განაჩენი

სისხლის სამართლის 06.08.2018
საქმის ნომერი
190100118002556975
თარიღი
06.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 აგვისტო, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა-----------–---–-;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯ---–---------------------–------------------------–-------–-–---------–----------------–----------–--------------------------------------------------–----------–-----------–------------------–-----------------------------------–------------------------–---------------------------------------------–---–------------------------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, ქ.რუსთავში, შარტავას გამზირზე, ნ----------–----ას და თავის შვილს 12 წლის ე-–--------------ას შეხვდა ჯ---–--------------ე, რომელმაც ნ----------–----ას იმის გამო, რომ თავის გარდაცვლილ შვილთან წარსულში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, მოქაჩა თმა და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, ამ დროს 112-ის სამსახურში საშველად დარეკა არასრუწლოვანმა ე-–--------------მა, რის გამოც ჯ---–--------------ემ მასაც დაარტყა ხელი სახის არეში, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მისვლის შემდეგაც ჯ---–--------------ემ კიდევ დაარტყა ხელი ნ----------–----ას სახის არეში. ნ----------–----ამ ჯ---–--------------ის ყველა დარტყმის, ასევე თმის მოქაჩვის შედეგად და ე-–--------------მა დარტყმის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ამ ქმედებისთვის ჯ---–--------------ეს წარედგინა ბრალი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით .

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რაც ადამიანის განუყოფელი უფლებებია.

 

ძალადობის უამრავი განმარტება არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს (ან ამის ალბათობის მაღალი ხარისხი არსებობს) სხეულის დაზიანებებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრამვა, გადახრები განვითარებაში, ან სხვადასხვა სახის ზიანი. ძალადობის ცნების ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია მისი წინასწარ განზრახულობა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ძალადობა სამ ფართო კატეგორიად იყოფა იმის შესაბამისად, თუ ვინ ახორციელებს ძალადობის აქტს. ეს კატეგორიებია: საუკუთარი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პიროვნებათაშორისი ძალადობა და კოლექტიური ძალადობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე აქედან ძალადობა მატერიალური შემადგენლობისაა.

 

სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

ძალადობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სხვაგვარი ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, ქ. რუსთავში, შარტავას გამზირზე, ნ----------–----ას და თავის შვილს 12 წლის ე-–--------------ს შეხვდა ჯ---–--------------ე, რომელმაც ჯერ ნ----------–----ას მოქაჩა თმა და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, შემდეგ ე-–--------------ს დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ნ----------–----ამ და ე-–--------------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ე-–--------------ის, ნ----------–----ას, გ-----–----------–--–---------–---- გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ჯ---–--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ---–--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჯ---–--------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ჯ---–--------------ეს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მძიმე ოჯახურ მდგომარეობას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალ შემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანის მიმართ, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანის მიმართ აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის დისპოზიციაში, შესაბამისად ამ ნიშნით პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ ჯ---–--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - ჯ---–--------------ის მიმართ საბოლოოდ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ---–--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

2. ჯ---–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმდეს;

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე