გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002244606
N3/1-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.05.2018 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ზვიადაძე
სხდომის მდივანი: ლია დარჩია
მოსარჩელე: ლ-------ძე
მოპასუხე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: შ------------ავა
დავის საგანი: საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს ფულადი კომპენსაცია ლ-------ძის სასარგებლოდ 1400 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 13 მაისის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის N160 ბრძანებით შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ლ-------ძე.
გათავისუფლებისას ლ-------ძის მიმართ არ გაცემულა კომპენსაცია. ლ-------ძის თანამდებობრივი სარგო გათავისუფლების მომენტში შეადგენდა 700 ლარს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარის განმარტებით მოსარჩელე ლ-------ძე გათავისუფლებიდან ორი დღის შემდეგ დაინიშნა ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი-სერვისში'' განათების სპეციალისტად. ფაქტობრივად მოხდა მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანა და შესაბამისად მოთხოვნა უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საჯარო სამსახურის შესახებ 108-109-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს განთავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც''
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის.''
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,განთავისუფლებაზე უარის თქმა, თუ მოხელე გაფრთხილებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიძლება მხოლოდ მოხელის წერილობითი თანხმობით. უარის შემთხვევაში მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან იმავე საფუძვლით და ეძლევა ამ კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.''
,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.''
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-------ძე გათავისუფლდა თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო და შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული. ის რომ ლ-------ძემ ორი დღის შემდეგ დაიწყო მუშაობა ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი-სერვისში'' ვერ გახდება კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისაგან გათავისუფლების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;''
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმზე სარჩელის უზურუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 2591 -ა, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე ლ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 მოპასუხე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გასცეს საკომპენსაციო თანხა მოსარჩელე ლ-------ძის სასარგებლოდ ორი თვის თანამდებობრივი სარგო 1400 (ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
2. მხარეები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე