გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.07.2018
საქმის ნომერი
140310018002487971
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002487971

საქმე № 3/143-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ე--------- კ---–--------ი

წარმომადგენელი: მ-----– ჯ-------

 

მოპასუხე: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი: ე---------- ა---–--–-

 

მესამე პირი: ა---- გ----------ი

 

დავის საგანი: ქმედების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ა---- გ----------ის ქონებაზე გადახდევინების გზით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების დავალდებულება.

 

სარჩელის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა---- გ----------ს (პირ. № 2----------) ე--------- კ---–--------ის (პირ. № 6----------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ფულადი თანხა; გადაწყვეტილება მიექცა აღსასრულებლად, სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოვალის წილს უძრავ ქონებაზე, თუმცა აუქციონზე მისი გატანა უსაფუძვლოდ არ ხდება; მართალია, ა---- გ----------ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ყადაღა დაედო მის ქონებას (წილს), სააღსრულებო ბიურომ უნდა მოახდინოს მისი რეალიზაცია.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ ა---- გ----------ის წილს უძრავ ქონებაზე ყადაღა დაედო სასამართლოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით; ასევე, მას შემდეგ, რაც საქმემ გადაინაცვლა სააღსრულებო ბიუროში, აღმასრულებლის მიერაც დაედო ყადაღა; თუმცა აღსრულების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მოვალე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, რომლის ქონებაზე აღსრულების მიქცევასაც კანონი კრძალავს.

 

ა---- გ----------ის მითითებით, ამ ქონების რეალიზაციის შედეგად იგი უსახლკაროდ დარჩება; კრედიტორს გადაუხდის დაკისრებულ თანხას ნაწილ-ნაწილ, შესაძლებლობის ფარგლებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტორივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ა---- გ----------ს ე--------- კ---–--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 835, 50 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

მტკიცებულება: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №2/119-16).

 

3.2.2. ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ამავე სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო ა---- გ----------ის და სხვა პირის თანასაკუთრებად რეგისტრირებულ, ქ. თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე 1000 მ2 მიწის ნაკვეთიდან (საკადატრო კოდით 7--1--1--5--) ა---- გ----------ის კუთვნილ წილს 200 მ2 მიწის ფართის ნაწილში;

 

მტკიცებულება: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის განჩინება (საქმე № 12/15-16, საერთო სასამართლოების court.exe პროგრამა), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 იანვრის № 42045 მიმართვა.

 

3.2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის განჩინების საფუძველზე მითითებულ უძრავ ქონებაზე ყადაღა დარეგისტრირდა 2016 წლის 11 მარტს.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 იანვრის № 42045 მიმართვა, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJEyyTrBPNI9qOiJGaa]QPEpLInxR1sakCELLKywQAHw.

 

3.2.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 20 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა იმავე დღეს და დაიწყო აღსრულება; 2016 წლის 21 ივლისს ა---- გ----------ი დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში;

 

მტკიცებულება: სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო წარმოების მასალები, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJEyyTrBPNI9qOiJGaa]QPEpLInxR1sakCELLKywQAHw.

 

3.2.5. სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ა---- გ----------ს 2016 წლის 21 ივლისს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ხოლო აღმასრულებლის მიერ მითითებული უძრავი ქონების წილზე ყადაღა დაედო 2017 წლის 16 აგვისტოს;

 

მტკიცებულება: წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ № A16071282-005/002, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJEyyTrBPNI9qOiJGaa]QPEpLInxR1sakCELLKywQAHw.

 

3.2.6. ა---- გ----------ი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდა 2016 წლის 19 ივნისს, მისი სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 75340 ერთეულით, 2016 წლის 10 ნოემბრიდან - 25900 ერთეულით, ხოლო 2017 წლის 22 სექტემბრიდან დღემდე - 31 410 ერთეულით;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 29 ივნისის № 04/37589 მიმართვა.

 

3.2.7. სააღსრულებო ბიუროს მიერ ე--------- კ---–--------ს 2016 წლის 18 ოქტომბერს, 2017 წლის 24 და 31 მაისს, 2018 წლის 26 თებერვალს და 2018 წლის 4 მაისს ეცნობა, რომ ა---- გ----------ის დაყადაღებული ქონებიდან აღსრულება ვერ მოხდებოდა იმის გამო, რომ იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და კანონმდებლობით ამ პირის ქონების რეალიზაცია აკრძალულია.

 

მტკიცებულება: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 18 ოქტომბრის № A16071282-008/001, 2017 წლის 24 მაისის № A16071282-008/004, 2017 წლის 31 მაისის № A16071282-008/005, 2018 წლის 26 თებერვლის № A16071282-008/006 და სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 4 მაისის № 30615 მიმართვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, საქმის მასალების მიხედვით, მოვალე ა---- გ----------ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და კანონმდებლობით ამ პირის ქონების რეალიზაცია აკრძალულია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-7 მუხლის მიხედვით, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), ხოლო „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე - 100001 (ასი ათას ერთი).

 

დადგენილია, რომ ა---- გ----------ი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდა 2016 წლის 19 ივნისს, მისი სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 75340 ერთეულით, 2016 წლის 10 ნოემბრიდან - 25900 ერთეულით, ხოლო 2017 წლის 22 სექტემბრიდან დღემდე - 31 410 ერთეულით.

 

აქედან გამომდინარე, ნათელია და მხარეთა შორისაც დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ა---- გ----------ი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირია, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

 

მოსარჩელის პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ, მართალია, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტით აკრძალულია მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადება, მაგრამ იმის გამო, რომ სააღსრულებო ბიუროსა და სასამართლოს მიერ ა---- გ----------ის უძრავ ქონებაზე უკვე დადებულია ყადაღა, უნდა მოხდეს ამ ქონების რელიზაციაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებითად არასწორია საკითხისადმი ამგვარი ფორმალური მიდგომა, რამდენადაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, კრძალავს არა მხოლოდ ყადაღის დადებას ამ პირის ქონებაზე, არამედ ამ ქონების რეალიზაციასაც;

 

ამაზე მიუთითებს ამ მუხლის დასახელებაც, რომელიც ფორმულირებულია შემდეგნაირად: ქონება, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება.

 

ამდენად, აღსრულების მიზნებისათვის, მნიშვნელობა არ აქვს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირის (რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია) ქონებას ადევს თუ არა ყადაღა; არსებითია, რომ არ შეიძლება ამ ქონებიდან გადახდევინება.

 

თუკი გაზიარებული იქნება მოსარჩელის პოზიცია და ა---- გ----------ის ქონებაზე ყადაღის დადება ამ ქონების რეალიზაციისათვის საკმარისად ჩაითვლება, გამოვა, რომ გადახდევინება მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ პირის ქონებიდან, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია, რაც აკრძალულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით.

 

აღსანიშნავია, რომ სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 4 მაისის № 30615 მიმართვის თანახმად, ა---- გ----------ის ქონებაზე აღსრულების უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღები გაუქმებულია.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის უარი, გადახდევინება აწარმოოს მოვალე ა---- გ----------ის, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ პირის ქონებიდან, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია, კანონიერია; შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, ხოლო საადვოკატო მომსახურებისათვის - 500 ლარი;

 

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯი მოსარჩელისათვის ანაზღაურებული ვერ იქნება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე--------- კ---–--------ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროსა” და სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ა---- გ----------ის, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ პირის, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია, ქონებაზე გადახდევინების გზით აღასრულოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ე--------- კ---–--------ის მიერ 2018 წლის 30 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (რეფერენსი 2067506584) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. ე--------- კ---–--------ს ამ საქმეზე გაღებული სასამართლო ხარჯების - 100 ლარი სახელმწიფო ბაჟი და 500 ლარი საადვოკატო მომსახურების ხარჯი - ანაზღაურებაზე ეთქვას უარი.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი