გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 031210018002427484
№2/256-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი 2018 წელი ქ. ქობულეთი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე
მოსარჩელე - სს „ლი------------ი“
წარმომადგენელი - ან-----------ი
მოპასუხე - ლი-------ძე
მოპასუხის წარმომადგენელი - ელ--------–---ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლი-------ძეს სს “ლი------------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს თანხა 3615.87 ლარის ოდენობით (1500 ლარი - ძირთადი თანხა; 1510.22 ლარი-მომსახურების საკომისიო; 605.65 ლარი - ვადაგადაცილების ჯარიმა);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ლი-------ძემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. ამასთან, როგორც შესაგებელში და ასევე სასამართლო სხდომაზე ლი-------ძის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღიარებს სესხის ხელშეკრულებით არსებული ვალდებულების სესხის ძირითადი თანხის ნაწილში (1500 ლარი), ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საკომისიო და ვადაგადაცილების ჯარიმა არის აშკარად შეუსაბამო ვალდებულებით გათვალისწინებულ შესაძლო ზიანთან მიმართებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 21 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა №1------- საბანკო კრედიტის (ლიბერთი ექსპრესი) ხელშეკრულება. ხელშეკრულება ძალაში იყო 2018 წლის 21 დეკემბრამდე.
3.1.2. მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის თუ მსესხებელი არ გადაიხდიდა დავალიანებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო წლიური 103 %-ის ოდენობით.
3.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულაბა და დადგენილ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის (ლიბერთი ექსპრესი) ხელშეკრულება;
- საგადახდო დავალება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც განსაზღვრულ ვადების დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის არსებობდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობა (სესხის ხელშეკრულება).
6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თუმცა, მიუხედავად, აღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო სამართალი აგებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზე, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც, მხარეებს აქვთ უფლება ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი და აქცესორული ხასიათის საშუალებანი. სწორედ ამგვარ უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას წარმოადგენს პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების შესრულების და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის - საზღაურია და ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, მისი შესრულების მასტიმულირებელ ფუნქციასაც ასრულებს. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის თუ მსესხებელი დადგენილ ვადაში არ გაიდაიხდიდა ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ სარგებელს, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების (ეტაპის) ღირებულების წლიური 103 %-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოსარჩელეს მოპასუხისათვის დარიცხული აქვს პირგასამტეხლო 605.65 ლარი. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას, პერიოდს, განაკვეთის ოდენობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - 100 ლარით უნდა განისაზღვროს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 25 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს “ლი------------ის”სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სს “ლი------------ის” სასარგებლოდ ლი-------ძეს დაეკისროს 3110.22 (1500 ლარი-ძირითადი თანხა; 1510.22 ლარი-მომსახურების საკომისიო; 100 ლარი - ვადაგადაცილების ჯარიმა) ლარის გადახდა ;
3. სს “ლი------------ის” სასარგებლოდ ლი-------ძეს ასევე დაეკისროს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის- 27.5 ლარის გადახდა;
4. სს „ლი------------ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 16.01.2018წ. №5--------- ელექტრონული/საგადასახადო დავალებით, სარჩელის აღძვრის გამო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 72.5 ლარი. (გადამხდელის დასახელება - სს „ლი------------ს“ (ს/კ 2--------); გადამხდელის ბანკი - სს ,,ლი------------ი”; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300693150; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდამ 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე