განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2018
საქმის ნომერი
080100118002587068
დავის ტიპი
126 1
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/735-18 (№041040718001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 სექტემბერი, 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე

სტაჟიორ-პროკურორი: რუ------- ლა----

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ზა--- ჩხ--------

მამის სახელი: რა-----

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ნი------------------

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქუთაისში, ნი------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზა--- ჩხ--------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა კობა კვ--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ზა--- ჩხ--------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა ზა--- ჩხ--------ს აღიარებისა, დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: კობა კვ--------ს გამოკითხვის ოქმი, მა----- კვ--------ს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ზა--- ჩხ--------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილებაში ზა--- ჩხ--------ს მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება ძალადობად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სამართლებრივად მართებულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად თვლის, რომ სახეზეა ძალადობის, (რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზა--- ჩხ--------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რისთვისაც ზა--- ჩხ-------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

3. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულებს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზა--- ჩხ--------ს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა--- ჩხ--------ს განესაზღვროს - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, ქმედების ხასიათს, ასევე, თავად მის პოზიციას და გამომდინარე აქედან, აღნიშნული სასჯელის ოდენობა არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზა--- ჩხ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზა--- ჩხ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ზა--- ჩხ--------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალების ამსახველი CD დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული გასაშლელი დანა - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური