განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/86-2018
№ 038270418002
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04.07. 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ შოთას ძე ხ---–--ე, დაბადებული 1980 წლის 30 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ც---------ში.
ადვოკატი- ვ--–----------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
მ------ ხ---–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ გომის ტერიტორიაზე, თბილისი-ბორჯომის სამგზავრო მატარებლის ვაგონში მყოფმა მ------ ხ---–--ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს, ნ-----------–---–ს. აღნიშნული მიზეზით გაგრძელდა რა მათ შორის კონფლიქტი იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათზე, ქ.ხაშურში საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მომდევნო დღეს დაახლოებით 10:00 საათზე ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში მდებარე ნ-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მ------ ხ---–--ემ კვლავ ხელის სახის არეში დარტყმით დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. მ------ ხ---–--ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა მ------ ხ---–--ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, დაზარალებულ ნ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: ზაალ ახალკაცის, გიორგი კორკოტაძის, გიორგი ხუციშვილის, ალექსი ახალკაცის გამოკითხვის ოქმებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 29 აპრილის N 002824618 დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია მ------ ხ---–--ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მ------ ხ---–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ მ------ ხ---–--ეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ------ ხ---–--ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ------ ხ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და სამი მცირეწლოვანი შვილი. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კუთხით ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას და დაზარალებულის პოზიციას, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას.
5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ------ ხ---–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ხ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
2.კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ მ------ ხ---–--ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გაუქმდეს მ------ ხ---–--ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
4. მ------ ხ---–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 27 აპრილიდან, ამავე წლის 01 მაისის ჩათვლით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი