნულია ასევე მისი პირადი ნომერი;
ამ ფაქტის გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა, და შესაბამისად, ეს გარემოება დამტკიცებულებად და დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს.
სააღსრულებო ბიუროს მხრიდან სადავოდ გამხდარი სააღსრულებო წარმოებისას კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მ-----–- ტ------–---–ის ინფორმირება სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ, რაც სავალდებულო წინაპირობაა შემდგომი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისათვის, მოხდა ყველა იმ პროცედურის დაცვით, რაც გათვალისწინებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რის გამოც არ არსებობს 2015 წლის 26 მარტის განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–- ტ------–---–ის სარჩელი ხანდაზმულიცაა შემდეგ გარემოებათა გამო:
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 26 მარტის № A14085697-015/001 განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის დებულებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება, აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.
როგორც აღინიშნა, წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მ-----–- ტ------–---–ს უშუალოდ ჩაბარდა 2014 წლის 27 ნოემბერს.
ამ წინადადებით მოსარჩელეს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებები, ამასთანავე, მას ეცნობა, რომ აღნიშნული წინადადების მიღებისთანავე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობებინა თავისი პოზიციის შესახებ, იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა, მათი მიმდინარეობის დროის, ადგილისა და მდგომარეობის შესახებ მოსარჩელეს განემარტა, რომ შეეძლო, სააღსრულებო მოქმედებებათა შინაარსიდან გამომდინარე, მიეღო დეტალური ინფორმაცია აღმასრულებლისგან მიმართვის საფუძველზე, რომლის რეკვიზიტები და ტელეფონის ნომერი მითითებულია წინადადებაში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, შესაბამისად, ზემოაღნიშნული განმარტებები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ ეწინააღმდეგება მის მოთხოვნებს.
ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი’’ (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის № 21 ბრძანებით) ადგენს სააღსრულებო მოქმედებათა და სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესს, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: აუქციონის დაწყების და დასრულების დროს; აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი; განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%; გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ფასის მატების ბიჯის ოდენობას; აუქციონის ჩატარების პროცედურებს; ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე.
მითითებული ნორმატიული აქტის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge , ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
ამდენად, აუქციონის შედეგების შესახებ მხარეების ინფორმირების სპეციალური წესია დადგენილი ზემოაღნიშნული კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიულ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც გულისხმობს მათთვის აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გაცნობის განსხვავებულ წესს იმისგან, რასაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ეს წესი კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად მხარეები არიან ვალდებულები, გაეცნონ ინტერნეტ ვებგვერდზე განთავსებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის მოცემული წესით განთავსება ინტერნეტში არის პრეზიუმირება იმისა, რომ დაინტერესებული მხარეები მის შინაარსს გაცნობილები არიან.
ამდენად, საკითხი იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი, მოცემულ სამართალურთიერთობაზე გავრცელებული ვერ იქნება, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის რეგულაციაზე გავრცელებული უნდა იქნეს მისი მარეგულირებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სადავო განკარგულების გაცნობის სპეციალური წესი, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებასა და დაინტერესებული პირის მიერ მის გაცნობას ინტერნეტ ვებგვერდზე.
სააღსრულებო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ 2015 წლის 26 მარტის განკარგულება შეიქმნა და ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში განთავსდა იმავე დღეს, შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა მოსარჩელისათვის უნდა აითვლოს ამ დროიდან, რამდენადაც მ-----–- ტ------–---–ი ვალდებული იყო, თვითონ მიეღო ზომები და ყურადღება მიექცია სააღსრულებო წარმოებისათვის და ამ პროცესში აღმასრულებლის მიერ მიღებული აქტებისა თუ ქმედებებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავოდ გამხდარი განკარგულების გასაჩივრების ვადა მოსარჩელისათვის ამოიწურა ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში, სარჩელი კი სასამართლოში აღძრა 2017 წლის დეკემბერში, ანუ 2 წლის შემდეგ, რაც, გარდა იმისა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ცალსახად მიუთითებს ამ სარჩელის ხანდაზმულობაზეც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----–- ტ------–---–ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ 2015 წლის 26 მარტის № A14085697-015/001 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ლ-- ტ------–---–ის მიერ 2017 წლის 13 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (რეფერენსი 1844504474) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი