გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310118002369285
№ 3/14-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი და---- მე-–----ე
მოსარჩელე: არ------ ამ-------ი
წარმომადგენელი: რე---- კა-----–---–ი
მოპასუხე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ვრ-– ბე-------ი
მესამე პირი: ან---- გო-----–---–ი
წარმომადგენელი: ზუ---- თო----ა
თარჯიმანი: გა-–-------ნ გა-----–-–---–ი
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 თებერვლის #390 13 ბრძანებისა და #504 13 ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის შესახებ 2018 წლის 15 თებერვლის #3 მოწმობის ბათილად ცნობა.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 29 მარტს მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მცხოვრებ გი---–----ა დო------ზე და მა---------ს დო------ზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 7.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით # 63.24.33.0--, ხოლო 2017 წლის 31 მარტს კი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ფართიდან 4.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული იქნა ან---- გო-----–---–ზე, საკადასტრო კოდით # 63.24.33.0--. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება და შემდგომ მიწის კატეგორის ცვლილება განხორციელდა კანონის დარღევით და ყალბი დოკუმენტების შედგენის გზით, ვინაიდან მას გააჩნდა ინტერესი კანონიერი აუქციონის ჩატარების გზით შეეძინა აღნიშნული ქონება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ პროკურატურას, სადაც წარადგინა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც დაწყებული იქნა სისხლის სამართლის გამოძიება. იმავდროულად ახალმა მესაკუთრემ ან---- გო-----–---–მაც მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა შესაბამის მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა. თუმცა, იმის გამო რომ ახალქალქის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის წერილით ცნობილი გახდა, რომ დაწყებული იყო გამოძიება თაღლითური გზით მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გაგრძელებული იქნა ადმინისტრაციული საქმის წარმოების ვადა. #0----------- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ამჟამად აწარმოებს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა, თუმცა გამოძიება ჯერ არ არის დამთავრებული. 2018 წლის 06 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გამოსცა ერთი და იმავე დღეს, ერთი და იგივე შინაარსის ორი ბრძანება (ბრძანება #390 13 და ბრძანება # 504 13) ან---- გო-----–---–ისათვის ავტომომსახურეობისათვის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ნეართვის შესახებ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში და აგრეთვე ისე გასცა მშენებლობის დაწყების ნებართვის მოწმობები, რომ არ გამოუკვლევია შესაბამისი გარემოებანი, კერძოდ არ კი დაინტერესებულა შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა თუ დამთავრებული იყო გამოძიება. მოსარჩელის განმარტებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ზემოთ აღნიშნული ბრძანებები და მშენებლობის დაწყების მოწმობები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ისინი მიღებულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ვრ-– ბე-------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არაა დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ კი ამ-------მა განცხადება შეიტანა, რომლითაც თაღლითობაზე უთითებდა, შესწავლისათვის ჰქონდათ ცოტა დრო. პროკურატურას გადაუგზავნეს ამ-------ის წერილი და ან---- გო-----–---–ს კი გაუგრძელეს საქმის განხილვის ვადა. მიწა, რომელზეც ა.გო-----–---–ი მშენებლობას ითხოვდა შეცვლილი ჰქონდა მიწის რ-–იმი. პროკურატურას სადავო ქონება არ დაუყადაღებია, ამიტომაც არ ჰქონდათ იმის საფუძველი რომ უარი ეთქვათ ან---- გო-----–---–ისათვის. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 06 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული იქნა ერთი და იმავე დღეს, ერთი და იგივე შინაარსის ორი ბრძანება (ბრძანება #390 13 და ბრძანება # 504 13) ან---- გო-----–---–ისათვის ავტომომსახურეობისათვის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ნეართვის შესახებ, მერიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს იყო სუფთა ტექნიკური საკითხი, რადგან #390 13 ბრძანებაზე მერის ხელმოწერა მეორე გვერდზეა გადასული და პრობლემა რომ არ შექმნილიყო # 504 13 ბრძანებაც გამოსცეს.
3. მესამე პირის პოზიცია
ან---- გო-----–---–მა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი განმარტეს, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს ან---- გო-----–---–მა მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ საქმეზე მშენებლობის ნებართვა, კერძოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება მიღებული იქნა 2018 წლის 6 თებერვალს. მშენებლობის ნებართვა, რომლის კანონიერების საკითხს მოსარჩელე სადავოდ ხდის, გაიცა 2018 წლის 6 თებერვალს. აღნიშნული აქტი მოსარჩელემ გასაჩივრა 2018 წლის 26 მარტს. აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიმართვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა ამოეწურა დაინტერესებულ მხარეს 2018 წლის 8 მარტს. სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს მომართა 2018 წლის 26 მარტს, ამდენად მიჩნიათ, რომ დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს თუ რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მას, ან რა კანონიერ უფლებას ან ინტერესს უზღუდავს 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანება. ამდენად სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან არ იკვეთება ის პირობები, თუ რა ზიანი ადგება, ან რომელი უფლება იზღუდება გასაჩივრებული აქტით. ამასთან, მოსარჩელის მიერ გაშვებულია გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2017 წლის 29 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მცხოვრებ გი---–----ა დო------ზე და მა---------ს დო------ზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 7.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: # 63.24.33.0--, ხოლო 2017 წლის 31 მარტს კი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ფართიდან 4.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იქნა ან---- გო-----–---–ზე, საკადასტრო კოდით: # 63.24.33.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-15; სხდომის ოქმი ს.ფ. 126-132);
- 2017 წლის 29 მარტის ამონაწერი (ს.ფ. 16-17);
- 2017 წლის 06 ნოემბრის ამონაწერი (ს.ფ. 18-19).
4.1.2. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ პროკურატურას, სადაც წარადგინა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც დაწყეული იქნა სისხლის სამართლის გამოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ.126-132);
- 2017 წლის 29 ნოემბრის განცხადება (ს.ფ.20-22);
- ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის, 2017 წლის 01 დეკემბრის #13/36-77817 წერილი. (ს.ფ. 23).
4.1.3. ახალმა მესაკუთრემ ან---- გო-----–---–მა მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა შესაბამის მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა. თუმცა, იმის გამო რომ ახალქალქის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის წერილით ცნობილი გახდა, რომ დაწყებული იყო გამოძიება მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გაგრძელებული იქნა ადმინისტრაციული საქმის წარმოების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 126-132);
- 2017 წლის 25 დეკემბრის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის #4964-13 ბრძანება (ს.ფ. 25).
5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1. 2018 წლის 06 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა ერთი და იმავე დღეს, ერთი და იმავე შინაარსის ორი ბრძანება (ბრძანება #390 13 და ბრძანება # 504 13) ან---- გო-----–---–ისათვის ავტომომსახურეობისათვის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ნებართვის შესახებ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში და ასევე გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელის.ფ. 1-15, სხდომის ოქმი ს.ფ. 126-132);
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, 2018 წლის 06 თებერვლის #390 13 და # 504 13 ბრძანებები. (ს.ფ. 26-28).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54, 58-ე, მე-601-ე მუხლებით
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:
8.1.1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 თებერვლის #390 13 ბრძანებისა და #504 13 ბრძანების ბათილად ცნობა;
8.1.2. მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის შესახებ 2018 წლის 15 თებერვლის #3 მოწმობის ბათილად ცნობა;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 თებერვლის #390 13 ბრძანება და #504 13 ბრძანება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 54-ე მუხლის თანახმად თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არ არსებობს მოსარჩელე მხარის - არ------ ამ-------ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული აქტები არ ეწინააღმდეგებიან კანონს და არ დარღვეულა მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, დადგენილია რომ 2017 წლის 29 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მცხოვრებ გულნარა დო------ზე და მა---------ს დო------ზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 7.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: # 63.24.33.0--, ხოლო 2017 წლის 31 მარტს კი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ფართიდან 4.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იქნა ან---- გო-----–---–ზე, საკადასტრო კოდით: # 63.24.33.0--. მოსარჩელე არ------ ამ-------მა განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ პროკურატურას, სადაც წარადგინა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც დაწყებული იქნა სისხლის სამართლის გამოძიება. სადავო მიწის ნაკვეთის ახალმა მესაკუთრემ, მესამე პირმა ან---- გო-----–---–მა მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა შესაბამის მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა. თუმცა, იმის გამო რომ ახალქალქის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის წერილით ცნობილი გახდა, რომ დაწყებული იყო გამოძიება მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გაგრძელებული იქნა ადმინისტრაციული საქმის წარმოების ვადა. 2018 წლის 06 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა ერთი და იმავე დღეს, ერთი და იმავე შინაარსის ორი ბრძანება (ბრძანება #390 13 და ბრძანება # 504 13) ან---- გო-----–---–ისათვის ავტომომსახურეობისათვის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ნებართვის შესახებ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში და ასევე გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვის მოწმობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ერთი და იმავე შინაარსის ბრძანება არის უკანონო და ნაჩქარევად გამოცემული, რადგანაც მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ეს იყო სუფთა ტექნიკური საკითხი, რადგან #390 13 ბრძანებაზე მერის ხელმოწერა მეორე გვერდზე იყო გადასული და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით # 504 13 ბრძანებაც გამოსცეს. რაც შეეხება მესამე პირის პოზიციას ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი შემოტანილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რამდენადაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება, რომლის კანონიერების საკითხსაც მოსარჩელე სადავოდ ხდის, მიღებული იქნა 2018 წლის 6 თებერვალს, აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 28 თებერვალს, ხოლო აღნიშნული აქტი მოსარჩელემ გაასაჩივრა 2018 წლის 26 მარტს. ამდენად, მას გასაჩივრების ერთ თვიანი ვადა არ დაურღვევია.
ზემოაღნიშნული სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, ორივე შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს არ------ ამ-------ი, არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მის კანონიერ ინტერესებს, რამდენადაც ისინი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გადაწყვეტილებები ეფუძნება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ არ დარღვეულა ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 52-54-ე, მე-601-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად არ------ ამ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54, 58-ე, მე-601-ე მუხლებითა და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ------ ამ-------ის (პ/ნ 3----------) სარჩელი, მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის ან---- გო-----–---–ის მიმართ, 1) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 თებერვლის #390 13 ბრძანებისა და #504 13 ბრძანების, 2) მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის შესახებ 2018 წლის 15 თებერვლის #3 მოწმობის, ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).
მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე