გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2018
საქმის ნომერი
330210118002518398
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/19426-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე

მოსარჩელე გ------ი გო----–---

წარმომადგენელი ვე---------------ი

მოპასუხე ზვ---- კვ--------

წარმომადგენელი ალ------------–-–---–ი

დავის საგანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზვ---- კვ--------ს, გ------ი გო----–---ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 4178 ლარის ოდენობით. 1.2. ზვ---- კვ--------ს, გ------ი გო----–---ს სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯების გადახდა, რომელიც შედგება სსიპ ს----------–----–-----------------------------–- გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარის, საადვოკატო მომსახურების ღირებულების - 167 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხებისგან. (11.09.2018წ, სხდომის ოქმი, 12:54:35 წთ) სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 5 აპრილს ქ. თბილისში, დე--------------------–---------- მიმდებარედ ერთმანეთს შეეჯახნენ მოტოციკლი „სუძუკი“, სახელმწიფო ნომრით A------, რომელსაც მართავდა გ------ი გო----–--- და ავტომობილი „მერსედეს-ბენცი“, სახელმწიფო ნომრით W------, რომელსაც მართავდა მოპასუხე ზვ---- კვ--------. ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებით კლინიკა „ლ--–---–ი“ გადაყვანილი იქნა მოსარჩელე, სადაც მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება ჯამური ღირებულებით 54 ლარი. ვინაიდან, გ------ი გო----–---ს ჯანმრთელობის დაზიანების მიღების ფაქტი არ დაუდგინდა 2018 წლის 17 მაისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შეწყდა. ამავე დადგენილების მიხედვით ირკვევა, რომ მოპასუხის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლზე მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4 000 ლარს. დაზიანებული მოტოციკლი გადაყვანილი იქნა საჯარიმო სადგომზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 124 ლარი. მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულებას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია 2.1 მოპასუხე ზვ---- კვ--------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავოდ მიიჩნია პროკურატურის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოპასუხემ საქმის განხილვისას წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა და არ უარყო ნაწილობრივ მის ბრალეულობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ასევე გამოწვეულია მოსარჩელის მიერ, რომელმაც უგულვებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 5 აპრილს თბილისში, დე--------------------–---------- მიმდებარედ მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა გ------ი გო----–---ს საკუთრებაში და მისი მართული მოტოციკლი „სუძუკი“, სახელმწიფო ნომრით A------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ 17-19)

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით გ------ი გო----–---ს სამედიცინო დახმარება გაეწია კლინიკა „ლ--–---–ი“, რომლის ღირებულებამ შეადგინა 54.40 ლარი.

 

გ------ი გო----–---ს მოტოციკლის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის შედეგად მოსარჩელის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 124 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ვივამედის მომსახურების ანაზღაურების ქვითარი (ს.ფ 31-32)

- ელ-----------–-----–--------------–ის რეკომენდაცია გაწერისას (ს.ფ 31)

- სს ლი------------ის ქვითარი (ს.ფ 30)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილზე, რომლის რეკვიზიტებია მოტოციკლი „სუძუკი“, სახელმწიფო ნომრით A------, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4 000 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 22-23)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელ ნორმებზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი), რითაც მოწესრიგებულია ამ კატეგორიის დავებზე, მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

საქმეზე წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რომლის მიხედვით გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ზვ---- კვირიკაძის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით. მისი ქმედება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. უდავოა, რომ დადგენილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქმის განხილვისას მოპასუხე ზვ---- კვირიკაძის ზეპირ-სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ იგი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილ იქნა სამართალდამრღვევ პირად და დაჯარიმდა 250 ლარით, რაც მოპასუხე მხარის მიერ გადახდილია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დადგენილება და თავად მოპასუხის ახსნა-განმარტება სრულფასოვნად ადასტურებს მის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას ავტოსაგზაო შემთხვევისას. ამავდროულად გ------ი გო----–---ს სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ უნდა განიხილოს სსსკ-ის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება (ს.ფ 17-19)

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. სასამართლომ განიხილა გ------ი გო----–---ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მატარიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები;

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რომელიც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში კერძოდ: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სასარჩელო მოთხოვნების განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ------ი გო----–---ს მიადგა ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა ჯამში 4178 ლარით. დადასტურებულია, რომ გ------ი გო----–---სთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხე ზვ---- კვირიკაძის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით. მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის სრული მოცულობა შეადგენს 4178 ლარს. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს მოსაზრებით არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა წინაპირობა და გ------ი გო----–---ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით, მოსარჩელის სასარგებლოს უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი - 176 ლარი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 500 ლარი. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4% - 167.12 ლარის და სსიპ ს----------–----–-----------------------------–- გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარის ანაზღაურება. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები. 8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, 309 21 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა:

 

1. გ------ი გო----–---ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს სრულად: ზვ---- კვ--------ს, გ------ი გო----–---ს სასარგებლოდ დაეკისროს 4178 ლარი.

2. ზვ---- კვ--------ს მოსარჩელე გ------ი გო----–---ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები 364,12 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე