განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-476-18
(№078171016003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი,ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი გიორგი გოგალაძე,დაცვის მხარე: ადვოკატი მაია უტიაშვილი
ბრალდებული: გ---------–------–---–ი
მამის სახელი: შ--–--
დაბადებული: 10.05.1--- წ.
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე,რეგისტრირებულიდა მცხოვრები: ქ. გურჯაანი, ი-------------–---–-------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 08:35 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 33-ე კილომეტრზე, ქ.თბილისის მხრიდან კახეთის მიმართულებით, მოძრაობდა ,,მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით P--------, რომელსაც მართავდა გ---------–------–---–ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,ოპელ -ასტრას“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით V--------, რომელსაც მართავდა ვ-–------------------–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვ-–------------------–---–ის მგზავრებმა - ქ--------–----–---–მა, მ------------–---–მა და თ-------------ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, გ---------–------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას, დაზარალებულების თ-------------ის, მ------------–---–ის და ქ--------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების: ვ-–------------------–---–ის, დ----------–---–---–ის, მ------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემას და ფოტოსურათებს, თ-------------ის მკურნალობის დოკუმენტაციას და სამედიცინო ექსპერტიზის N006640017 დასკვნას, ქ--------–----–---–ის მკურნალობის დოკუმენტაციას და სამედიცინო ექსპერტიზის N004085817 დასკვნას, გ---------–------–---–ისა და ვ-–------------------–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს და სქემებს, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2900/სტ დასკვნას, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N007173517 დასკვნას, გ---------–------–---–ის გამოკითხვის ოქმებს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
აღნიშნული მხარეებს სასამართლოში 2018 წლის 09 ივლისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანაშაულს წარმოადგენს. ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში - ქ--------–----–---–ის, მ------------–---–ის და თ-------------ის ჯანმრთელობა. სუბიექტური მხრივ დანაშაული გაუფრთხილებელია.
დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და მიზეზობრივი კავშირი - შედეგად გამოიწვია თუ არა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ---------–------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ გ---------–------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, იგი გამოძიების დაწყებისთანავე აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, მიისწრაფვის დაზარალებულებს აუნაზღაუროს ზიანი (ზიანის ნაწილი ანაზღაურებულია), სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------–------–---–ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმევის გარეშე, რადგან როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არის დადგენილი, იგი არის 4 არასრულწლოვანი შვილის მამა და მისი ოჯახის ერთადერთ რჩენის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ავტომანქანით მგზავრების გადაყვანით მიღებული შემოსავალი.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ---------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას შ--–----–------–---–ის (პ/ნ 13001003743) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე ქ. გ--------------------------–---–------------ში, საკადასტრო კოდით №51.01.06.4-- ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ. მასზე გაშენებული შენობა ნაგებობის საერთო ფართი 183.60 კვ.მ. ) 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
გ---------–------–---–ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
2. გ---------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას შ--–----–------–---–ის (პ/ნ 13001003743) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე ქ. გ--------------------------–---–------------ში, საკადასტრო კოდით №51.01.06.4-- ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ. მასზე გაშენებული შენობა ნაგებობის საერთო ფართი 183.60 კვ.მ. ) 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ,,მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით P-------- და ,,ოპელ -ასტრას“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით V-------- - დაუბრუნდათ მესაკუთრეებს.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი