გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017001830846 (: 3-30/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე: მუ----- შ--–---ძე, ემ----- შ--–---ძე.
წარმომადგენელი: რე----------------ძე, პა---------–--აძე
მოპასუხე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა,წარმომადგენელი: ჯო-----------–--ე, გი------------ძე,მესამე პირი: შპს ,, აჭ-------------2---“
წარმომადგენელი: ან----------–-ძე, გვ--–--------აძე
მესამე პირი: ბა------–--–--ე
წარმომადგენელი: ტო-------–-ძე, გო---–----ძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი „შპს აჭ------------ი - 2---” ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭარისწყალი, მირვეთი, მარადიდი კი------ი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილება ბა------–--–--ის ნაწილში.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელეები ფლობენ და სარგებლობენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კი------ში მდებარე მიწის ნაკვეთებს, კერძოდ, 564 კვ. მეტრ, 7064 კვ.მ. 5024 კვ. მ. და 605 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობისათვის იყენებს შპს, აჭარა ენერჯი 2---“, რაზეც გასცემს საკომპენსაციო თანხებს. მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მფლობელების დადგენის მიზნით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში შექმნილა კომისია, რომელსაც 2015 წლის 12 აგვისტოს მიუღია N4 ოქმი, რომლითაც ამ მიწით სარგებლობაზე და მფლობელობაზე გამოვლენილია ბა------–--–--ე, რომელსაც რაიმე შეხება არ აქვს ამ მიწის ნაკვეთებთან. ბა------–--–--ემ შეცდომაში შეიყვანა კომისია და მიაღებინა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ღებულობს კომპენსაციას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ამ ოქმით პირდაპირ და უშუალოდ ილახება მათი ინტერესები და ითხოვენ მის ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპსაუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები კანონის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. საკითხის სრულყოფილად გამოსაკვლევად კომისიამ ჩაატარა დიდი მოცულობის სამუშაოები, გამოიკითხა სოფლის მოსახლეობა, ყველა ფართი ადგილზე მისვლით იქნა შესწავლილი და დადგინდა ფაქტობრივი მოსარგებლეები. მოსარჩელეებმა იცოდნენ კომისიის მუშაობის შესახებ, თუმცა მათ არ მიუმართავთ კომისიისათვის. მათ მიერ სადავო მიწის ნაკვეთების სარგებლობისა და ფლობის ფაქტი არ დგინდებოდა სოფლის მოსახლეობის გამოკითხვით. შესაბამისად კომისიამ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და მის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. საქმეზე მესამე პირად ჩართულმა ბა------–--–--ემ და მისმა წარმომადგენელმა წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს, მიიჩნევენ რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელეებს არავითარ შემხებლობა არ ჰქონიათ სადავო ნაკვეთთან, ისინი ცხოვრობენ სხვაგან და ზუსტი საზღვრების მითითებაც კი არ შეუძლიათ რომელ ნაკვეთზე აქვთ პრეტენზია, არასოდეს დაუმუშავებიათ და უსარგებლიათ ტერიტორია, რადგანაც აღნიშნულ ნაკვეთებს ფლობდა და სარგებლობდა ბა------–--–--ის ოჯახი. ნაკვეთი მდებარეობს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ, სადაც განთავსებულია სასაზღვრო პოლიციის საინჟინრო ღობე აგებული მავთულ ხლართებითა და სიგნალიზაციით, შესავლისათვის საჭიროა სპეციალური საშვი, რომელიც აქვს ბა------–--–--ეს, ხოლო შ--–---ძეები ვერ შეძლებდნენ აღნიშნული ნაკვეთის არა თუ დამუშავებას, საერთოდ შესვლასაც კი. მიუთითებენ სხვა გარემოებებზეც და მოითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა.
3.2. მესამე პირის შპს ,,აჭ------------ 2---“ -ის წარმოამადგენელმა სასამრთლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლედ დადგენის საკითხზე კონკრეტული პოზიცია არ აქვთ. აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, მაგრამ მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და სახელმწიფოსთან შეთანხმებით, კომისიის დადაგენილების საფუძველზე გასცემენ კომპენსაციას. მათთვის ცნობილია, რომ კომისიამ ჩაატარა დიდი მოცულობის სამუშაოები და დაადგინა ის პირები ვინც ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთებს, შესაბამისად მოსარჩელეებს შეეძლოთ მიემართათ კომისიისათვის და გაერკვიათ საკითხი, რაც არ გააკეთეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2015 წლის 09 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული იქნა N01-08/145 ბრძანება შპს ,,აჭ------------ 2---“-ს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭარისწყალი, მირვეთი, მარადიდი, კი------ი) მიმდინარე ჰიდრელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“. კომისის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირების გარდა შედიოდნენ გამგებლის წარმომდგენლები და მაცხოვრებლები იმ სოფლებიდან, სადაც ხდებოდა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ოდენობისა და ფაქტობრივი მოსარგებლეების ვინაობის დადგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 09 მარტის N01-08/145 ბრძანება.
4.1.2. ბა------–--–--ის მიერ წარდგენილი განცხადებისა და აზომვითი ნახეზების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შპს ,,აჭ------------ი- 2---“- ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭარისწყალი, მირვეთი, მარადიდი კი------ი ) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილებით ბა------–--–--ე ცნობილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი------ში მდებარე 303 კვ. მეტრი, 6449 კვ.მეტრი და 2607 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბა------–--–--ის განცხადება
-აზომვითი ნახაზები
-კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს ოქმი N4.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოსარჩელე მხარე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით სადავოდ არ ხდის კომისიის მიერ საკითხის შესწავლის დროისათვის მოპასუხის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტს, მაგრამ ამტკიცებს რომ აღნიშნული ნაკვეთი არის მისი წინაპრების კუთვნილი და მისმა მამამ დროებით სარგებლობაში გადასცა მოპასუხის ოჯახს, ხოლო მას შემდგომ რაც გაირკვა, რომ აღნიშნული ნაკვეთი უნდა შეესყიდა შპს ,,აჭ------------ 2---“-ს და კომისია სწავლობდა მოსარგებლეების საკითხს, ბა------–--–--ესთან გააგზავნა ახლობლები და შეთანხმდნენ, რომ კომპენსაციის მიღების შემდეგ ბა------–--–--ე ნაწილ თანხას გადასცემდა მოსარჩელეებს.
აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებაში მოპასუხე მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კომისიის ვალდებულება იყო დაედგინა იმ დროისათვის ფაქტობრივი მოსარგებლე, რაც კომისიამ განახორციელა კანონის შესაბამისად.
მესამე პირი ბა------–--–--ე არ ეთანხმება მოსარჩელეების ამ განმარტებას და განმარტავს, რომ შ--–---ძეებს ამ ნაკვეთთან არ აქვთ შემხებლობა და ეს ნაკვეთები ძველთაგანვე არის ცინცაძეების საკუთრება. კომუნისტების დროს ვერ ხერხდებდა მისი სრულად გამოყენება, ხოლო კოლმეურნეობების დაშლის შემდგომ ცინცაძეები სარგებლობენ აღნიშნულ ნაკვეთს და შესაბამისად წარადგინა ნახაზები კომისიაში. ბა------–--–--ე არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას, რომ ის შეპირდა კომპენსაციის თანხების განაწილებას.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოსარჩელე მხარემ გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად იშუამდგომლა მოწმეების დაკითხვაზე და მოსარჩელის მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული იქნენ ლე--------–-----ძე და გ--–- შ--–---ძე, რომლებმაც აჩვენეს, რომ როდესაც დაიწყო საუბარი აჭ------------ს მიერ მიწის ნაკვეთების სარგებლობისათვის კომპენსაციების გაცემაზე, მოლაპარაკების მიზნით მისული იყვნენ ბა------–--–--ის სახლში და შეთანხმდნენ, რომ კომპენსაციის მირების შემთხვევაში ბა------–--–--ე თავიანთ წილს მისცემდა შ--–---ძეებს.
მოწინააღმდეგე მხარემ მესმა პირმა ბა------–--–--ემ და მისმა წარმომადგენლებმა გარდა თავიანთი განმარტებისა წარმოადგინეს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბა------–--–--ის სახელზე გაცემული საშვის ასლი, რიტაც ადასტურებენ, რომ სადავო ტერიტორიაზე შესვლა ხდება საშვის მეშვეობით და შ--–---ძეები ამ ტერიტორიაზე ვერ შევიდოდნენ საშვის გარეშე. მათი ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა რე-----–--–----ემ და ვა-------–--–----ემ დაადასტურეს, რომ სადავო ნაკვეთს ნამდვილად ფლობს და სარგებლობს ბა------–--–--ის ოჯახი, მათ არასოდეს უნახავთ ამ ტერიტორიაზე მოსარჩელეები ან სხვა პირები, კომისიას მონაწილეობდნენ სოფლის წარმომადგენლებიც, შეისწავლეს და დაადგინეს ყველა გარემოება და ისე ცნეს მოსარგებლეები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მხარეთა განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეთა მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ადმინისტრაციული ორგანის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს ჯეროვნად არ იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები. კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია საკითხი, ადგილზე გასვლით და მცხოვრებთა გამოკითხვით განახორციელა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, საზღვრებისა და ფართობის ოდენობის დადგენა და განსაზღვრა მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეები. სასამართლო მიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უკანონობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– მხარეთა ახსნა განმარტებები,– მოწმეთა ჩვენებები,– სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული საშვი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მუ----- შ--–---ძისა და ემ----- შ--–---ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის ე.ე. ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის გამგებელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 09 მარტის N01-08/145 ბრძანებით შპს ,,აჭ------------ 2---“-ს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭარისწყალი, მირვეთი, მარადიდი, კი------ი) მიმდინარე ჰიდრელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შეიქმნა კომისია.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საოქმო გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
7.3. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ის, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შპს ,,აჭ------------ი- 2---“- ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭარისწყალი, მირვეთი, მარადიდი კი------ი ) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილებით კომისიამ ბა------–--–--ე სათანადო გამკვლევისა და შესწავლის გარეშე, უკანონოდ ცნო მის მფლობელობაში არსებულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი------ში მდებარე 303 კვ. მეტრი, 6449 კვ.მეტრი და 2607 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელად.
სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უკვე ჩამოაყალიბებული იქნა მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარის ეს მტკიცება არ იქნა გაზიარებული, რამდენადაც სათანადო მტკიცებულებებით არ არის გამყარებული.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, კომისიის 2015წ. 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელს წარმოადგენდა თუ არა საქმეში ჩართული მესამე პირი ბა------–--–--ე. მხარეთა განმარტებებითა და გასაჩივრებული ოქმით დგინდება, რომ გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ განახორციელა თითოეული მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება და კორექტირება, მოსახლეობასთან გასაუბრების გზით განხორციელდა ინფორმაციის მოძიება ფაქტობრივ მოსარგებლეებზე და ამ გზით დადგინდა ფაქტობრივ მოსარგებლეთა ვინაობა. სწორედ ამ ღონისძიებათა განსახორციელებლად შეიქმნა აღნიშნული კომისია, რომელმაც სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შპს ,,აჭ------------ი - 2---” ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (აჭარისწყალი, მირვეთი, მარადიდი, კი------ი) მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს N4 საოქმო გადაწყვეტილება ბა------–--–--ის ნაწილში კანონის შესაბამისობით არის მიღებული და ამ აქტით მოსარჩელეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%, არანაკლებ 100 ლარისა. სარჩელის არ დაკმაყოფილების პირობებში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ეკისრება მოსარჩელე მხარეს. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიება გაუქმებულია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე და 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მუ----- შ--–---ძისა და ემ----- შ--–---ძის სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინსტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3.მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358/.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე