გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
190210018002427109
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-1326-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი მაგდა შენგელია

მოსარჩელე - ჯ----------------ი

მოპასუხე -სპს ,,ხ--------ა და კ-------ა''

მოპასუხის წარმომადგენელი - ხათუნა ხ--------ა-ე-----–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სპს ,,ხ--------ა და კ-------ის'' უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ჯ----------------ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ 21150, საიდენტიფიკაციო # X----------------, სახელმწიფო ნომრით: F------. 1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამართლებრივი საფუძვლები: სარჩელში მითითებულია, რომ ჯ----------------ის საკუთრებაშია ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ 21150, სახელმწიფო ნომრით F------, რომლის გადაფორმების მიზნით 2014 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელემ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში მიიყვანა ავტომანქანა, დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მანქანის შასსის ნომერს აღენიშნებოდა შესაძლო ზემოქმედების და გადაკეთების კვალი და აღნიშნული ნომრით ავტომანქანა იძებნებოდა უკრაინის ინტერპოლის მიერ 2004 წლიდან. შესაბამისად, რუსთავის შსს საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის და დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, რის გამოც, მანქანა პოლიციის მიერ გადაყვანილი იქნა სპს ,,ხ--------ა და კ-------ის'' საჯარიმო სადგომზე. 2017 წლის 4 სექტემბერს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო პროკურორის დადგენილებით აღნიშნულ საქმეზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. რის შემდეგაც, მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს თხოვნით, რომ მისთვის დაებრუნებინა ავტომანქანა, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ----------------ი ითხოვს, რომ მოპასუხე სპს ,,ხ--------ა და კ-------ის'' უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ჯ----------------ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ 21150, საიდენტიფიკაციო # X----------------, სახელმწიფო ნომრით: F------. ასევე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2.მოპასუხის პოზიცია მოპასუხე სპს ხ--------ა და კ-------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს და მოპასუხეს შორის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, სპს ხ--------ა და კ-------ა თავის საჯარიმო ავტოსადგომზე აყენებდა პოლიციის მიერ შემოყვანილ ავტომობილებს, რომლის სანაცვლოდ მოპასუხე იღებდა გარკვეულ თანხას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ჯ----------------ის ავტომანქანის დგომის საფასური ხელშეკრულების მეორე მხარეს არ გადაუხდია, რის გამოც, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ 21150, საიდენტიფიკაციო # X----------------, სახელმწიფო ნომრით: F------ ეკუთვნის ჯ----------------ს. მტკიცებულება: ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 18) 3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ 21150, საიდენტიფიკაციო # X----------------, სახელმწიფო ნომრით: F------ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო პოლიციის მიერ გადაყვანილი იქნა სპს ხ--------ა და კ-------ის საჯარიმო ავტოსადგომზე. მტკიცებულება: მხარეთა-ახსნა-განმარტება 3.1.3. 2017 წლის 4 სექტემბერს აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურორის დადგენილებით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მტკიცებულება: დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 19-20) 3.1.4. ავტოსატრანსპორტო საშუალებას ვაზ 21150, საიდენტიფიკაციო # X----------------, სახელმწიფო ნომრით: F------, უკანონოდ ფლობს მოპასუხე სპს ხ--------ა და კ-------ა. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.

სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ 21150, საიდენტიფიკაციო # X----------------, სახელმწიფო ნომრით: F------ საკუთრების უფლებით ეკუთვნის ჯ----------------ს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მოძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ მას სამართლებრივი ურთიერთობა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა რუსთავის საქალაქო სამმართველოსთან, სწორედ მათ შემოიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე ჯ----------------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, რაც შეეხება მოსარჩელეს, მას რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა სპს ,,ხ--------ა და კ-------ასთან'' არ გააჩნია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მოპასუხე მხარეს აღარ გააჩნია აღნიშნულ ნივთზე ფლობის უფლება, ხოლო მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები, კერძოდ, დაიბრუნოს მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სპს ,,ხ--------ა და კ-------ის'' უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ჯ----------------ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ 21150, საიდენტიფიკაციო # X----------------, სახელმწიფო ნომრით: F------; რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). საპროცესო კანონი ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას ხარვეზის შევსების მიზნით უშვებს. ანალოგია თავისი არსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს, უნდა ემსახურებოდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. მოცემულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიის გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სამოსამართლო სამართალშემოქმედების გზით მოწესრიგდეს კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი (დაურეგულირებელი) საკითხი, კერძოდ, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს დაუყოვნებლის აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა არაფერია მითითებული მოძრავი ნივთების შემთხვევაზე, განსახილველ საქმეზე არსებული საკითხების გადაწყვეტისათვის, სასამართლო თვლის, რომ მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ საპროცესო ნორმად მიჩნეული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე1’’ პუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, სპს ხ--------ა და კ-------ას ჯ----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ----------------ის სარჩელი მოპასუხე სპს ,,ხ--------ა და კ-------ის'' მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე სპს ,,ხ--------ა და კ-------ის'' უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ჯ----------------ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ 21150, საიდენტიფიკაციო # X----------------, სახელმწიფო ნომრით: F------;

 

3. მოპასუხე სპს ,,ხ--------ა და კ-------ას'' ჯ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული

გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი