გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2018
საქმის ნომერი
080210016001508273
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2/2216-16/17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09.07.2018 წელი ქ.ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - მირანდა ბარბაქაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,უ---------–---’’

წარმომადგენელი - ა-–---------- თ-----–-–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,------------------------’’

წარმომადგენელი - დ-------- ტ------ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე შპს ,,ე----------------------’’-ს (ს/ნ 2--------) შპს ,,უ---------–---’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის ივლისის და აგვისტოს თვეში შპს ,, უ---------–---’’-ს მიერ შპს ,,------------------------’’-სათვის მიწოდებული საქონლის (შებენი და ხრეში) ღირებულება 5500 (ხუთიათასხუთასი) ლარი.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 27 ივნისს შპს ,,უ---------–---’’-ს და შპს ,,------------------------’’-ს შორის გაფორმებული იქნა მომსახურების ხელშეკრულება #270615-01, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, რ---------–ის გამზირის #1---ში მოპასუხის კუთვნილ მიწაზე, შენობის დანგრევა-ნაგვის გატანისა და საძირკვლის მოჭრის სამუშაოების შესრულება. ასევე განისაზღვრა სამუშაოს ღირებულება და ანგარიშსწორების წესი. მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 14650 ლარს. ხელშეკრულების დანართი #1-ში მითითებულ იქნა შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, მოცულობა და ღირებულება.

 

გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მომსახურებისა, გაწეულ იქნა სხვა სამუშაოები. კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში მიაწოდა ,,შებენი’’ და ,,ხრეში’’ 5500 ლარის ღირებულების. შესრულებული სამუშაო, პერიოდი, მიწოდებული საქონლის რაოდენობა, დასახელება, ღირებულება, გამყიდველის და მყიდველის ვინაობა დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით.

 

მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხემ არ გადაიხადა 5500 ლარი, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს მოსარჩელეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხისათვის 5500 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელესთან მომსახურების ხელშეკრულების დადების ფაქტს და მიუთითებს, რომ სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება მხარეებს შორის არ წარმოშობილა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. მხარეებს შორის ვალდებულების შესრულებას ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც თარიღდება 2015 წლის 15 ოქტომბრით, მას ხელს აწერენ მხარეები. ამ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ყველა სამუშაო აღწერილი და დადასტურებულია მიღება-ჩაბარების აქტით, ანუ, თუ მოსარჩელეს იმავე ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა განხორციელებული დამატებითი სამუშაო ან დამატებითი მიწოდება, შეეძლო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას შეეტანა შესრულებულ სამუშაოთა ნუსხაში ან/და დაეყენებინა მოთხოვნა. მსგავსი მოთხოვნის საფუძვლები მოსარჩელეს არ გააჩნდა და არც დაუყენებია.

 

შენობის დემონტაჟს შებენი და ხრეში არ სჭირდება, ის სჭირდებოდა თავად მოსარჩელეს, როცა მიწას ჭრიდა 1.8 მ სიღრმეზე (ხელშეკრულების მიხედვით), უნდა მოეწყო ესტაკადა იმისთვის, რომ მანქანა ჩასულიყო და მიწა გამოეტანა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა შპს ,,ე-----------------------’’-ს ხარჯს. მოსარჩელეს ხელშეკრულების ფარგლებში უნდა მოეჭრა მიწა 1.8 მ-ზე და გაეტანა იგი. ამ შესრულების ფასი განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით. თუ როგორ მოახდენდა მხარე ამ ვალდებულების შესრულებას, ზემოდან მიწის გატანით, თუ ქვემოდან-ესტაკადის მოწყობით, აღნიშნული არ წარმოადგენდა მოპასუხის პრეროგატივას და არც დამატებითი ხარჯის გაწევის საფუძველს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მათთან სხვა მიწოდების დოკუმენტები არ არის, რადგან მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული აქვს. ამიტომაც სარჩელი როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 27 ივნისს შპს ,,უ---------–---’’-ს და შპს ,,------------------------’’-ს შორის გაფორმდა (ფიქსირებული ღირებულებით) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 1-ლი პუნქტის თანახმად, შპს ,,უ---------–---’’ იღებს ვალდებულებას, ქ.ქუთაისში, რ---------–ის გამზირზე #1---ში, შპს ,,ე----------------------’’-ის კუთვნილ მიწაზე შეასრულოს შემდეგი სამუშაოები: ა) შენობის დანგრევა - ნაგვის გატანა; ბ) საძირკვლის მოჭრა. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შეადგენს 14650 (თოთხმეტიათას ექვსასორმოცდაათი) ლარს. შემსრულებლის მიერ სამუშაოს დასრულებისას მხარეთა შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაო ჩაითვლება შესრულებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ ( ს/ფ. 16-18 )

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (ს/ფ 73-75)

 

3.1.2. 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ღირებულება, კონკრეტული ეტაპების მიხედვით, განისაზღვრება დანართი #1-ის შესაბამისად და იგი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორების ფორმა იქნება ნაღდი ან უნაღდო. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია გადასცეს დამკვეთს თანხის გადახდის დამადასტურებელი ,,ჩეკი’’ და სალაროს შემოსავლის ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულება მომსახურების შესახებ ( ს/ფ 16-18 ),- დანართი #1 (ს/ფ 19)

 

3.1.3. 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში. ხოლო 4.3.1.-ე პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია, აუნაზღაუროს შემსრულებელს სამუშაოს ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და წესით.

 

ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედის მასზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ (ს/ფ 16-18)

 

3.1.4. გაწეული მომსახურების საერთო ღირებულებამ დამატებითი ღირებულების ჩათვლით შეადგინა 14650ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აქტი (ს/ფ -129),- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2017 წლის 09 ოქტომბრის და 2018 წლის 20 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი, ს/ფ 252)

 

3.1.5. შპს ,,უ---------–--’’-ის დირექტორი მ--------- ჩ---–--ე გარდაიცვალა და 2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, დირექტორია მისი შვილი, გ------- ჩ---–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ 100-101),-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.6. 2015 წლის 15 ოქტომბერს მხარეებს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა, თავიანთი ხელმოწერებით, დაადასტურეს შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს დამკვეთის მიერ მიღების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-2015 წლის 15 ოქტომბრის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი (ს/ფ 93, 129 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 14650 ლარს. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას 5500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მის მიერ შესრულებული იქნა 5500 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც მოპასუხის მიერ ანაზღაურებული არ არის.

 

3.2.2. წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, 2015 წლის 31 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა შებენი 0.40 მ3, რომლის თანხა დღგ-ს ჩათვლით იყო 3020 ლარი, 460.75ლარი დღგ-ს თანხა=3480.75 ლარი. 2015 წლის 28 აგვისტოს მდგომარეობით - ხრეში 56 მ.კუბ., შებენი 040-82კუბ.მ, საქონლის (მომსახურების) ღირებულება - 2480 ლარი + დღგ-ს თანხა 378.36 ლარი=2858.36 ლარი.

 

საქონლის ტრანსპორტირების ზედნადების თანახმად, ტრანსპორტირებულია 112 მ.კუბ, ხრეში და 191 მ.კუბი შებენი... რომელიც არსებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით იყო ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესასრულებლად შეტანილი ბალასტი (ს/ფ 25) - შებენი (ს/ფ 21-25, 29-35, 37-40, 44, 46-51, 54-59) და ხრეში (ს/ფ 21-28, 36,41-43, 45, 49, 52-53,60-65).

 

3.2.3. მოწმის სახით დაკითხულმა ა--- ა----–--ემ განმარტა, რომ არის შპს ,,უ---------–--’’-ს ბუღალტერი. მის მიერ 2015 წელს მოპასუხე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი იქნა ზედნადებები და ანგარიშფაქტურა ინერტულ საშენ მასალებთან დაკავშირებით, გადახდილი იქნა დღგ-ც და მოგებაც, რაც დადასტურებული იქნა მოპასუხე მხარის მიერ, თანხის კორექტირებაზე მათ არ მიუთითებიათ და არც მისი თანხა 5500 ლარი არ გადაუხდიათ. აღნიშნული მის მიერ ნაჩვენები იქნა 2016 წლის 1 აპრილის ბალანსში, თუმცა საგადასახადოს ამ წელს მათი შემოწმება არ ჩაუტარებია.

 

მისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის ოქტომბერში მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ეწერა ,,მანქანით მიწის გატანა’’, შებენი არ ეწერა და არც იყო აუცილებელი. არც მეორე ანგარიშფაქტურის კორექტირება მომხდარა და არც მეორე მიღება-ჩაბარების აქტი არ ყოფილა შედგენილი, რადგან მისთვის ცნობილი იქნებოდა ამის შესახებ.

 

3.2.4. მოწმის სახით დაკითხულმა აბესალომ თვარაძემ განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,უ---------–--’’-ს იურისტად. იცის, რომ მხარეებს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება ხრეშზე და შებენზე, ვინმეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მანქანების რეისებიც იქნება აღრიცხული. დამატებით შესრულებული სამუშაოსთვის 5500 ლარი რომ გადმორიცხულიყო, ეცოდინებოდა. მანვე განმარტა, რომ ბუღალტერთან ერთდ შედგენილი იყო ერთი მიღება-ჩაბარების აქტი, ორი აქტის შესახებ კი გაიგო, სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ.

 

რაც შეეხება ორგანიზაციის ბეჭედს, ის ჰქონდა ყოველთვის მის ხელმძღვანელს მ--------- ჩ---–--ეს და სხვა პირზე მისი გადანდობა არ ხდებოდა და ამიტომ სხვის ხელში ის ვერ მოხვდებოდა.

 

3.2.4. მოსარჩელე სადავოდ ხდის 2015 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც მოპასუხემ დაურთო თავის შესაგებელს და რომელშიც მითითებულია ,, შებენის და ხრეშის შეტანა’’ - იმ საფუძვლით, რომ მასში ასახული შინაარსი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს და არაა მისი მარწმუნებლის ნება გამოხატული, ხელმოწერა არაა მისი, ხოლო ბეჭედი-გაყალბებულია. მხარეთა შეთანხმებით შედგენილი იყო მხოლოდ ერთი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც არაა და ვერც იქნებოდა მითითება ხრეშის და შებენის შეტანაზე, რადგან აღნიშნულზე მხარეები შეთანხმდნენ დამატებით (ს/ფ 129).

 

მოსარჩელე მხარის მითითებას მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ხელშეკრულების ღირებულება და ის შეადგენდა 14650 ლარს. სხვა რაიმე დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე შეთანხმება არ ყოფილა. მოსარჩელის მიერ ხრეშის და შებენის შეტანა თავად მოსარჩელეს სჭირდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის და შესაბამისად ხელშეკრულება და მისი დანართი მოიცავდა კიდეც ამ შესრულებას.

 

3.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ,,2015 წლის 15 ოქტომბრით (ს/ფ 129), მარჯვენა ქვედა კუთხეში, გრაფაში ,,მომსახურება ჩავაბარე’’ განთავსებული მოიისფრო საღებავი ნივთიერებით დატანილი #212920758 ბეჭდის ანაბეჭდი არ არის შესრულებული რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით, არამედ დასმულია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდით’’ (ს/ფ 193-199).

 

3.2.6. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული იქნა, მიიღო დამკვეთმა 2015 წლის 15 ოქტომბერს და გადაიხადა მისი ღირებულება 14650 ლარი.

 

მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს, ამასთან 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების პირობების თანახმად, მხარეთა მიერ განსაზღვრული იქნა ხელშეკრულების საერთო ღირებულება და ის შეადგენდა 14650 ლარს, რომელიც მოპასუხემ გადაუხადა მოსარჩელეს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს სრულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,უ---------–---’’-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 629-ე, 649-ე მუხლები,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ხოლო 649-ე მუხლით, - თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.

 

2015 წლის 27 ივნისს, შპს ,,უ---------–---’’-ს და შპს ,, ე-----------------------’’-ს შორის გაფორმდა ფიქსირებული ღირებულებით მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მითითებული ნორმის თანახმად, ვალდებულება შესრულებული უნდა იყოს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 15 ოქტომბერს, ის აკმაყოფილებდა ხელშეკრულების პირობებს, დადასტურებულ და ხელმოწერილ იქნა ორივე მხარის მიერ მიღება-ჩაბარების აქტით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ვალდებულება და მოპასუხეს გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შესრულებული სამუშაო. შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 14650 ლარს, რომელიც ანაზღაურებული იქნა კიდეც შპს ,,ე----------------------’’-ის მიერ.

 

6.3. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ 2015 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით შესრულებული მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 14650 ლარს. სხვა რაიმე დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე მხარეებს შორის შეთანხმება არ ყოფილა. მოსარჩელის მიერ ხრეშის და შებენის შეტანა საძირკველში, თავად მოსარჩელეს სჭირდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის, შესაბამისად ხელშეკრულება და მისი დანართი მოიცავდა კიდეც ამ შესრულებას. ამასთან წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები ადასტურებენ, რომ შებენის და ხრეშის მიწოდება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად. რის გამოც სავსებით შესაძლებელია, რომ პირველად შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში მომხდარმა უზუსტობამ, გამოიწვია მეორე აქტის შედგენა იმავე თარიღით, რადგან მასში ასახული ყოფილიყო რეალურად შესრულებული სამუშაოების ოდენობა.

 

ამ დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ საზოგადოების ბეჭედს ფლობდა მხოლოდ შპს ,,უ---------–--’’-ს დირექტორი მ--------- ჩ---–--ე და სხვას მისი გამოყენება არ შეეძლო.

 

ამიტომაც შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდის დადასტურებაა 2015 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი სხვა სამუშაოებთან ერთად, მოიცავს შენობის საძირკველში 112 მ/კუბ. ხრეშისა და 191 მ/კუბ. შებენის შეტანას. ამ აქტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამოკვეთილა, რადგან იგი ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებულია უფლებამოსილ პირთა მიერ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 165 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,უ---------–---’’-ს (წარმომადგენელი ა-–---------- თ-----–-–---–ი) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

 

2. მოსარჩელე შპს ,,უ---------–---’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე მოსამართლე