განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/257-18
(№012070418003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივნისი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი,ბრალდებული:
ი---------------–---ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: რ------------------–---------------------–-------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ---------------–----–----–-----------ში;
ადვოკატი: ნინო გიგაური,თარჯიმანი: სევილ ომაროვა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
ი---------------–---ი 2012 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ც---–-----------თან. 2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე მის კუთვნილ ტელეფონზე დაუკავშირდა პირველი მეუღლე, რის გამოც ც---–-----------ამ იეჭვიანა და მისცა შენიშვნა. მათ შორის მითითებული ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი კამათის დროს, ი---------------–---მა ხელის სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმით ც---–-----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად მარცხენა წინამხრის მიდამოში ნაჭდევისა და სხეულზე მრავლობითი სისხლნაჟღენთების სახით და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ ი---------------–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ი---------------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ი---------------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაქორწინებული იყო სხვა ქალბატონზე, ხოლო ამჟამად არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ც---–-----------ასთან. შემთხვევის დღეს, ყოფილმა მეუღლემ ტელეფონზე მისწერა შეტყობინება, ც---–-----------მა იეჭვიანა და ისტერიკა დაემართა. იგი უხსნიდა, რომ არაფერი მასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არ ხდებოდა, თუმცა იგი არ მშვიდდებოდა, სიბრაზისაგან ბოთლი დაამსხვრია და შემდეგ თეფშების დამტვრევა უნდოდა. იგი აწყნარებდა, არ აძლევდა ჩხუბის საშუალებას და ხელები გაუკავა. შემდეგ ცუდად გახდა და 112-ში დარეკა ექიმის გამოსაძახებლად. ცოტა ხანში მათთან საპატრულო პოლიცია მივიდა, გაუკვირდა, რადგან მათ პოლიციის დახმარება არ სჭირდებოდათ. ვინაიდან მან და ც---–ამ ქართული ენა კარგად არ იციან, სიტუაციაში გასარკვევად, მეუღლემ მეზობელს დაურეკა. როგორც მან უთხრა, პოლიციის თანამშრომლები განყოფილებაში წაყოლას სთხოვდნენ. მათ დაინახეს ბოთლის ნამსხვრევებიც და უხსნიდა, რომ ჩხუბის დროს მისმა მეუღლემ გატეხა. ექიმებმა ც---–ას დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ ისიც განყოფილებაში წაიყვანეს. დაკითხვის დროსაც უთხრა, რომ მას მეუღლე არ უცემია. ექიმის გამოძახების დროს ოპერატორს უთხრა, რომ მისი მეუღლე ცუდად იყო და დახმარება სჭირდებოდა. მასა და ც---–-----------ას შორის მომხდარი კამათის დროს, ბავშვს ეძინა საძინებელ ოთახში.
მოწმე ც---–-----------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ი---------------–---თან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან მშობლები წინააღმდეგი იყვნენ მათი ქორწინების. შემთხვევის დღეს სახლში იმყოფებოდა და მისი მეუღლის ტელეფონზე შეტყობინება და ზარი შევიდა, რა ეწერა მისთვის უცნობია, თუმცა რადგან ი--------ის ყოფილი მეუღლის ზარი იყო, იეჭვიანა და ისტერიკა დაემართა. ი--------ი აწყნარებდა, რომ არ ჩერდებოდა, ხელები დაუჭირა და ჩაეხუტა. ყველაფერი მესიჯის გამო მოხდა, ი--------ს მისთვის არ დაურტყამს და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია. ცუდად რომ გახდა, სასწრაფო ი--------მა გამოიძახა და ექიმებთან ერთად პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ. უთხრეს, რომ ზარი შევიდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ქართული ენა კარგად არ ესმის და დასახმარებლად მეზობელს დაურეკა, მან უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში გაყოლას სთხოვდნენ. როგორც აუხსნეს ხელის მოწერა იყო საჭირო და ამით ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ მისი მეუღლე დააკავეს.
მოწმე მ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული თავისი ოჯახით ცხოვრობს ქირით მის მეზობლად. თავად გაქირავებული ბინის მეპატრონეა და მათთან ახლო ურთიერთობა აქვს. შემთხვევის დღეს ტელეფონის ზარმა გააღვიძა და ც---–-----------ა ნამტირალევი ხმით სთხოვდა დახმარებას. სახლში რომ შევიდა, პოლიციის თანამშრომლები ი--------ს ელაპარაკებოდნენ, რაღაცეები თვითონაც უთარგმნა. ი--------ი ეუბნებოდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე კამათი მოუვიდათ და მეუღლის დასამშვიდებლად ექიმი გამოიძახა. ც---–ა ტიროდა და გაურკვევლობაში იყო. ი--------ი მეუღლესთან და ბავშვთან ერთად ქირით დაახლოებით 2 წელია ცხოვრობენ და სხვა დროს მათი კამათი არ გაუგია, მის ინტერესებში არ შედის კონფლიქტურ და პრობლემურ ადამიანებზე ბინის გაქირავება და ასეთ შემთხვევაში ბინას არ გააქირავებს. ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს.
მოწმე დ-------–---–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 7 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. იქ მყოფმა ქალბატონმა განუცხადა მათ, რომ მეუღლესთან კომფლიქტი მოუვიდა ეჭვიანობის ნიადაგზე და მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებული და მეზობელი ქალბატონი, რომელმაც განუმარტა მათ, რომ მეუღლემ ც---–-----------ას თავი მიარტყმევინა კედელზე და ხელები დაწითლებული ჰქონდა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადასტურებდა ასევე ბრალდებულიც. ოთახში გატეხილი ბოთლის ნამსხვრევები ეყარა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ-------------ემ და განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს ქალბატონი ტიროდა, ამბობდა, რომ კომფლიქტის შედეგად მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძახებული იყო სასწრაფო და ექიმმა დახმარება აღმოუჩინა. ქალბატონი თავს იტკიებდა, რადგან მეუღლემ ხელი ჰკრა და კედელს მიეჯახა. სახლში ასევე იმყოფებოდა მეზობელი, რომელიც დასახმარებლად მივიდა მათთან. ოჯახის წევრებს რუსულ ენაზე ესაუბრებოდა. კარი ბრალდებულმა გაუღო და სახლში მშვიდად შეუშვა, ოთახში მინის ნამსხვრევები ეყარა.
მოწმე ლ-----------------ემ და მ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად შედგენილი დოკუმენტების სისწორე.
მოწმე ა-–-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა. კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ც---–-----------ას აღენიშნება ნაჭდევი მარცხენა წინამხრის მიდამოში, მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარცხენა მხარის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე. ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის ადგილს, ხანდაზმულობით 5-6 დღისაა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ ასევე პოზიტიურ ვალდებულებას. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ დარღვევის შემთხვევაში (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება პასუხისმგებლობის საკითხი თავად სახელმწიფოსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასება-ანალიზამდე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს დებულებაზე - დანაშაულის კვალიფიკაციაზე. დანაშაულის კვალიფიკაცია არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებთან ქმედების შესაბამისობის სრული მოცულობით დადგენა, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ზუსტად და სწორად უნდა იყოს დაკვალიფიცირებული, ხოლო თავის მხრივ სრული მოცულობა გულისხმობს კანონში მითითებული კონკრეტული შემადგენლობის ყველა ნიშნის დამთხვევას პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. დანაშაულის შემადგენლობა მოიცავს დანაშაულის ობიექტურ და სუბიექტურ შემადგენლობას. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, როგორც წესი, თავდაპირველად ხდება ობიექტური ნიშნების - ქმედების გარეგანი დახასიათება, ხოლო შემდეგ სუბიექტური ნიშნების - განზრახვის ან გაუფრთხილებლობის დადგენა.
დანაშაული განზრახვითაა ჩადენილი თუ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის გარდაუვალობას ან ასეთი შედეგის დადგომის განხორციელების შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი. ანუ განზრახვა ორ ელემენტს მოიცავს: ქმედების გაცნობიერებას და შედეგის სურვილს.
როგორც განიმარტა ოჯახში ძალადობა განზრახი დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და პირს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ჩადის კანონით აკრძალულ ქმედებას, სურს ან გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომის გარდაუვალობას.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგინდა, რომ ი---------------–---ი და ც---–-----------ა იმყოფებიან არარეგისტირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 7 აპრილს, ი---------------–---ს დაურეკა და შეტყობინება მისწერა ყოფილმა მეუღლემ, რის გამოც ც---–-----------ამ ეჩხუბა მას, უყვიროდა, ისროდა საგნებს და ი---------------–---ი მისი დაწყნარების მიზნით, უჭერდა ხელებს, ეხვეოდა და აკავებდა.
მოცემულ შემთხვევაში, ქმედების შემადგენლობის გარეგნული აღწერა ემთხვევა ოჯახში ძალადობის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის შეფასებას, რომ ი---------------–---ი მოქმედებდა განზრახ, რომ მას ქმედების ჩადენის მომენტში გაცნობიერებული ჰქონდა მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და სურდა ან გულგრილად ეკიდებოდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:
გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ი---------------–---მა 112-ში დარეკა და გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მას შემდეგ, რაც ც---–-----------ა გახდა ცუდად. საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი კი გახდა შ/ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შეტობინება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ პოლიცია დაზარალებულმა გამოიძახა, ხოლო თუკი გავითვალისწინებთ ბრალდებულის ჩვენებას, რომ მან 112-ში ექიმის გამოსაძახებლად დარეკა და არ უთხოვია პოლიციის დახმარება, გაურკვეველია რა გახდა საქმეზე ოჯახში ძალადობით გამოძიების დაწყების საფუძველი.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ გამოძახების შედეგად მივიდნენ ი---------------–---ისა და ც---–-----------ას საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ქალბატონი აღელვებული იყო და უთითებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მის მიმართ ეჭვიანობის გამო. მეუღლეზე ეჭვიანობა რომ გახდა საფუძველი ი---------------–---სა და ც---–-----------ას შორის წარმოშობილი კონფლიქტის, ასახულია ასევე ბრალდების შესახებ დადგენილებაში და აღნიშნულს არც დაცვის მხარე არ ხდის სადავოდ, თუმცა სასამართლო სხდომაზე ნაცვლად იმისა, რომ ი---------------–---მა რამდენჯერმე დარტყა ხელი მეუღლეს სხეულის სხვადასხვა არეში, დადგინა, რომ ი---------------–---ი აწყნარებდა ც---–-----------ას, რომელიც ყვიროდა, როგორც თავად განმარტავს ჰქონდა ისტერიკა, ისროდა საგნებს და შეჩერების მიზნით ბრალდებული ხელებს მაგრად უჭერდა, ხელები მოხვია (ჩაეხუტა) და არ აძლევდა ჩხუბის გაგრძელების საშუალებას.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ის დაზიანებები, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის ცნობებში მითითებულ თარიღს, ც---–-----------ას აღენიშნება ნაჭდევი მარცხენა წინამხრის მიდამოში, რაც რეალურად დაზარალებულის ჩვენებასთან თანხვედრი და შესაბამისი ხასიათის დაზიანებაა, ვინაიდან ხელის მაგრად მოჭერით, დაზიანებები სწორედ ნაჭდევების სახით წარმოიქმნება და ასეთი დაზიანება მას აქვს მხოლოდ ერთ ადგილას, წინამხარეს, ანუ ხელების მოხვევის ადგილას, მაშინ როდესაც თუკი ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ფიზიკური შეურაცხყოფის ინტენსივობას - სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დარტყმას შევაფასებთ, ც---–-----------ას გაცილებით მეტი და სხვა ხასიათის დაზიანებები უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება ბრალდების მხარის განმარტებას, რომ ც---–-----------ას სხეულზე არსებული სხვა დაზიანებები, რომლებიც ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის ცნობებში მითითებულ თარიღს, სავარაუდოდ მიღებული უნდა ჰქონდეს სხვა დროს მომხდარი ძალადობის დროს, სასამართლო ცხადია ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს ასეთი ფაქტის დასადგენად მტკიცებულებების არარსებობის გამო და გარდა აღნიშნულისა, მოწმე, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ჰქონდა თუ არა სხვა დროსაც ადგილი ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტს, განმარტა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია, უფრო მეტიც, ასეთის შემთხვევაში იგი მათ უარს ეტყოდა ბინის დაქირავებაზე.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, სასამართლოს შეფასებით და შემთხვევის ადგილზე შექმნილი ვითარების შედეგად, მათ შეექმნათ სტერეოტიპული შთაბეჭდილება, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობას, ვინაიდან არსებული სიტუაცია გარკვეულწილად იძლეოდა ასეთი დასკვნის გაკეთების საკმარის შესაძლებლობას, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული და დაზარალებული არიან ეროვნებით აზერბაიჯანელები, არ იციან ქართული ენა იმ დონეზე, რომ გაერკვნენ სამართლებრივ პრობლემებში. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე მ-----------ის ჩვენება, რომ ც---–-----------ამ მას დაურეკა აღელვებულმა სწორედ მაშინ, როდესაც სახლში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და არა მაშინ, როდესაც ი---------------–---თან ჩხუბობდა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ზარი მ-----------------ესთან შევიდა დაახლოებით 06:00 საათისთვის. საშველად მეზობელს ც---–-----------ამ დაურეკა არა მის მიმართ თითქოსდა ძალადობის დროს, არამედ როდესაც სახლში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და აქედან მხოლოდ ერთი მათგანი ესაუბრებოდა ისეთი რუსული ენით, რომ მას სიტუაციაში გასარკვევად დახმარება დასჭირდა. დ-------–---–----ის, დ-------------ისა და მ-----------------ის ჩვენებების თანახმად კი დგინდება, რომ მისი მისვლის შემდეგ, ის უთარგმნიდა ი---------------–---ს პოლიციის თანამშრომლების მითითებებს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუხედავად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა, რომ ი---------------–---მა, მეუღლეს ც---–-----------ას, ამ უკანაკსნელის მიერ ეჭვიანობის გამო დაწყებული კამათის დროს, მაგრად მოუჭირა ხელები და არ აძლევდა ჩხუბის გაგრძელების საშუალებას, ი---------------–---ი არ მოქმედებდა ძალადობის ჩადენის განზრახვით, კონფლიქტის დროს ბრალდებულის მოქმედება არ იყო მიმართული მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისკენ და ხელების მოჭერა და მოხვევა არ ემსახურებოდა ც---–-----------ასთავის ფიზიკური ტკივილის მიყენებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ი---------------–---ის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ი---------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი---------------–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ი---------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ი---------------–---ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე დართული პასპორტი, დაუბრუნდეს ი---------------–---ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე