განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/253-18
(№012200318001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატი არჩილ ცაგურია,ბრალდებული: დ--------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, ჯ-----–---–------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეუარცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ხ----------------–---–ს მისი მეუღლე დ--------------–---–ი თანაცხოვრების პერიოდში, წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც ხ----------------–---–ისათვის იყო დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი.
აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 20 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. რუსთავში, ჯ-----–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხ----------------–---–ს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მისმა მეუღლემ დ--------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა, უყვიროდა, იყო აგრესიული ბოლოს ძალადობა გადაიზარდა ფიზიკურში, რაც გამოიხატა იმაში, რომ დ--------------–---–მა კედელთან მიიმწყვდია ხ----------------–---–ი და მთელი ძალით ჩაარტყა თავი სახის, კერძოდ ცხვირის არეში. დ--------------–---–ის ქმედებების შედეგად ხ----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ--------------–---–მა, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ ის და ხ----------------–---–ი 22 წელია არიან ცოლ-ქმარი. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს. 2018 წლის 20 მარტს სახლში მივიდა გვიან და მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა იმის გამო, რომ იგი დაბადების დღეზე წავიდა და შვილები მარტო დატოვა სახლში. კონფლიქტის დროს განზრახ ჩაარტყა თავი შუბლის არეში, რა დროსაც გამოვიდა მისი უფროსი ქალიშვილი 19 წლის თ---–ა, უმცროსის - არასრულწლოვანი ა-----------–---–ის გამოსვლა არ ახსოვს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ხ----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის და ბრალდებული დ--------------–---–ი 22 წელია არიან ცოლ-ქმარი. მისი მეუღლე სტიქაროსანია, მაგრამ როცა დალევს აგრესიულია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. 2018 წლის 20 მარტს იმყოფებოდა დაბადების დღეზე დასთან, სახლში მივიდა გვიან. მეუღლე, დ--------------–---–ი ნასვამი დახვდა, გაბრაზდა რომ მარტო იყო წასული. მისი დამშვიდების მიუხედავად, უყვიროდა და თავი ჩაარტყა ცხვირში, რის გამოც ტკივილი განიცადა და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ინციდენტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები თ---–ა და ა------------–---–ი. წარსულშიც მის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი, სიმთვრალის გამო მის მიმართ გამოჩენილი აგრესიისთვის (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არასრულწლოვანი ა-----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დროს ეძინა და ხმაურზე გაეღვიძა, არაფერი დაუნახავს, თუმცა ესმოდა, რომ მამამისი უყვიროდა დედას, როცა გავიდა პოლიცია იყო მოსული და მიჰყავდათ მამა. მისივე განმარტებით, მას არ უთხოვია პოლიციელებისთვის, რომ მამა მოეშორებინათ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---–----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მის მშობლებს კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ზოგჯერ კონფლიქტი მოსდით. 2018 წლის მარტს ღამით იყვნენ სახლში, რა დროსაც მათი ჩხუბის ხმა შემოესმა და გავიდა ოთახიდან. ჩხუბის ხმაზე გაეღვიძა მის არასრულწლოვან დას - ა-----------–---–ს, ფიზიკურ შეურაცხყოფას არ შესწრებია, რადგან მან ოთახში შეიყვანა. ჩხუბის გამძაფრების გამო პატრული გამოიძახეს. მისივე განმარტებით, მას და მის დას არ უთხოვიათ პოლიციელებისთვის, მამა მოეშორებინათ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის გ-------–-------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 19 მარტს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 112-მა შეატყობინა ოჯახური კონფლიქტის შესახებ. დ--------------–---–ის ოჯახში გამოცხადებისას, მისი მეუღლე, ხ----------------–---–ი განმარტავდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე დ--------------–---–ი სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას შვილების თანდასწრებით. ბრალდებული იყო აგრესიული. შვილები ითხოვდნენ მამის მოშორებას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის ბ--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 19 მარტს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 112-ისგან მიიღო შეატყობინა ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ხ----------------–---–ი ტიროდა და ამბობდა, რომ შუბლში თავი ჩაარტყა მისმა მეუღლემ. დ--------------–---–ი იყო აგრესიული და მათი თანდასწრებითაც შეაგინა მეუღლეს. მათი გოგონები ესწრებოდნენ ამ ინციდენტს და ტიროდნენ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
გამოძიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან - შემთხვევის ადგილის დათვალიერებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ჩვენებებია მისცეს ასევე გამომძიებლებმა ს---------------–---–მა, ი-----–---------ამ და ნ-----–-----------–---–მა.
2018 წლის 08 აგვისტოს გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენს, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის, როგორიც მშობლებია, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს (განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონეს) ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ დ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის შესაბამისად განესაზღვროს სასჯელი.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
დ--------------–---–ის მიმართ საქმეში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რომ ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპის და პრევენციის, ბრალდებულის პიროვნების და დაზარალებული პოზიციის გათვალისწინებით რომ შერიგებულია ბრალდებულთან, სურს მასთან ერთად თანაცხოვრება და 4 შვილის აღზრდა, სასამართლო თვლის, რომ დ--------------–---–ს უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული დ--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და დამაფიქრებელი მისთვის, რომ გააცნობიეროს არა მარტო ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, არამედ მსგავსი ქმედებისას არასრულწლოვანზე ზემოქმედების ფაქტორი და ბოლოს, შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ღონისძიებები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
დ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.
დ--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
2. დ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზიდანვე.
3. დ--------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2018 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.
4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი