განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
010100118002453500
დავის ტიპი
180 3 ბ , 180 3 ა
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002453500

საქმე №1-441/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ კ----------------------–--ის

ბრალდებულის _ ნ--- გ---------ის

ადვოკატის - ჯ----–-------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170310318801 საქმე:

 

ბრალდებულ ნ--- გ---------ის მიმართ

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 23.07.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–--------------------–---------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2017 წლის 12 ივნისს, ნ--- გ---------ე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა შპს მისო „------------------–--- -ის კრედიტ ოფიცრის თანამდებობაზე. მოვალეობის შესრულებისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს, შპს მისო „-----------------–---- სა და მსესხებელ ნ----------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ნ--- გ---------ემ, როგორც შპს მისო „-----------------–--- -ის კრედიტ ოფიცერმა, განიზრახა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით და თაღლითურად მიესაკუთრებინა აღნიშნული სესხის დასაფარად გათვალისწინებული ნ----------------ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები. ამ მიზნით, ნ--- გ---------ემ ნ----------------ეს შესთავაზა, რომ თავად აიღებდა ხელზე შპს მისო „ ე----------------–--“- ის სესხის დასაბრუნებელ თანხებს და შეიტანდა ნ----------------ის კრედიტის დასაფარად, ხოლო აღნიშნულით მას არ მოუწევდა შესატანი თანხის 1%-ის დამატებით გადახდა და ამ გზით მიიღებდა სარგებელს. ვინაიდან, აღნიშნული შეთავაზება ნ----------------ისთვის მისაღები იყო, ამასთანავე პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ამოწურული ჰქონდა მოქმედების ვადა, ნ----------------ემ მიიღო ნ--- გ---------ის წინადადება.

 

2017 წლის 17 ოქტომბრიდან 2017 წლის 07 ნოემბრამდე დროის პერიოდში, ნ--- გ---------ე, ქალაქ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ანგისის ქუჩა N64-ში მდებარე სასურსათო მაღაზია „ მარკეტ ნატალში “, ს-------------ისაგან და თავად ნ----------------ისგან რამდენიმე ეტაპად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 8500 ( რვა ათას ხუთასი)ლარის ოდენობით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და არ დაფარა შპს მისო „ ე----------------–--“ -ის საკრედიტო დავალიანება, რის გამოც აღნიშნული სესხის ხელშეკრულების სესხის დასაფარ თანხას დაემატა მის დარღვევის გამო ვადის გადაცილების ჯარიმის თანხები, რამაც გამოწვია იძულებითი სააღსრულებლო წარმოება. შესაბამისად, ნ--- გ---------ის თაღლითური მოქმედების გამო, ნ----------------ეს შპს მისო „ ე----------------–--“ -ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 11 904(თერთმეტი ათას ცხრაას ოთხი) ლარის გადახდა, რითაც მას მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულმა ნ--- გ---------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- გ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. დაზარალებულ ნ----------------ის ჩვენება, მოწმეების - და----------------------------------------------------------------------------------------------–---–---------------------------------------------ის ჩვენებები, 2017 წლის 12 ივნისით დათარიღებული, შპს მისო „-----------------–----სსა და ნ--- გ---------ეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, 2017 წლის 17 ოქტომბერს კრედიტ-ოფიცერ ნ--- გ---------ის მიერ შედგენილი შპს მისო „-----------------–----სსა და ნ----------------ეს შორის დადებული №EC.0004603.002 საკრედიტო ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი და შპს მისო „-----------------–----ის საბანკო ანგარიშის ამონაწერი ნ----------------ის სასესხო ოპერაციებთან დაკავშირებით, სალაროს შემოსავლის ორდერები, მსესხებელ ნ----------------ის 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 აპრილამდე პერიოდის სესხის გადახდის ისტორია, ნ----------------ის 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 აპრილამდე პერიოდის სატრანზიტო ანგარიშის ამონწერი.

 

6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით, თაღლითობა წარმოადგენს სხვისი ნივთის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მიღებას, ჩადენილს მოტყუებით. სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მახასიათებელი მთავარი ნიშანი.

 

7. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს ან მის კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას.

 

8. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, რაც იმაში გამოიხატება, რომ დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ან პირიქით ნამდვილი ინფორმაციის დამალვით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის, ხერხი. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. თაღლითობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუებით. აქტიური მოტყუებაა, როდესაც ხდება პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე წინასწარი შეცნობით. პასიური მოტყუება კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის დაზარალებულისთვის შეტყობინება სავალდებულო იყო. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად.

 

9. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სრულად დადასტურდა ნ--- გ---------ის მიერ მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაზარალებულ ნ----------------ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტი.

 

10. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

12. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

13. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ--- გ---------ის ბრალდების დადასტურება.

 

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

17. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

18. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

19. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

20. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--- გ---------ემ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ ნ----------------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

23. ნ--- გ---------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

24. ნ--- გ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ზიანის ანაზღაურება და შერიგება დაზარალებულთან.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

26. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

27. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

28. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

29. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

30. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

31. სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

 

32. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების და ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--- გ---------ეს, რომელიც აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, აანაზღაურა ზიანი, შეურიგდა დაზარალებულს - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - ჯარიმა 5500 (ხუთიათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

33. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ--- გ---------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: ნ--- თ-------ს ძე გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5500 (ხუთიათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 07 მაისიდან 2018 წლის 09 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ--- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ნონა ხალვაშს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი