განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
140100117002507127
დავის ტიპი
126 1
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100117002507127

N1/130-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

13.09.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ნათია კიკალია

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატიები - ნათია ჯ----იშვილი, დავით ჯალალი

 

ბრალდებული - გ--- ს---–------ის ძე ჯ----ი, დაბადებული 1--- წლის 14 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–--------.

 

კვალიფიკაცია

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ--- ჯ----მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ფ-----ში, გ--- ჯ----მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ-------------------–ის, რის შედეგადაც დ-------------------–იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის გ--- ჯ----ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით).

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ--- ჯ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

დაზარალებულმა დ-------------------–იმ, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, მიუთითა, რომ 2017 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქუჩიდან შემოესმა ხმა. ამ დროს იგი თავის საცხოვრებელ სახლში, პირუტყვის სადგომში იმყოფებოდა. დ-------------------–ი გარეთ გავიდა და დაინახა გაჩერებულ ავტომანქანასთან მდგომი ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გ--- ჯ----ი. როდესაც გ--- ჯ----მა დ-------------------–ი დაინახა, მასთან მივიდა, დაუწყო ჩხუბი და სრულიად უმიზეზოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დ-------------------–იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს დაზარალებულს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ გ--- ჯ----ი ურტყამდა მას. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დ-------------------–ის დედა - მ----------------ი და მათი მეზობელი - ზ------------------ი, რომელთა დანახვაზეც გ--- ჯ----ი გაიქცა. ავტომანქანით გაიქცა გ--- ჯ----თან ერთად მყოფი უცხო პირიც.

 

დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულია მ----------------ის და მისი მეზობლის - ზ-------------------ს პირდაპირი ჩვენებებით. მათი განმარტებებით, 2017 წლის 9 თებერვალს, საღამოს, ქუჩიდან შემოესმათ ხმაური. როდესაც მათ გარეთ გაიხედეს, დაინახეს, რომ ქუჩაში დ-------------------–ი და მათთვის უცნობი ორი პიროვნება ჩხუბობდენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც, როგორც შემდგომ გაარკვიეს, იყო გ--- ჯ----ი, დ-------------------–ის ხელს ურტყამდა. როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ, გ--- ჯ----ი გაიქცა ფეხით, ხოლო მეორე უცნობი პიროვნება - ავტომანქანით. მ----------------ის განმარტებით, იგი კარგად იცნობდა გ--- ჯ----ის მამას, ასევე იცოდა, რომ მისი შვილი იყო გ--- ჯ----ი, რომელმაც დ-------------------–ის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, გ--- ხ----–---–მა დაადასტურა გ--- ჯ----სა და დ-------------------–ის შორის ჩხუბის ფაქტი. მისი განმარტებით, 2017 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, მან და გ--- ჯ----მა გადაწყვიტეს ავტომანქანით სოფელ მუხრანში წასვლა, რა დროსაც მათ გზად, სოფელ ფ-----ში, შეხვდათ დ-------------------–ი. ამ დროს გ--- ჯ----ს გაახსენდა, რომ დ-------------------–ის მისი ვალი ჰქონდა, გადავიდა ავტომანქანიდან და უსაყვედურა მას, რატომ ატყუებდა და რატომ არ აძლევდა კუთვნილ თანხას. აღნიშნული საუბრისას გ--- ხ----–---–ი ავტომანქანაში იჯდა და გაიგო, რომ გ--- ჯ----ის ამგვარი მიმართვის გამო დ-------------------–ი გახდა აგრესიული და დაიწყო ყვირილი, რასაც მოჰყვა მათ შორის კონფლიქტი. გ--- ხ----–---–ის განმარტებით, მას პირადად არ დაუნახავს მიაყენა თუ არა გ--- ჯ----მა დ-------------------–ის ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა, დაინახა, რომ გ--- ჯ----ი გაიქცა, ხოლო დ-------------------–ი მას ყვირილით უკან დაედევნა. ამ დროს გ--- ხ----–---–იც ავტომანქანით წავიდა შემთხვევის ადგილიდან.

 

საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა - გ--- ჯ----მა აღიარა, რომ 2017 წლის 9 თებერვალს, კასპის რაიონის სოფელ ფ-----ში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ-------------------–ის, თუმცა, მიუთითა, რომ ქმედების ჩადენისას იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. გ--- ჯ----ის განმარტებით, მას დ-------------------–ის ცემის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია, პირიქით, კონფლიტქის ინიციტორი თავად დ-------------------–ი იყო, რომელიც ნიჩაბით თავს დაესხა მას. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის მისვლის ერთადერთ მიზანს ვალთან დაკავშირებული უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარება წარმოადგენდა. როდესაც მან ხელი მოუქნია დ-------------------–ის, არ ჰქონდა გამიზნული მისი ცემა, რადგან მისი მოქმედება განპირობებული იყო მხოლოდ თავდაცვის ინსტინქტით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას ბრალად შერაცხული ქმედების აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენის შესახებ, ვინაიდან არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ გ--- ჯ----ი თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიებისას პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიზნით. თავდაცვის მოტივია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. აუცილებელი მოგერიება, მისი ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, შედგება რამდენიმე სავალდებულო კომპონენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. სასამართლო მიმოიხილავს თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე:

 

· აუცილებელი მოგერიების დროს ყოველთვის სახეზეა სამართლებრივად დაცული სიკეთის ან ინტერესის ხელყოფა, რომელიც ადამიანის აქტიური ან პასიური ქცევით - მოქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული;

 

· ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ე.ი. უკვე დაწყებული, ჯერ კიდევ მიმდინარე. ხელყოფა იმწუთიერად უნდა განხორცილედეს მისი განგრძობადობის თვალსაზრისითაც, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიმყენებელი ქმედების კვლავ განმეორების საშიშროება;

 

· ხელყოფა ასევე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კულტურის ნორმებით დადგენილ მართლწესრიგს. იგი უნდა იყოს არამარტო მომგერიებლის გონებაში წარმოსახული, არამედ რეალური და ობიექტურად არსებული;

 

· აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან (ანუ ფიზიკური ძალის გამოყენებისას, მაგალითად, ხელის მოქნევის თუ დარტყმის საპირწონედ არ უნდა იქნეს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი). არ შეიძლება ადამიანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენონ მაშინ, როდესაც შესაძლებელია თავდასხმით გამოწვეული ზიანის მიყენების თავიდან აცილება ან თავდაცვის განხორციელება შედარებით ნაკლები ზიანის მიყენების გზით;

 

· აუცილებელი მოგერიების მესამე ნიშანი - თავდაცვის სურვილი, ასევე რეალურად, ობიექტურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შედეგად უნდა დადგინდეს. თუ მომგერიებელს გაცნობიერებული აქვს, რომ მის მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება აშკარად შეუსაბამოა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რომ ასეთი საშუალება არ არის საჭირო მოგერიებისათვის და იგი თავდაცვას სხვა გზითაც შეძლებს, ასევე იგი ითვალისწინებს იმას, რომ ჩადენილი ქმედებით მძიმე შედეგი აუცილებლად დადგება ან სურს ასეთი შედეგის დადგომა, ამ შემთხვევაში ქმედების მოტივად უნდა მიჩნეულ იქნეს შურისძიება და არა თავდაცვა, შესაბამისად, ამ დროს ადგილი აქვს არა აუცილებელ მოგერიებას, არამედ განზრახ ქმედებას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებში ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი დეტალების თანხვედრას, რაც სასამართლოს შეფასებით, გ--- ჯ----ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს და გამორიცხავს ქმედების ჩადენისას მის ყოფნას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. დაზარალებული დ-------------------–ი, ისევე როგორც დანაშაულის თვითმხილველი ყველა მოწმე - მ----------------ი, ზ------------------ი და გ--- ხ----–---–ი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ შეხვედრისას ბრალდებულსა და დაზარალებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც გ--- ჯ----მა დ-------------------–ის სახის არეში რამდენჯერმე ხელი დაარტყა. არც ერთი მათგანის ჩვენებით, თუ სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ დ-------------------–ი გ--- ჯ----ს თავს დაესხა, რის გამოც, მისი მოგერიების მიზნით, ბრალდებულმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ მათი შეხვედრის ინიციატორი იყო გ--- ჯ----ი, რომელმაც ვალთან დაკავშირებით დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ხელი რამდენჯერმე დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ცემა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა, არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ გ--- ჯ----ის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. დ-------------------–იმ სწორედ გ--- ჯ----ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, შესაბამისად, ჩადენილი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--- ჯ----ს დ-------------------–ისთან ვალის გამო არსებული კონფლიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე, ამოძრავებდა შურისძიების მოტივი. ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, მისი ძალადობრივი მოქმედების უმთავრეს მიზანს სწორედ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება წარმოადგენდა, რაც მან ხელის არაერთი დარტყმით სისრულეში მოიყვანა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ--- ჯ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--- ჯ----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით - 2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--- ჯ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

გ--- ჯ----ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის, განზრახ დანაშაულთა რიგს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--- ჯ----მა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. ბრალდებული სისტემატურად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.

 

გასათვალისწინებელია ბრალდებულის ყოფაქცევა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგ, გ--- ჯ----მა დანაშაულის ჩადენისთანავე მიიღო შესაბამისი ზომები დაზარალებულთან შერიგების მიზნით. სასამართლოში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დასტურდება, რომ დ-------------------–ის გ--- ჯ----თან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს: გ--- ჯ----ი 28 წლისაა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დასაოჯახებელია, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დახასიათებებით დადგენილია, რომ გ--- ჯ----ი არის შრომისმოყვარე და გულისხმიერი ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში სარგებლობს კარგი ავტორიტეტით.

 

სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად გ--- ჯ----ის საზოგადოებისაგან იზოლირება არ იქნება სამართლიანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების და მისი სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, გ--- ჯ----ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, მინიმალური ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლოს აზრით, რომ გ--- ჯ----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე და 50-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--- ჯ----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულის მიერ მის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.

 

3. მსჯავრდებულ გ--- ჯ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ლარისა ჯ----ს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· დ-------------------–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - დ-------------------–ის;

 

· გ--- ჯ----ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გ--- ჯ----ს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე