გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002262008
საქმე №3/321-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ი-----------–--ე
წარმომადგენელი - ნინო აფაქიძე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მაია წიწილაშვილი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება
წარმომადგენელი - მიხეილ ბარბაქაძე
მესამე პირი - ხ---------–------ე
წარმომადგენელი - ნ-----–-----–--–------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 დეკემბრის № MIA 3 17 03042119 გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების 2017 წლის 6 ნოემბრის N2679531 შეტყობინება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე - ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - ხ---------–------ის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სარჩელს და განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 6 ოქტომბერს მოქალაქე ხ---------–------ის წარმომადგენელმა ნ-----–-----–--–------–-–---–მა N2410874 განცხადებით მიმართა საქართველოს შნაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას და მოითხოვა ქ. თბილისში, გ-–----------------------------------------ში მდებარე, მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი: 0----------------------) მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მცხოვრები გ--–------–--ისა და მასთან მყოფი პირების გამოსახლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ტ.1 ს.ფ. 71-72);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 დეკემბრის MIA 3 17 03042119 გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 11-15);
4.2. საკუთრების დაზუსტების მიზნით პოლიციის განყოფილებამ 2017 წლის 10 ოქტომბერს N2434948 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის 2017 წლის 23 ოქტომბრის N441509 წერილობითი პასუხითაც დადასტურდა მოქალაქე ხ---------–------ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 დეკემბრის MIA 3 17 03042119 გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 11-15);
- ამონწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1 ს.ფ. 77-76)
4.3. ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 6 ნოემბერს გამოცემულ იქნა უკანონო მფლობელის გამოსახლების/გამოყვანის შესახებ N2679531 შეტყობინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების 2017 წლის 6 ნოემბრის შეტყობინება N2679531 (ტ.1 ს.ფ. 65-67);
4.4. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-2 განყოფილების 2017 წლის 6 ნოემბრის შეტყობინება N2679531 ი-----------–--ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 დეკემბრის MIA 3 17 03042119 გადაწყვეტილებით, მოქალაქე ი-----------–--ის 2017 წლის 15 ნოემბრის N2754251 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1 ს.ფ 60-64);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 დეკემბრის MIA 3 17 03042119 გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 11-15);
4.5. საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 18 მაისს დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ 2017 წლის 3 ნოემბრის N0010121977 და N001012996 დადგენილებების მიხედვით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--–------–--ემ და ი-----------–--ემ ჩაიდინეს მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ისე იგი მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით ი-----------–--ე და გელა ყიფიანი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ტ.1 ს.ფ. 84);
- დადგენილება N0010121977 (ტ.1 ს.ფ. 85-87);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 დეკემბრის MIA 3 17 03042119 გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 11-15);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განაჩენი (ტ. 2, ს.ფ. 14-18);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №75 ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 დეკემბრის № MIA 3 17 03042119 გადაწყვეტილება და 2017 წლის 6 ნოემბრის შეტყობინება N2679531 არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მოცემული დავის ფარგლებში.
7.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №75 ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესსა და პროცედურებს. ამავე წესის მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, უკანონო მფლობელი არის პირი, რომელიც საცხოვრებელ სახლში/ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა, ფლობს ან/და სარგებლობს აღნიშნული ქონებით, ათავსებს მასში მოძრავ ნივთებს ან/და ახორციელებს სხვა ქმედებებს, რაც ხელს უშლის მართლზომიერი მფლობელის მიერ მფლობელობის უფლების განხორციელებას; დასაბუთებული ვარაუდი არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს ბრალი წაეყენება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, დადასტურებულია რომ მისამართზე: ქალაქი თბილისი, მასივი გლდანი, მიკრო/რაიონი მე-5, კორპუსი 19, ბინა N72-ზე რეგისტრირებულია ხ---------–------ის საკუთრების უფლება.
დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ი-----------–--ისა და გ--–------–--ის მიმართ 2017 წლის 18 მაისს დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. კერძოდ, 2017 წლის 3 ნოემბრის N0010121977 და 2017 წლის 29 სექტემბრის N0010121996 დადგენილებების მიხედვით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--–------–--ემ და ი-----------–--ემ ჩაიდინეს მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა. ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით ი-----------–--ე და გელა ყიფიანი ცნობილი არიან დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-60 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის N75 ბრძანებით დამტკიცდა საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი. სწორედ აღნიშნული წესი განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესსა და პროცედურებს. აგრეთვე განსაზღვრავს აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლის/ბინის ან/და სხვა მფლობელობის მართლზომიერი მფლობელობის უფლების დაცვა ხორციელდება განცხადების საფუძველზე. მართლზომიერმა მფლობელმა განცხადება უნდა წარუდგინოს სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის განთავსებული თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონება. ხოლო სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გამოითხოვოს: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია; ბ) დასაბუთებული ვარაუდის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ დადგენილება ან გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ); გ) საჯარო რეესტრიდან ან/და შესაბამისი ორგანოდან ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულმა საკუთრების უფლების პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი პირების მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა ხ---------–------ის განცხადებაში აღწერილ გარემოებებსა და მათ გამოსაკვლევად მოძიებულ მტკიცებულებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №75 ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი ემსახურება იმ მიზანს, რომ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მართლზომიერი მფლობელის უფლება - თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს უძრავი ქონებით, უსაფუძვლოდ არ შეიზღუდოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ი-----------–--ისა და გ--–------–--ის მიმართ გამოსახლების შესახებ გაფრთხილება შედგა მისი ბრალდებულად ცნობის ეტაპზე და არა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს მტკიცების სამ სტანდარტს. თითოეული სტანდარტი მტკიცების ხარისხის გათვალისწინებით შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ ეტაპს. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი სტანდარტი შეესაბამება პირის ბრალდებულად ცნობის სავალდებულო სტანდარტს და დასაბუთებული ეჭვის არსებობა ქმნიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №75 ბრძანებით დამტკიცებული წესის გამოყენების აუცილებლობას.
აღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ სავარაუდო უკანონო მფლობელის გამოსახლების შესახებ 2017 წლის 6 ნოემბრის N2679531 შეტყობინება გამოცემულია „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის N75 ბრძანებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული სადავო გარემოებები და სწორი შეფასება მიეცა მათ. ი-----------–--ეს არც ადმინისტრაციული საჩივრით და არც სარჩელით დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და არც რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით,ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური ნორმების სრული დაცვით. შესაბამისად არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე