განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/323-18
გამოძიების N041160318003
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ო----- რ-----ე
ბრალდებული - ე------ ფ-----
პირადი ნომერი: N6----------
დაბადების თარიღი: 29.07.1978 წელი
მამის სახელი: იური
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: სოხუმი, სოფ. ბ---–--
ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ო–---–-ს ქ. #2
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 13 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ე------ ფ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
2017 წლის 27 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ე------ ფ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში, შ------–--ის ქუჩის #2/6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ე------ ფ-----მ, ყოფილ მეუღლეს მ--- ფ----–------ეს ორჯერ დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც მ--- ფ----–------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე მ--- ფ----–------ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ე------ ფ-----ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ--- ფ----–------ემ განმარტა, რომ ბრალდებულ ე------ ფ-----სთან, რომელიც 2005 წლიდან მისი მეუღლე იყო, ამჟამად განქორწინებულია. ოჯახის შექმნის დღიდან ბრალდებული ხშირად სვამდა. რის შემდეგაც, ძალადობდა მასზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ იმის გამო, რომ იყო მისი შვილის მამა, ამის შესახებ მას პოლიციაში არ განუცხადებია. მის მიმართ იგი ხშირად ავლენდა ძალადობას, აკითხავდა სამსახურში. ბრალდებულ ჰქონდა ვალები და ვერ იხდიდა მას. 2018 წლის 16 მარტს, როდესაც ბრალდებული გამოვიდა ციხიდან იგი დაუკავშირდა ბავშვს და ითხოვდა მასთან შეხვედრას, რაზედაც მან უარი განუცხადა. იმავე დღეს დაახლოებით 21:00 საათზე, როდესაც ბავშვთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ბავშვმა უთხრა მას, რომ მათთან მისული იყო მისი მამა ე------ ფ-----, შეეშინდა და ჩაკეტა კარები. ჩავიდა პირველ სართულზე მეზობელთან ნ-----–- ჯ-----–---სთან, სადაც კარებზე დააკაკუნა ბრალდებულმა. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც კარები გააღო ბრალდებულმა მიაყენა მას შეურაცხყოფა. მოკიდა კისერში ხელი და ორჯერ ჩაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც, მის საშველად მივიდნენ მეზობლები. დარტყმის შედეგად მას თვალი ქონდა ჩალურჯებული, ხოლო ,,სვიტრი“, რომელიც ეცვა იყო დახეული. დაზარალებული განმარტავს, რომ დარტყმის შედეგად განიცხადა ფიზიკური ტკივილი ხოლო კისრის მიდამოში მიიღო დაზიანება. ბრალდებულმა მეზობლების თანდასწრებით უთხრა მას, რომ ,,თუ ბოდიშს არ მომიხდი მოგკლავო“. ასევე ეუბნებოდა, რომ ,,შენ დამიჭირეო... შენს გამო ვიჯექი ციხეშიო“. აფრთხილებდა მას, რომ არ ეთქვა არაფერი, თორემ ,,სადაც შენი ძმა მარხია იქ დაგმარხავო“. ასევე, ემუქრებოდა დაჭერით. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის დაჭერის ინტერესი არ გააჩნია, სურს, რომ მას და მის შვილს ბრალდებულმა თავი დაანებოს. ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას.
ბრალდებულმა ე------ ფ-----მ, საქმის სასამართლო განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, აღიარებს და ინანიებს მომხდარს განმარტა, რომ უვლის ავადმყოფ დედას და დას საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლით ეხმარება ოჯახს, გარდა დაზარალებულ მ--- ფ----–------ემ ჩვენებისა უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ე------ ფ-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ე------ ფ-----ს მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ მ--- ფ----–------ის ჩვენებით ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, მოწმეების: გ-- კ-----–-–---–ის, ნ-----–- ჯ-----–---ს, ზ----- გ--–-–---–ის, გ------- ქ----ის, ი-----–- ხ-----ს, გ------- კ-----ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, 2015 წლის 13 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ე------ ფ-----ს მიმართ, ბრალდებულ ე------ ფ-----ს დაკავების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მ--- ფ----–------ის და ე------ ფ-----ს განქორწინების მოწმობის ასლი, საქმეზე დართული მ--- ფ----–------ის ტანსაცმელი- ,,სვიტერი“.
სამართლებრივი შეფასება:
წარდგენილ კვალიფიკაციას, 1261 მუხლის მეორე ნაწილის,,ე’’ ქვეპუნქტით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას. შესაბამისად ე------ ფ-----ს მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ. ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის. მართალია, ამ შემთხვევაში ძალადობა და ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევდა, მაგრამ ისინი მაინც ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულებია. რომელიც ხშირად კვალს ტოვებს ადამიანის სხეულზე, ზოგჯერ კი არანაირი კვალი არ აღენიშნება, თუმცა მეტნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას.
სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ე------ ფ-----ს მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
დამამძიმებელი გარემოება საქმეზე არ მოიპოვება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნასამართლობის მქონე ბრალდებულმა კვლავ განახორციელა ახალი განზრახი დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან.
სასამართლო ამავე დროს ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ არის იძულებით გადაადგილებული პირი, აღიარებს და ინანიებს მომხდარ ქმედებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ გამოყენებული იქნება ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რაც თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რადგანაც იგი გამართლებული იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ე------ ფ-----ს რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ე------ ფ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. გაუქმდეს ე------ ფ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ ე------ ფ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მ--- ფ----–------ის კუთვნილი სვიტერი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, დაერთოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე