გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2560-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - სს „ა-----------------“
წარმომადგენელი - ს--–-------------–--ე
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - გ---------------–---–ი
მესამე პირი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 25 მაისის სხდომის N- ოქმით დამტკიცებული მეიფრეიმების/სერვერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერის პირობების 6.4. პუნქტის პირველი პუნქტი და 7.1.1. პუნქტი (გარანტიის გამცემ სუბიექტთა განსაზღვრის ნაწილში).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი N-.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სადავო პირობის დაწესება გამართლებულია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მეიფრეიმების /სერვერების სახელმწიფო შესყიდვისათვის შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 25 მაისის სხდომის N- ოქმით დამტკიცებული იქნა სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია. ამავე ოქმის შესაბამისად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 514 300.00 ლარი.
სატენდერო დოკუმენტაციის 6.4 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი, ბანკის მიერ გაცემული გარანტია, მიმწოდებელს არ დაუბრუნდება, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში; ხოლო 7.1.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი უფლებამოსილია წარუდგინოს შემსყიდველს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტს 30%-ის შესაბამისი, საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია. აღნიშნული საბანკო გარანტია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან 15 სამუშაო დღეში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღმატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას შემსყიდველი გადაიხდის საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღეში. თეთრ სიაში არეგისტრირებულ პრეტენდენტს გარანტიის ოდენობა უნახევრდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მეიფრეიმების/სერვერების სახელმწიფო შესყიდვისათვის შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 25 მაისის სხდომის N- ოქმი - ს/ფ 15-16 (ტომი 1).
- სატენდერო დოკუმენტაცია - ს/ფ 17-21 (ტომი 1).
4.1.2. სს ,,ა-----------------მ“ საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდრო დოკუმენტაციაში არსებული არაკანონიერი ჩანაწერის გაუქმება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესით შესყიდვის პროცედურების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩივარი D-------------- - ს/ფ 23-24 (ტომი 1)
4.1.3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ა----------------ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე 2017 წლის 25 მაისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სადავო ჩანაწერი პრეტენდენტს ავალდებულებს მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენას. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს შემთხვევებს, რა დროსაც შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოითხოვოს გარანტიის წარდგენა. თუმცა არ საუბრობს გარანტიის გამცემი სუბიექტების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის გამცემად (გარანტი) გვევლინება რამდენიმე სუბიექტი: ბანკი, სადაზღვეო ორგანიზაცია, სხვა საკრედიტო ორგანიზაცია. შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციის 6.4 და 7.1.1. პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებით მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიას უნდა გადაესინჯა სატენდერო დოკუმენტაციის ზემოაღნიშნული სადავო მოთხოვნები და აესახა სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება - ს/ფ 26-29 (ტომი 1).
4.1.4. ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სატენდერო კომისიამ 2017 წლის 30 ივნისის სხდომაზე გადასინჯა სატენდერო პირობები.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით მეიფრეიმების/სერვერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით განხორციელებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში ძალაში დარჩა სატენდერო კომისიის მიერ ოქმი N--ით დამტკიცებული სატენდერო პირობები და დადგინდა ტენდერის პროცედურების გაგრძელება.
სატენდერო კომისიამ განმარტა, რომ შესყიდვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაცია თავად საზღვრავს მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია. კომისია ხელმძღვანელობს კანონით გათვალისწინებული პრინციპით, რომ სატენდერო მოთხოვნები შედგენილ იქნას არადისკრიმინაციულად, არ ზღუდავდეს ბაზარს, გათვალისწინებული იქნას ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა და რისკების წინაშე არ დააყენოს სახელმწიფო რესურსი.
2011-2015 წლებში გაკოტრებულად იქნა გამოცხადებული სადაზღვევო კომპანიები შპს „ვ-----“, შპს „მ--------“, სს „ა-------------–-----–-----------“ და შპს „პ------------“. მათი გაკოტრებით მთლი რიგი პრობლემები შეექმნათ ბენეფიციარებს, დასახელებული კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილში. ცნობილია არაერთი დადებითად გადაწყვეტილი სასამართლო დავა, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები სასამართლოს გზით ცდილობდნენ სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული გარანტიით გათვალისწინებული თანხების ამოღებას. მაგალითისათვის გამოდგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შპს „ს--------------------------------------ს“ არაერთხელ აქვს ს----------–---------------------------------------ოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებები დარღვეული.
ამასთან, გამოკვლეული იქნა ბაზარზე მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული დასკვნები, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებას.
2015 წლის 20 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებისათვის, შემდგომში გათვალისწინების მიზნით, სააგენტოში გაგზავნილი იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის წერილი, რომელშიც რეკომენდაციის სახით მითითებულია, რომ ხაზინის ბენეფიციარები „უმჯობესი იქნება თუ საბანკო გარანტიებს მოითხოვენ მაღალი სანდოობის საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან“.
სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ბაზარზე მოქმედი სადაზღვევო კომპანიები არ იქნებიან საიმედო პარტნიორები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაცია არსებული სატენდერო პირობების უცვლელად ძალაში დატოვებით თავს არიდებს შესაძლო ფინანსურ რისკებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი N- - ს/ფ 30-32 (ტომი 1).
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის ბს-505-500(კ-16) გადაწყვეტილება - ს/ფ 38-43 (ტომი 2).
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის 15 აპრილის N------------ წერილი - ს/ფ 48 (ტომი 2).
4.1.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ჯ--------------“, რომელთანაც 2017 წლის 20 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0-----------, რომელიც შესრულებულია და 2018 წლის 26 სექტემბერს გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0----------- - ს/ფ 170-175 (ტომი 1).
- 2017 წლის 26 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი - ს/ფ 258 (ტომი 1).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - 2017 წლის 25 მაისის საოქმო გადაწყვეტილება (სხდომის N- ოქმი) ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერის პირობების 6.4. პუნქტის პირველი პუნქტისა და 7.1.1. პუნქტის (გარანტიის გამცემ სუბიექტთა განსაზღვრის ნაწილში) დამტკიცების ნაწილში, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის N- საოქმო გადაწყვეტილება (ოქმი N-), რომლითაც ძალაში დარჩა სატენდერო კომისიის მიერ ოქმი N--ით დამტკიცებული სატენდერო პირობები და დადგინდა ტენდერის პროცედურების გაგრძელება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველია პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი.
ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია. კანონის 121 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს; ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში); ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ; მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მეიფრეიმების/სერვერების სახელმწიფო შესყიდვისათვის შექმნილი სატენდერო კომისიის 2017 წლის 25 მაისის სხდომის N- ოქმით დამტკიცებული იქნა სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია. ამავე ოქმის შესაბამისად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 514 300.00 ლარი.
სატენდერო დოკუმენტაციის 6.4 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი, ბანკის მიერ გაცემული გარანტია, მიმწოდებელს არ დაუბრუნდება, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში; ხოლო 7.1.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი უფლებამოსილია წარუდგინოს შემსყიდველს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტს 30%-ის შესაბამისი, საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია. აღნიშნული საბანკო გარანტია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან 15 სამუშაო დღეში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღმატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას შემსყიდველი გადაიხდის საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღეში. თეთრ სიაში არეგისტრირებულ პრეტენდენტს გარანტიის ოდენობა უნახევრდება.
მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციის მიხედვით, სადავო პირობა პრეტენდენტს ავალდებულებს მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიის წარდგენას, მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის შესაბამისად, გარანტიის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სადაზღვეო ორგანიზაციაც. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი ჩანაწერი შემზღუდველი ხასიათისაა, დაუსაბუთებლად ზღუდავს და არღვევს, გარანტიის გამცემ პირთა უფლებებს, რომელთაც სურთ ტენდერში მონაწილოების მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ2“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი გარანტია არის გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომლებთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ამავე საკანონმდებლო აქტის 211 მუხლი ადგენს წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს. მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის დანაწესი ადგენს, რომ მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის №ბს-667-642(კ-13) გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული გადაწვეტილებით საკასაციო სასამართლო განმარტავს: „სახელმწიფო შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობაში ხორციელდება, რომლის ერთ-ერთ მონაწილეს, შემსყიდველის სახით ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, არ გააჩნია მავალებელი ან ამკრძალავი ხასიათი, როგორც ეს ლოგიკურია სხვა სახის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობებისათვის, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ყალიბდება. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შემსყიდველი იწვევს დაინტერესებულ პირებს, რათა გახდნენ მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილენი საკუთარი სურვილის, ნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
ამდენად, ნების ავტონომიის პრინციპით მოქმედი მიმწოდებლები არა მხოლოდ აღჭურვილნი არიან უფლებით, გახდნენ სახელმწიფოს პარტნიორები, არამედ ამავდროულად შებოჭილნი არიან კეთილსინდისიერების პრინციპით. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებანი და მოვალეობანი (სამოქალაქო კოდექსის 8.3. მუხლი); ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემსყიდველთათვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა წარმოადგენს მათი სამოქალაქო უფლების რეალიზაციას, რომლის სამართლებრივი სტანდარტი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის - უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, დანაწესით, კერძოდ: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრის ავტონომია შემსყიდველ ორგანიზაციას მიანიჭა. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სრულ თავისუფლებას, არამედ ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია მასში გაწერილი მოთხოვნები უნდა გამომდინარეობდეს საჭიროებიდან და ემსახურებოდეს მიზნის მიღწევას, რომ შესყიდული სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულდება, განხორციელდება შეფერხებების გარეშე, სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხები დაიხარჯება რაციონალურად და შესყიდვასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
როგორც ზემოთ აღნიშნა სადავო პუნქტებით პრეტენდენტისაგან შემსყიდველი ორგანიზაცია მოითხოვს ზოგადად ბანკის მიერ გაცემული გარანტის და არა კონკრეტული ბანკიდან საბანკო გარანტიის წარდგენას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მოცემულია საბანკო გარანტიის ცნება. მითითებული კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს საბანკო გარანტიის გამცემ სუბიექტებს, თუმცა არ ადგენს საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დაწესებით ამავე ნორმით გათვალისწინებულ ყველა სუბიექტთათვის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის, მხარე თავად ირჩევს მიზნის მიღწევის ხერხს, ირჩევს კონტრაჰენტს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთაგან მხოლოდ ერთი სუბიექტიდან (ბანკი) საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დაწესებას მოპასუხის არგუმენტიდან - ფინანსურ რისკებისა და სახელმწიფო (საბიუჯეტო) სახსრების რაციონალურ ხარჯვის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, გამართლებულად მიიჩნევს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები შეუსაბამობაში არ მოდის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ ტენდერთან მიმართებაში არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, მხარეს სადავოდ არ აქვს გამხდარი საბოლოო გადაწყვეტილება (ტენდერის შედეგები). ამასთან, მოსარჩელის პოზიციის მიხედვით, მხოლოდ ბანკებიდან საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დაწესებით გარანტიის გამცემ პირთა უფლების შეზღუდვის თაობაზე, ვლინდება არა ამ კონკრეტულ ტენდერთან, არამედ სამომავლო ტენდერებთან მიმართებაში უფლების რელიზების უზრუნველყოფა, რაც დავის ამ ფარგლებში შეუძლებელია. მოსარჩელის საყურადღებოდ, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებელად განსაზღვრავს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მოქმედი მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სამომავლოდ გამოცხადებულ ტენდერებთან მიმართებაში კონკრეტული პირობის დაწესება.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ა----------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ა-----------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი