გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.07.2018
საქმის ნომერი
190310018002392295
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-81-18 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.07.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო-----

მოსარჩელე - ე-–--- დ----–----ო,წარმომადგენელი - ნ-----–---- მ–------ე,მოპასუხე: გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია,წარმომადგენელი - თ----- ხ----ე,მესამე პირი- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 07 თებერვლის №3/------8 განკარგულების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, კერძოდ, გ---------- რაიონი, სოფელ ქ--–---ში მდებარე 529 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას. მოსარჩელის მითითებით, 1985 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდგომ, სადავო ქონება მდებარე: გ---------- რაიონი, სოფელი ქ--–---ში, იმყოფებოდა მის მფლობელობაში. ამასთან, მოცემული უძრავი ქონება წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს.კ. 81.09.20.1-- მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. სადაო მიწის ნაკვეთზე 1936 წელს აშენებულია სახლი, სადაც მოსარჩელე ცხოვრობდა დაბადების შემდგომ - 1939 წლიდან. 2017 წლის 21 ნოემბერს №8----------- და №8920-------- განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. 2017 წლის 5 დეკემბერს ხსენებული განცხადებები განსახილველად გადაეგზავნა გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. 2018 წლის 7 თებერვლის გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძლით, რომ მოსარჩელეს სადაო ქონება დაკავებული ჰქონდა 2011 წლიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მარტის №8------------07 გადაწყვეტილებას, რომლითაც ე-–--- დ----–----ოს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით დასტურდება, რომ სადაო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1 500 კვ.მ. უძრავი ქონების მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, რომელიც არის 529 კვ.მ ფართის და მოსარჩელე მხარე მას უწყვეტად ფლობს არა 2011 წლიდან, არამედ კანონის ამოქმედებამდე.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელეს ვერ დაუდგინდა სადავო მიწის ნაკვეთის უწყვეტად ფლობის ფაქტი, რის გამოც ეთქვა უარი.

 

2.2. მესამე პირის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები სასამართლოსათვის უცნობია.

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 21 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ე-–--- დ----–----ომ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: გ---------ი, სოფელი ქ--–---ი, 529 კვ.მ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ს. ფ. 2-19);

- დაზუსტებული სარჩელი ( ს.ფ. 57-74)

-განცხადება (ს. ფ. 94);

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 დეკემბრის №5----- წერილით ე-–--- დ----–----ოს განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ს. ფ.2-19);

- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 57-74)

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 დეკემბრის №5----- წერილი (ს. ფ. 95)

 

3.1.3. გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/------8 განკარგულებით - გ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–---ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნითზე (მიწის ნაკვეთი 529 კვ.მ) მოქალაქე ე-–--- დ----–----ოს (პირადი №010--------) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგიტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირს დაკავებული არ ჰქონდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი. (დაკავებული ჰქონდა 2011 წლიდან)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/------8 განკარგულება (ს. ფ. 96-97)

 

3.1.4. უძრავი ქონება მდებარე: გ---------ი, სოფელი ქ--–---ი ს. კ. 81.09.20.1--, დაზუსტებული ფართობი 1 500 კვ.მ. საკუთრების უფლებით 2017 წლის 17 ნოემბრიდან აღრიცხულია ე-–--- დ----–----ოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 26-27)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაცია, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მოიწვია დაინტერესებული პირები, რის გამოც არ მიეცა მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა, არ გამოკითხა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, არ მოახდინა ადგილზე დათვალიერება, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ე-–--- დ----–----ოს სარჩელი მოპასუხე გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'';

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/------8 განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/------8 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მესამე მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ე-–--- დ----–----ომ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: გ---------ი, სოფელი ქ--–---ი, 529 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 დეკემბრის №5----- წერილით ე-–--- დ----–----ოს განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

დადგენილია, რომ გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/------8 განკარგულებით - გ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–---ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნითზე (მიწის ნაკვეთი 529 კვ.მ) მოქალაქე ე-–--- დ----–----ოს (პ/ნ 010--------) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგიტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირს დაკავებული არ ჰქონდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №664154/17 სამსახურეობრივი ბარათის შინაარსიდან გამომდინარე, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №8----------- განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 2017 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. გ---------- რაიონის ვ--------ლის ს/მეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. 2008 წლის 29 იანვრის №2-- საარქივო ცნობით კი, ნ-------- ს/საბჭოს საარქივო დოკუმენტებში დაცულ 1980-1982 წლების საკომლო წიგნში, სოფელი ლ------ი, კომლის უკანასკნელ წევრად ირიცხება ე-–----- პ---–-- რომელზედაც ირიცხება საცხოვრებელი სახლი, რომლის აშენების წელია 1936 წელი და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მესამე პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

 

განსახილველ შემთხვევაში, ე-–---- გ-----–---–ი, ც----ა ზ----------–ა და ე----- გ------–---–ი ადასტურებენ, რომ ე-–--- დ----–----ო 1985 წლიდან ფლობს გ---------- მუნიციპალიტეტის ნ-------- თემის სოფელ ზემო ქ--–---ში მიწის ნაკვეთს 4 187,89 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული ფაქტი, ე-–---- გ-----–---–მა და ე----- გ------–---–მა ასევე დაადასტურეს, 2018 წლის 27 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე. რაც შეეხება მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ აღნიშნულ ქონების მესაკუთრეს 2015 წელს წარმოადგენდა ტ------- ო------–---–ი, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 22 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, დგინდება, რომ გ---------ი, სოფელ ქ--–---ში, მდებარე უძრავი ქონება ს. კ. 81.09.20.1--, დაზუსტებული ფართობით 1 500 კვ.მ უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა ტ------- ო------–---–ის საკუთრებას, ამასთან 2017 წლის 17 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე გ---------ი, სოფელი ქ--–---ი ს. კ. 81.09.20.1--, დაზუსტებული ფართობი 1 500 კვ.მ საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე-–--- დ----–----ოს სახელზე. ხსენებული ამონაწერით ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა და აღდგენილი იქნა პირვანდელი მდგომარეობა.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაჩუქებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდენის ფაქტი, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან 2017 წლის 17 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ გაუქმდა ჩუქების ხელშეკრულება და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტ------- ო------–---–ი და ე-–--- დ----–----ო ოჯახის წევრები არიან. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის 1985 წლიდან ფლობის ფაქტი. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2008 წლის 29 იანვრის №2-- საარქივო ცნობის თანახმად, ნ-------- ს/საბჭოს საარქივო დოკუმენტებში დაცულ 1980-1982 წლების საკომლო წიგნში, სოფელი ლ------ი, კომლის უკანასკნელ წევრად ირიცხება ე-–----- პ---–-- რომელზედაც ირიცხება საცხოვრებელი სახლი, რომლის აშენების წელია 1936 წელი და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოპასუხეს სრულყოფილად არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები, არ მოუპოვებია დამატებითი მტკიცებულებები, არ მოუხდენია მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას''. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს''.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაკავებული არ ჰქონდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი. (დაკავებული ჰქონდა 2011 წლიდან), თუმცა გაურკვეველია რომელი მტკიცებულების საფუძველზე მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე.

 

სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მოპასუხის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ თითქოს არ დგინდებოდა ე-–--- დ----–----ოს მიერ უფლებასაღიარებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი 2011 წლამდე. კომისიას უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესახებ ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც უკავშირდებოდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ე-–--- დ----–----ოს სამართლებრივი კავშირის შესწავლას და დადგენას, კერძოდ, - მის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული, ,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაცია. კერძოდ, ნორმის დანაწესი საკუთრების უფლების აღიარებისათვის აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომ დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, აღიარების შესახებ მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. ამ წესის შესაბამისად, გადამწყვეტი ვერ იქნება ის გარემოება, დაინტერესებული პირი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე როდის გახდა, არამედ მთავარია, საკუთრების უფლებასაღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების დრო, როდიდან იწყება იგი და გრძელდება თუ არა, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნამდე. მით უფრო, რომ საკუთრების რეგისტრაცია მოსარჩელეს მოსაზღვრედ მდებარე მიწის ნაკვეთზე 2011 წლამდეც ჰქონდა.

 

სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევეაში სახეზეა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად სპეციფიური, იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია, კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ მართალია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე ანუ მიწის ფართის საკუთრების უფლების აღიარებაზე. თუმცა უნდა განიმარტოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისი უფლებამოსილების განხილვისას დაიცვას კანონის მოთხოვნები და მოქმედებდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა უნდა მოხდეს ყოველმხრივ, ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა, შეფასების შედეგად. მოპოვებული უნდა იქნეს ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რასაც სასამართლო მიუთითებს. ფაქტიურად დროის რა პერიოდიდან ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, გამოკითოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, მოახდინოს ადგილზე დათვალიერება, შეფასება მისცეს და გამოიკვლიოს ის გარემოება, რომ 2015 წელში სადაო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა ტ------- ო-------–---–ი. ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი მტკიცებულებათა მოპოვებით უნდა დაადგინოს ტ------- ო------–---–ის, პ---–- ელ------ და მოსარჩელის ნათესაური კავშირი. ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია 2008 წლის 29 იანვრის №2-- საარქივო ცნობისათვის, რომლის თანახმად, ნ-------- ს/საბჭოს საარქივო დოკუმენტებში დაცულ 1980-1982 წლების საკომლო წიგნში, სოფელი ლ------ი, კომლის უკანასკნელ წევრად ირიცხება ე-–----- პ---–-- რომელზედაც ირიცხება საცხოვრებელი სახლი, რომლის აშენების წელია 1936 წელი და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი. დასახელებულ პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შემთხვევაში დადგინდება მოსარჩელის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის დრო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე - გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაეკისროს ე-–--- დ----–----ოს სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–--- დ----–----ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 07 თებერვლის №3/------8 განკარგულება და გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი;

 

3. მოპასუხე გ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე ე-–--- დ----–----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი