გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
330210016001255488
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3-----------------

№2/3988-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.05.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელეები: ს--–---- გ-----–---–ი-ნ-----–--–---–ი

წარმომადგენელი მ--- ყ-----–---–ი

მოპასუხე შპს ,,ტ--–------ი“

წარმომადგენელი ა------- ლ-–-ი

დ---ს საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ტ--–------ს“ დაეკისროს მოსარჩელე დ----- ქ-–------ს სასარგებლოდ ორი თვის ხელფასის - 3400 ლარის, ხოლო მოსარჩელე ს--–---- გ-----–---–ი-ნ-----–--–---–ის სასარგებლოდ ორი თვის ხელფასის - 2400 ლარის ანაზღაურება.

1.2. მოპასუხე შპს ,,ტ--–------ს“ დაეკისროს მოსარჩელე დ----- ქ-–------ს სასარგებლოდ გამოსასვლელი დახმარების თანხის - 1700 ლარის, ხოლო მოსარჩელე ს--–---- გ-----–---–ი-ნ-----–--–---–ის სასარგებლოდ - 1200 ლარის ანაზღაურება.

 

2018 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს გამოსასვლელი დახმარების თანხის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების გახმობის თაობაზე, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა და სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დარჩა განუხილველი.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 12 თებერვლამდე, მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხე შპს ,,ტ--–------ში“ მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. 2013 წლის 12 თებერვალს ტელეკომპანიის წარმომადგენელმა მოსარჩელეებს აცნობა, რომ ისინი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. მოსარჩელეების განმარტებით მათ არ მიუღია კუთვნილი შრომითი ანაზღაურება და ითხოვენ აღნიშნული თანხის მოპასუხეზე დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 25 იანვრამდე, მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხე შპს ,,ტ--–------ში“ მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. 2013 წლის 12 თებერვალს ტელეკომპანიის წარმომადგენელმა მოსარჩელეებს აცნობა, რომ ისინი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან 2013 წლის 25 იანვრიდან, ამავე რიცხვით დათარიღებული N-- ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2013 წლის 25 იანვრის N-- ბრძანება;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა ორი თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2013 წლის 25 იანვარს, ხოლო აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეებს ეცნობათ 2013 წლის 12 თებერვალს (იხ. 3.1.2. უდავო ფაქტ. გარემოება). ამასთან, უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მომართეს 2016 წლის 22 თებერვალს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვინაიდან მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა 2013 წლის 25 იანვრიდან და აღნიშნული მოსარჩელეებს ეცნობათ 2013 წლის 12 თებერვალს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 12 თებერვლიდან. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მომართეს 2016 წლის 22 თებერვალს, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მათ გაუშვეს სახელფასო დავალიანების მოთხოვნის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სახელფასო დავალიანების დაკისრების შესახებ სარჩელზე, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, 31-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

ზემოდასახელებული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: პირი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს ანაზღაურებაზე ვალდებულ პირთან; შრომითი ანაზღაურების წესი უნდა იყოს დარღვეული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები ითხოვენ მათ მიმართ არსებული ორი თვის სახლეფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრებას, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა ორი თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ არის ხანდაზმულია (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები ხანდაზმულია და ამასთან, მოპასუხე როგორც ვალდებული პირი, უარს აცხადებს ნებაყოფლობით მოქმედების შესრულებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საქმის განხილვასთან დაკავშრებით გაწეული ხარჯები უნდა გაიღოს სახელმწიფომ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. არ დაკმაყოფილდეს ს--–---- გ-----–---–ი-ნ-----–--–---–ისა და დ----- ქ-–------ს სარჩელი შპს ,,ტ--–------ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია