გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.09.2018
საქმის ნომერი
330310018002388382
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2149-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

 

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ა----- ჯ---- ფ------ა

წარმომადგენელი - ბ------ გ-----–---ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - თ----- გ--------–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - თ----- ს---------

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება (დაზუსტდა მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი)

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილება;

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილება;

1.3 დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ა----- ჯ. რ. ფ------ას სახელზე ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. მოპასუხის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილებით, ,,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა 2017 წლის 12 დეკემბრის N1--------- განცხადება, ა----- ჯ.რ ფ------ასათვის (A---- J.R. F-----A დაბ:17.04.1--- წელს, საუდის არაბეთში, პასპორტის N3------) საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. დაკმაყოფილდა აღნიშნული განცხადება და ა----- ჯ.რ ფ------ას მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 3 იანვრამდე;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 126-127);

 

3.1.2. 2018 წლის 3 იანვარს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განიხილა ა----- ჯ---- ფ------ას N0------------ განცხადება დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ;

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მოძიებულ და განმცხადებლის მიერ წარდგენილი საბუთებიდან გაირკვა, რომ იგი ითხოვდა დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას მონაცემებით: ა----- ჯ.რ ფ------ა, დაბადების თარიღი - 1--- წლის 17 აპრილი, დაბადების ადგილი - საუდის არაბეთი, მოქალაქეობა - არმქონე. საფუძვლად წარდგენილია N3------ პასპორტი, რომელიც გაცემულია პალესტინის ორგანოს მიერ. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული პირის კანონიერი მონაცემების- მოქალაქეობის დასადგენად და დასაფიქსირებლად საჭირო იყო კანონით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა მოქალაქეობის დადგენასთან დაკავშირებით;

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილებით შეჩერდა ა----- ჯ----ფ------ას სახელზე დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 119);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 16 იანვრის N0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 123-124);

 

3.1.3. 2018 წლის 30 იანვრისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოქალაქის განცხადება და უარი ეთქვა ა----- ჯ---- ფ------ას დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილება (ს.ფ 18-19);

 

3.1.4. 2018 წლის 23 თებერვალს, ა----- ჯ---- ფ------ამ N4---- საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 23 თებერვლის N4---- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 121-122);

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა ა----- ჯ.რ ფ------ას 2018 წლის 23 თებერვლის N4---- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილება;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილება (ს.ფ 20-22);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია;

5.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

5.3. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

5.4. საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;

5.5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

42-ე მუხლის, პირველი პუნქტით ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მე-15 მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად კი, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა 2017 წლის 12 დეკემბრის N1--------- განცხადება, ა----- ჯ.რ ფ------ასათვის (A---- J.R. F-----A დაბ:17.04.1--- წელს, საუდის არაბეთში, პასპორტის N3------) საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. დაკმაყოფილდა 2017 წლის 12 დეკემბრის N1--------- განცხადება და ა----- ჯ.რ ფ------ას მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 3 იანვრამდე.

 

6.3. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის მე-3 თავში მოცემულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ბინადრობის მოწმობა არის მუდმივი და დროებითი. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-14 მუხლის მე-61 პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. მე-7 პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) დაბადების თარიღს; დ) დაბადების ადგილს; დ1) მოქალაქეობას; დ2) სქესს; ე) პირად ნომერს; ვ) ფოტოსურათს; ზ) პირად ხელმოწერას; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატს − ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს;

 

დადგენილია, რომ ა----- ჯ---- ფ------ამ 2018 წლის 3 იანვარს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა N0------------ განცხადებით და მოითხოვა დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა;

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მოძიებულ და განმცხადებლის მიერ წარდგენილი საბუთებიდან გაირკვა, რომ იგი ითხოვდა დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას მონაცემებით: ა----- ჯ.რ ფ------ა, დაბადების თარიღი - 1--- წლის 17 აპრილი, დაბადების ადგილი - საუდის არაბეთი, მოქალაქეობა - არმქონე. საფუძვლად წარდგენილი იყო N3------ პასპორტი, რომელიც გაცემულია პალესტინის ორგანოს მიერ. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული პირის კანონიერი მონაცემების- მოქალაქეობის დასადგენად საჭირო იყო დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა მოქალაქეობის დადგენასთან დაკავშირებით და შეჩერდა ა----- ჯ----ფ------ას სახელზე დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით;

 

2018 წლის 30 იანვრისთვის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა ა----- ჯ---- ფ------ას დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე;

 

მოსარჩელე არ იზიარებს მოპასუხის აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით იგი იმყოფება საქართველოში ლეგალურად. აქვს დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გასცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და შესაბამისად სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე საქმისწარმოების პროცესში მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია კანონშესაბამისად, რაც გახდა ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში შედიოდა არა მხოლოდ პალესტინის ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი N3------, არამედ საუდის არაბეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტაციიდან გამომდინარე კი შესაძლებელი იყო არა მხოლოდ პირის იდენტიფიცირება, არამედ მისი პერსონალური მონაცემების დადგენა;

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილებით უარი უთხრა 2018 წლის 23 თებერვლის N4---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილება.

 

6.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

აღნიშნული წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია: პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირადობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, ხოლო ბინადრობის მოწმობა - საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.

 

ამავე წესის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები უცხოელი და საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად მიმართავს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციასთან ერთად - სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პირის რეგისტრაცია.

 

წესის VIII თავით განსაზღვრულია რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შეჩერებისა და უარის თქმის წესები. 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები. ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა----- ჯ---- ფ------ას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა მოქალაქეობა და ასევე, ვერ იქნა წარდგენილი ა----- ჯ---- ფ------ას, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ზემოაღნიშნული წესის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ალტერნატიული შინაარსისაა და იძლევა ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ, პირის მოქალაქეობის დადგენა ვერ ხერხდება.

 

მოცემული ნორმის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობისათვის სახეზე შეიძლება იყოს ორი პირობის ალტერნატიულად არსებობა: 1. შეუძლებელი უნდა იყოს პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა; 2. შეუძლებელი უნდა იყოს პირის მოქალაქეობის დადგენა. ასევე, შესაძლებელია სახეზე იყოს მესამე პირობაც, კერძოდ, ზემოაღნიშნული საფუძვლები არსებობდეს კუმულაციურად და შეუძლებელი იყოს პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების და მოქალაქეობის დადგენა. ამდენად, აღნიშნულ მუხლში მოცემულია დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით ამ მუხლში წარმოდგენილია როგორც კუმულაციური, ასევე ალტერნატიული სახით. შესაბამისად, შედეგს იწვევს ორი პირობა, რომელთაგან თითოეული ცალკე აღებული საკმარისია შედეგის დადგომისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის რომ ა----- ჯ---- ფ------ას მოქალაქეობა ვერ დადგინდა და ასევე ვერ იქნა მოძიებული/დადგენილი მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, საქმეში არსებული N3------ პასპორტით და საუდის არაბეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობით ნათლად დგინდება პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები. კერძოდ: ა----- ჯ---- ფ------ა (A---- J.R. F-----A), დაბადებულია - 14.04.1--- წ, დაბადების ადგილი - საუდის არაბეთი, პირადი ნომერი - 4--------, პასპორტის ნომერი 3------, პასპორტის მოქმედების ვადა - 15.12.2019 წ (ს.ფ 106-108, 115-116). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის ა----- ჯ---- ფ------ას სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე N1--------- გადაწყვეტილება, სადაც ა----- ჯ.რ ფ------ას მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დადგენილია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებშიც მითითებულია საქართველოში მცხოვრები, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, აღნიშნული დოკუმენტების გამოყენება კი შესაძლებელია პირის იდენტიფიცირებისათვის.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი თავისი არსით დისკრეციული ხასიათისაა, ის სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების არსებობის შემთხევაში, ისე რომ თუნდაც ვერ დგინდებოდეს განმცხადებლის მოქალაქეობა, გასცეს ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;

 

6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.

 

ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე, როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილ იქნეს და მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის სწორად გადაწყვეტამდე, ვინაიდან სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების შედეგს. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტები არ შეიცავენ საკმარის მოტივაციას საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად, გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, დანარჩენი გარემოებების გაზიარებაზე უარის დასაბუთების გარეშე, არ პასუხობს ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილ სტანდარტს.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ცალსახაა კანონმდებლის ნება, რომ დაინტერესებული პირის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და უნდა დადგინდეს, ქმნის თუ არა ისინი კანონმდებლობით დადგენილ საფუძვლებს ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პირს შეეზღუდოს საკუთარი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მოქალაქეობის დადგენა ვერ ხერხდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კანონი იძლევა მისი გაცემის შესაძლებლობას და ამასთან, იგივე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უკვე მოპოვებული აქვს ბინადრობის ნებართვა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უარით მოსარჩელეს ეზღუდება განათლების მიღების უფლება.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილება ა----- ჯ---- ფ------ას დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6.7. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მეორე მოთხოვნას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ა----- ჯ---- ფ------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასების გარეშე მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილება ა----- ჯ---- ფ------ას დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილება ა----- ჯ---- ფ------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე და სახეზეა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება, მესამე სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ა----- ჯ. რ. ფ------ას სახელზე ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის დავალებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც საფუძვლიანი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №0-------- და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილებები და უნდა დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ა----- ჯ.რ ფ------ას სახელზე ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო, მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----- ჯ---- ფ------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის N0-------- გადაწყვეტილება;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N0--------გ გადაწყვეტილება;

 

4. დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ა----- ჯ---- ფ------ას სახელზე ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა;

 

5. მოპასუხეებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ ა----- ჯ---- ფ------ას სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თ----- ოქროპირიძე