განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
190100118002400126
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/246-18

(№021290318004)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ზ--------------–--ე, დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–---–------------------–--–------ და ფაქტობრივად მცხოვრები - გ----------------------------–------–------------------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე გ----------------------------–-----–---------ში, მეზობლის დაკრძალვიდან სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნებულმა ზ--------------–--ემ მოისურვა ქ.რუსთავში სამსახურში წასვლა. მეუღლემ - თ---------------ემ მას ურჩია, რომ ვინაიდან იყო ნასვამი, დაესვენა და სამსახურში გამოფხიზლებული წასულიყო. უსაფუძვლოდ გაბრაზდა რა მეუღლის რჩევის გამო, ზ--------------–--ემ თ---------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ დედა აგინა მას, სახის არეში დაარტყა თავი და კარადიდან აღებული ლეპტოპი ჩაარტყა თავში, რითაც თ---------------ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ზ--------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ მან დაადასტურა, რომ მასა და თ---------------ეს შორის ნამდვილად ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში წასვლის გამო, თუმცა ჩხუბის დროს მხოლოდ თავი მიადო ცხვირზე და ლეპტოპი გადააგდო. თ-----მა ის აიღო და კარადაში შეინახა, ამიტომ ვერანაირად ვერ დაარტყავდა თავში. არც თ-----ი გაუგდია სახლიდან, იგი ანერვიულებული იყო და თავად გავიდა მეზობელთან დასამშვიდებლად. ოჯახში კონფლიქტს ხშირად ჰქონდა ადგილი, თ-----ი სულ ეჩხუბებოდა როდესაც ნასვამი მიდიოდა, ასევე სულ საყვედურობდა სიმამრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამ შემთხვევაშიც გაბრაზდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ არ დაურტყამს. ნანობს მომხდარს, რადგან თავი უნდა შეეკავებინა.

 

დაზარალებულმა თ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წელს დაქორწინდა ზ--------------–--ეზე. მათ შორის კონფლიქტის მიზეზი ძირითადად იყო ზ-----ს დამოკიდებულება სასმელზე და მისი ქცევა. ჩხუბის დროს ყველაფერს ლეწავდა. რამდენჯერმე შემაკავებელი ორდერიც არის გაცემული. შემთხვევის დღეს ის ძლიერ ნასვამი იყო, თავს ვერ აკონტროლებდა და სამსახურში წასვლას აპირებდა. მან ურჩია, რომ ასეთ მდგომარეობაში არ წასულიყო, თავიდან ზ-----მ დაუჯერა, დაწვა, მაგრამ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თვითონაც შეეპასუხა, ამაზე ის უფრო გაღიზიანდა და სახეში თავი დაარტყა, ლანძღავდა, მაგიდას ხელი ჰკრა და ლეპტოპი ძირს დააგდო, რომ უთხრა ლეპტოპს რაღას ერჩიო და შეინახა, მან კარადიდან აიღო და თავში ჩაარტყა. შემდეგ უთხრა ზ-----ს რომ მათი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და წასულიყო სახლიდან, თუმცა მან უთხრა, რომ სახლიდან ის და მამამისი წავიდოდნენ და ხელის კვრით გააგდო, კარი მოუჯახუნა და დაუკეტა. განერვიულებული მეზობელთან შევიდა და პოლიციას შეატყობინა.

 

მოწმე დ------------------ე-კ------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი სიძეა და სმენია, რომ მის დას ცუდად ექცეოდა. მამამისს ფულს სთხოვდა და სცემდა კიდეც. თ-----ის ცემას არ შესწრებია, თუმცა მისგან იცის, რომ მარტის თვეში დაარტყა და სახლიდან აგდებდა მას და მამამისს.

 

მოწმე მ-------------------ემ განმარტა, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობელია და ორივესთან ახლო ურთიერთობა აქვს. შემთხვევის დღეს თ-----ი ნამდვილად მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ ზ----- ეჩხუბა და ლეპტოპი ჩაარტყა თავში. ძალიან განერვიულებული იყო შევლას და წყლის დალევას სთხოვდა. მანვე დარეკა პოლიციაში.

 

2018 წლის 29 მარტს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში შევიდა თ---------------ის შეტყობინება, რომლის მიხედვით მასზე ხორციელდებოდა ძალადობა, კერძოდ მეუღლემ სცემა და სახლიდან გააგდო.

 

2018 წლის 30 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ----------------------------–-----–---------ში, ერთსართულიანი საცხოვრებლი სახლი, შესასვლელიდან მარცხნივ მისაღები ოთახია, მოპირდაპირე მხარეს - საძინებელი ოთახი, ხოლო მარჯვენა მხარეს სამზარეულო. საძინებელ ოთახში სხვადასხვა ნივთებია მიმოფანტული, არის არეულ მდგომარეობაში, თაროდან გადმოყრილია სხვადასხვა საოჯახო ნივთები, რომლებიც ყრია იატაკზე. თ---------------ის განმარტებით, აღნიშნული ოთახი არის სწორედ ის ადგილი, სადაც მასსა და ზ--------------–--ეს შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გადაღებული იქნა 21 ფოტოსურათი, რაიმე ნივთები არ ამოღებულა.

 

2018 წლის 30 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულის ჩვენების შემოწმებისა და ფაქტების დაზუსტების მიზნით. თ---------------ემ მიუთითა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახზე და აჩვენა ის ადგილი, თუ სად იძალადა მასზე მეუღლემ. აღნიშნულის შემდეგ მოწმის მითითებით გამოვიდნენ გარეთ და გაემართნენ მეზობლის თ----- სებისკვერაძის სახლის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს დაზარალებულის სახლიდან მარცხნივ. ასევე დაზარალებულმა აჩვენა ის ადგილი, თუ სად შეაფარა თავი. ამის შემდგომ მოწმის მითითებით გაემართნენ მეორე მეზობლის სახლის მიმართულებით, სადაც დაზარალებულმა აჩვენა ის ადგილი, თუ სად იმყოფებოდა პოლიციის მისვლამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ ასევე პოზიტიურ ვალდებულებას. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ დარღვევის შემთხვევაში (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება პასუხისმგებლობის საკითხი თავად სახელმწიფოსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.

 

სახელმწიფო ვალდებულია გამოძიოს ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და ოჯახში ძალადობის ფაქტები, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს დროული და ეფექტიანი. გამოძიების ეფექტურობა გულისხმობს დამოუკიდებელ, მიუკერძოებულ, დროულ და დაზარალებულის საკმარის ჩართულობას. საქმეში Opuz v. Turkey სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს უუნარობა დაეცვა ქალები ოჯახში ძალადობისაგან, არღვევს კანონის წინაშე ქალთა თანასწორუფლებიანობას, აგრეთვე აღრვევს მათ უფლებას ისარგებლონ კანონის დაცვის თანაბარი მექანიზმებით.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ოჯახში ძალადობა შედგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

ბრალდებულის განმარტებას, რომ მასა და დაზარალებულს შორის ადგილი ჰქონდა ძირითადად შელაპარაკებას და ფიზიკური ძალადობა არ ჩაუდენია, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საქმეზე მოწმედ დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც არ ისარგებლა უფლებით ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე და მისცა სასამართლოს სრულყოფილი ჩვენება, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი და ამასთან მიაჩნია, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები დასტურდება შემდეგი გარემოებებით:

 

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ზ--------------–--ესა და თ---------------ეს შორის მომხდარ კონფლიქტს არავინ შესწრებია, თუმცა თ---------------ის ჩვენებას ადასტურებს მეზობელი მ-------------------ე, ყურადსაღებია, რომ დაზარალებული მასთან მივიდა აღელვებული უთხრა ის, რაც რეალურად მოხდა, თ---------------ემ ლეპტოპის თავში დარტყმის შესახებ განაცხადა როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში და აღნიშნული ასევე დაადასტურა მ-------------------ემ. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, რომ თ-----მა ლეპტოპი კარადაში შეინახა და ის აღარ აუღია, სასამართლო აღნიშნავს, რომ თ---------------ის საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათების შედეგად, ოთახი სადაც ცოლ-ქმარმა იჩხუბა, იყო არეული, სხვადასხვა საოჯახო ნივთები ეყარა იატაკზე, ამავე ოქმზე დართული სურათების მიხედვით, ირკვევა, რომ ტანსაცმლის კარადასთან დგას სკამი, ხოლო სკამზე დევს ლეპტოპი. აღსანიშნავია, რომ თ---------------ემ სახლიდან გამოსვლის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში და სახლში დაბრუნდა სწორედ შემთხვევის ადგილის დათვალიერების მომენტისთვის 30 მარტს 01:05 საათზე, მანამდე კი დაიკითხა მოწმის სახით. ბრალდებულის განმარტებით, ლეპტოპი დაგდების შემდეგ თ-----მა კარადაში შეინახა და არცერთ ეტაპზე არ უთქვამს, რომ მანამდე, ან თ-----ის სახლიდან წასვლის შემდეგ, იგი კარადიდან ვინმემ გამოიღო, თუმცა როგორც აღინიშნა, ლეპტოპი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ იდო კარადაში, რაც ადასტურებს დაზარალებულის განმარტებას, რომ ბრალდებულმა ის აიღო და მას ჩაარტყა.

 

ბრალდებულის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ თ---------------ეს დაზიანებები არ აღენიშნება და ასეთი ასევე არ არის აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, სასამართლო მიუთითებს, რომ ცემა და ძალადობა ისეთი ხასიათის მოქმედებებია, რომელიც შედეგად იწვევს ფიზიკურ ტკივილს და თავისი ინტენსივობით მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ფიზიკური ტკივილის შეფასების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე კი სასამართლოს ამ შემთხვევაში დადგენილად მიაჩნია, რომ სახის არეში თავის დარტყმისა და შემდეგ ლეპტოპის თავში ჩარტყმა გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს და ამას ადასტურებს დაზარალებულიც. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ზ--------------–--ეს ისეთი ხასიათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო, მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის მყარად დაფიქსირებას, რაც მოგვიანებით მათზე მეტი ზიანის მომტანი შედეგით სრულდება, მსხვერპლის უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, საქმის განხილვისას განიცდიდა არსებულ ვითარებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა უნდა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მართლწინააღმდეგობა, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და თავის მხრივ ლმობიერმა და ჰუმანურმა სასჯელმა არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი, სასამართლოს შეფასებით, სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ზ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------–--ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, რაც უზრუნვეყოფს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ზ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ზ--------------–--ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 მარტიდან.

 

3. ზ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე