განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100118002559649
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ოლღა მერებაშვილი
ბრალდებული - გი-------–----–იძე
ადვოკატი - ნუ-------------–იძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გი-------–----–იძე
მამის სახელი: ანზორი
დაბადებული: 15.12.1982 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქობულეთი, დ. აღ--–-----–ის გამზ N120
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
276-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 14:30 საათზე, ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი’’ სახ.N CIC 221, რომელსაც მთვრალ მდგომარეობაში მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორი გი-------–----–იძე, დაარღვია რა საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით მოძრავ ,,მერსედეს ბენც ემელ’’-ის მარკის ავტომანქანას, სახ. N ANC 555, რომელსაც მართავდა ოთ----–----ე.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს ,,მერსედეს ბენც ემელ’’-ის მგზავრებმა ელ-------–---------–-----–---------------–----–----ემ, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გადაყვანილნი იქნენ ,,უნიმედი აჭარა’’-ს ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა გი-------–----–იძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გი-------–----–იძის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების ოთ----–----ის, ნა----------------------–------------------------------------------–-----–--------–-------–---------–-----–------------–----–--აძის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თანდართული სქემას და ფოტოსურათებს CD დისკზე, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას Nს/ტ-30, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნას N000927918, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N47/ა დასკვნას, ლე----–---ძის საედიცინო ექსპერტიზის N001791218 დასკვნას, ელ-------–---ძის სამედიცინო ექსპერტიზის N001791118 დასკვნას, ჯიმ–----–--აძის სამედიცინო ექსპერტიზის N001799618 დასკვნას, დაზარალებულთა სამედიცინო ბარათებს, გი-------–----–იძის დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების ბრძანებებს და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5.ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის.
7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით: N000928818 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გი-------–----–იძე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. N000927918 დასკვნის თანახმად, გი-------–----–იძეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
2018 წლის 01 მარტის N47/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლ გი-------–----–იძის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის და მუხლი 34 პუნქტი 3 ქვეპუნქტი ,,გ’’-ს მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
ოთ----–----ეს მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, რადგან მის სამოძრაო ზოლში გადასული ავტომობილი იმყოფებოდა მოძრაობაში და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
სამედიცინო ექსპერტიზის N001791218 დასკვნით დადგენილია, რომ ლე----–---ძე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2018 წლის 12 თებერვალს მოთავსებული იქნა საავადმყოფოში, რომელსაც აღენიშნებოდა მარცხენა ტაბუხის ფოსოს ნამსხვროვანი მოტეხილობა ბარძაყის თავის ქვეამოვარდნილობით, მარცხენა თეძოს ძვლის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლით.
სამედიცინო ექსპერტიზის N001791118 დასკვნით დადგენილია, რომ ელ-------–---ძე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2018 წლის 12 თებერვალს მოთავსებული იქნა საავადმყოფოში, რომელსაც აღენიშნებოდა ქვედა ყბის მოტეხილობა მარცხნივ მცირედი ცდომით. ორივე მუხლის სახსრის დაჟეჟილი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლით.
სამედიცინო ექსპერტიზის N001799618 დასკვნით დადგენილია, რომ ჯიმ–----–--აძე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2018 წლის 12 თებერვალს მოთავსებული იქნა საავადმყოფოში, რომელსაც აღენიშნებოდა ქალა - ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, შუბლის ორბიტალური კიდის ხაზოვანი მოტეხილობა, დაჟეჟილი ჭრილობა შუბლის არეში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლით.
ასევე ბრალდებულ გი-------–----–იძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ტოიოტა ჰაილუქსი’’-ს მარკის ავტომანქანით (სახ. ნომრით CIC 221) მოძრაობდა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ,,მერსედეს ბენც ემელ’’-ის მარკის ავტომანქანას, სახ. N ANC 555, რომელსაც მართავდა ოთ----–----ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს ,,მერსედეს ბენც ემელ’’-ის მგზავრებმა ელ-------–---------–-----–---------------–----–----ემ, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გადაყვანილნი იქნენ ,,უნიმედი აჭარა’’-ს ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში.
ამდენად, გი-------–----–იძის ქმედება - მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ელ-------–---ძის, ლე----–---ძის და ჯიმ–----–--აძის ჯანმრთელობის დაზიანებასთან. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი-------–----–იძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. გი-------–----–იძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
10. გი-------–----–იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი-------–----–იძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა - 1 (ერთი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და გი-------–----–იძის რესოციალიზაციისათვის.
13. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით მართვის უფლების ჩამორთმევა მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი-------–----–იძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა ,,მერსედესი’’, სახ. N ANC-555 და ,,ტოიოტა ჰაილუქსი’’, სახ. N CIC-221, რომელიც დგას შპს ,,ბათ-ავტო 23’’-ის საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი