გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.08.2018
საქმის ნომერი
330310117001769445
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/379-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ი-----–--------–-–---–ი

 

წარმომადგენლები - ლ-–------–------ი, ი------------ე

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 

წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი

 

მესამე პირი - დ-------------–---–ი

 

წარმომადგენელი - ი----------–----–--ე

 

მესამე პირები - გ---–----------ე, ნ----------ე, ქ---------------–---–ი, შ--–---------–---–ი, ც-------------–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №3----- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც გამოსწორებული იქნება ხარვეზი, კერძოდ, ცნობა-დახასიათებაში ნაკვეთი: მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერის გრაფაში დარჩება მხოლოდ ი-----–--------–-–---–ი როგორც კანონიერი მესაკუთრე/მოსარგებლე შემდეგი სახით: ფართობი დოკუმენტით - 364 კვ.მ.; კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართი - 111 კვ.მ.; საფუძვლები: 364 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საფუძვლად მიეთითოს: 1930 წლის აღნაგობის ხელშეკრულება 4-------, 18.05.2001 წლის სამკვიდრო მოწმობა 2-380, სახლთმფლობელობის სააღრიცხვო ბარათი 1038, ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათი 012962, 1989 წლამდე არსებულ გენგეგმაში ნაჩვენებ საზღვრებში. 111 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საფუძვლად მიეთითოს: კანონი 1938 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი, შენიშვნა 1 (აღნაგობის უფლების ხელშეკრულება შეიძლება გავრცელებულ იქნას მიწის ისეთ ნაკვეთზე, რომელიც პირდაპირ არ არის დანიშნული შენობისთვის, ხოლო ხელს უწყობს მას მეურნეობრივად), 1989 წლამდე არსებულ გენგეგმაში ნაჩვენებ საზღვრებში (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: 2ტ. ს.ფ. 67).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - დ-------------–---–ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2. მესამე პირები - გ---–----------ე, ნ----------ე, ქ---------------–---–ი, შ--–---------–---–ი და ც-------------–---–ი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მხარეებს სხდომის თარიღი ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2016 წლის 13 აპრილს ი-----–--------–-–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის NT-----------) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქ. თბილისში, კ------–---–----------ში მდებარე უძრავ ნივთზე ცნობა-დახასიათების მომზადება მოითხოვა.

 

2016 წლის 14 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, კ------–---–----------ში აღრიცხულია 475 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად მითითებული არიან - გ---–----------ე, ი-----–--------–-–---–ი და ნ----------ე. ი-----–--------–-–---–ის აღრიცხვას საფუძვლად დაედო 1967 წლის N012962 სააღრიცხვო ბარათი. დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთი არის 282 კვ.მ., ხოლო კანონიერ სარგებლობაში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული მიწის ნაკვეთი - 193 კვ.მ., სხვა თანამესაკუთრეებს დოკუმენტებში მითითებული აქვთ 401 კვ.მ., კანონიერ სარგებლობაში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კი - 74 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-13.04.2016წ. მომზადებული ცნობა-დახასიათება (1ტ., ს.ფ. 169-170).

 

4.1.2. 2016 წლის 21 ოქტომბერს ი-----–--------–-–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის NT-----------) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა NТ----------- განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული ცნობა-დახასიათების შესწორება, კერძოდ, ი-----–--------–-–---–ის ნაწილში არასწორად მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და აღრიცხვის საფუძვლის შესწორება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-21.10.2016წ. NT----------- განცხადების მიღების ბარათი (1ტ., ს.ფ. 172).

 

4.1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ოქტომბრის ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ NTT 2------------ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მომზადებული დოკუმენტი შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.10.2016წ. NTT 2------------ გადაწყვეტილება (1ტ., ს.ფ. 171).

 

4.1.4. 2016 წლის 21 ნოემბერს ი-----–--------–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით (რეგისტრაციის N3-------) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ოქტომბრის ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ NTT 2------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააღრიცხვო ბარათსა და ცნობა-დახასიათებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის N3----- გადაწყვეტილებით ი-----–--------–-–---–ის 2016 წლის 21 ნოემბრის N334801/17 ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ NTT 2------------ (24.10.2016) გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს დაევალა NTT 2--------- განცხადებასთან დაკავშირებით სრულყოფილი ცნობა-დახასიათების მომზადება, ამ გადაწყვეტილების 2.2.11 პუნქტის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 2.2.11. პუნქტით დადგენილ იქნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გაეცა ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ვინაიდან 2016 წლის 14 აპრილს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში არასწორად იქნა მითითებული კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კერძოდ, ნაცვლად 282 კვ.მ.-ისა, მითითებული უნდა ყოფილიყო 401 კვ.მ., დანარჩენ ნაწილში კი, ცნობა-დახასიათება შეესაბამებოდა არქივში დაცულ ბოლო მონაცემებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-21.11.2016წ. N3------- ადმინისტრაციული საჩივარი (1ტ., ს.ფ. 160-168);

-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.12.2016წ. N3----- გადაწყვეტილება (1ტ., ს.ფ. 213-216).

 

4.1.5. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 1967 წლის N012962 სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით ქ. თბილისში, მ---–---–------------–---–-----------ში მდებარე სახლთმფლობელობა აღრიცხული იყო ზ--------------–-–---–ზე (საფუძველი - 23.02.30წ. ხელშეკრულება N4-------) და ს-----------ეზე (საფუძველი - ნოტ. დოკუმენტი 23.10.44წ. N4----).

 

საქმეზე წარმოდგენილი 1930 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების (სანოტარო წესით დამოწმების თარიღი - 23.02.1930წ., ნომერი - 4-------) თანახმად, თბილისის აღმასკომის კომუნალური მეურნეობის საიჯარო-საექსპლოატაციო ქვეგანყოფილებამ იჯარით მისცა ზ--------------–-–---–ს (,,აღმნაგს“) ქ. თბილისში, გ-------–---–------ჩაზე მდებარე 364,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისი, მ---–---–----------ის სააღრიცხვო მონაცემებში წარმოდგენილი 23.10.1944 წლის N4---- ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ზ--------------–-–---–მა მთლიანი სახლთმფლობელობის 2/3 ნაწილი მიჰყიდა ს-----------ეს. ზ--------------–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მის ქონებაზე, კერძოდ, მთლიანი სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილზე აღირიცხა ნ-----–-----------–-–---–ის საკუთრების უფლება (საფუძველი - 26.08.1989 წლის რN2-56 მემკვიდრეობის მოწმობა). ნ-----–-----------–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის წილზე - 1/3 ნაწილზე აღირიცხა ი-----–--------–-–---–ის საკუთრების უფლება (საფუძველი: 18.05.2001 წლის რN2-380 სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საარქივო ცნობა და N4------- ხელშეკრულება (1ტ., ს.ფ. 186-188);

-სააღრიცხვო დოკუმენტაცია (1ტ., ს.ფ. 220-274).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–--------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №3----- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ტ“ პუნქტის თანახმად გულისხმობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფას. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დაინტერესებული პირის განცხადების/მიმართვის საფუძველზე, გასცემს ინფორმაციას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, უძრავი ნივთის ცნობა-დახასიათებას, უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმას, არქივში დაცული დოკუმენტის ასლს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №3----- გადაწყვეტილებას, რომლითაც ი-----–--------–-–---–ს უარი ეთქვა ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ცნობა-დახასიათებაში ცვლილების შეტანაზე იმ სახით, როგორც ამას ითხოვდა მოსარჩელე.

 

სასამართლო ეთანხმება მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ ცნობა-დახასიათების გაცემის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეალაქტის განხორციელების მოთხოვნას. რეალაქტი (ინფორმაციის გაცემა) კანონიერია იმ შემთხვევაში, თუ იგი სწორად ასახავს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, თუმცა ვერ გაიზიარებს განმარტებას მასზედ, რომ ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებში ცვლილების შეტანა დაუშვებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახური ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით და ამ სამსახურში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში აღრიცხული უძრავი ნივთების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ ინფორმაციის გაცემისას მხოლოდ არქივში არსებული მონაცემების ტექნიკურ გადატანას, არსებული მასალების ურთიერთშესაბამისობისა და მონაცემების დამუშავების გარეშე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ინფორმაციის მომზადებისას თავად დაადგინოს გარკვეული მონაცემები, კერძოდ, თუ ტექნიკური აღირცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, იგი თავად ადგენს ფართობს და საზღვარს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით; მას შეუძლია დაამოწმოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები სათანადო წესით, თუ ისინი ინახება დაუმოწმებელი სახით; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე მოცემულია რამდენიმე სააღრიცხვო გეგმა და მათზე არსებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს ის სააღრიცხვო გეგმა, რომელიც შეესაბამება ამ უძრავ ნივთზე არქივში დაცულ ბოლო მდგომარეობას; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ არის მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე, ასეთ შემთხვევაში ცნობა-დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად; თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას გასცემს სააღრიცხვო ბარათში დაცული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ცნობა-ხადასიათებაში ასახულ მონაცემებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ NTT 2016031429 განცხადების საფუძველზე მომზადებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, კ------–---–----------ში არსებული ქონების ი-----–--------–-–---–ის სახელზე აღრიცხვის საფუძველია 1976 წლის N012962 სააღრიცხვო ბარათი, რომლის მონაცემებიც იქნა ასახული 2016 წლის 14 აპრილს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ი-----–--------–-–---–ი, ვინაიდან ზ--------------–-–---–მა გაასხვისა მხოლოდ შენობის 2/3 ნაწილი ს-----------ეზე, რაც არ გულისხმობდა საკუთრების უფლების გადაცემას მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 23.10.1944წ. N4---- ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ზ--------------–-–---–მა მთლიანი სახლთმფლობელობის 2/3 ნაწილი მიჰყიდა ს-----------ეს, რაც ნიშნავდა მთლიანი სახლთმფლობელობიდან წილის გადაცემას და თავის მხრივ, მოიაზრებდა შემდგომში სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ქცეულ მიწის ნაკვეთსაც. ამასთან, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 14 აპრილს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში არასწორად იქნა მითითებული კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კერძოდ, ნაცვლად 282 კვ.მ.-ისა, მითითებული უნდა ყოფილიყო 401 კვ.მ., ვინაიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 1 მარტის N484 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისში, კ------–---–----------ში აშენებულ სახლს დაუმაგრდა 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც გასაჩივრებული გადაწაყვეტილებით მართებულად იქნა გამოსწორებული.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 დეკემბრის №3----- გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რის გამოც ი-----–--------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი-----–--------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე