გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.09.2018
საქმის ნომერი
130310018002569825
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-61-2018

(130310018002569825)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - ნ-----–- ჩ------–ი

მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ი----- ფ-----ე

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ-----–- ჩ------–ი ითხოვს დაეკისროს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ 1500 ლარი - ხუთი წლის (2012-2016 წლების) ერთჯერადი დახმარება წელიწადში 300 ლარის ოდენობით.

 

თავდაპირველად მოსარჩელე ითხოვდა, ასევე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N05/11864 წერილის ბათილად ცნობას. 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ არის 81 წლის, პირველი ჯგუფის ინვალიდი. მისი ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ოჯახებს. 2012 წლიდან ხელოვნურად მოხდა მისი ოჯახის სარეიტინგო ქულის გაზრდა და შეუწყდა სოციალური დახმარება. ამის შედეგად დაკარგა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებაც. სოციალური დახმარების შეწყვეტის გამო დავა ჰქონდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს მისთვის სოციალური დახმარების ანაზღაურება.

 

ამის შემდეგ მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და როგორც საარსებო შემწეობის მიმღებმა, მოითხოვა 2012-2016 წლების ერთჯერადი დახმარების გაცემა წელიწადში 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 200 ლარი არის დახმარება, ხოლო 100 ლარი მედიკამენტების თანხა, სულ ჯამში 1500 ლარი. გამგეობამ უარი უთხრა თანხის გაცემაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ ნ-----–- ჩ------–მა 2017 წლის 25 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოადგინა სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანხმადაც, მოვალე მხარეს წარმოადგენდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება და ითხოვა თანხის ანაზღაურება. გამგეობის წერილით მას განემარტა, რომ სააღსრულებოს ფურცლის აღსრულების მიზნით უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილებისათვის ან სააღსრულებო ბიუროსათვის.

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნ-----–- ჩ------–ი არ აკმაყოფილებდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამებით სარგებლობის პირობებს - არ იყო რეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არ გააჩნდა შესაბამისი ოდენობის სარეიტინგო ქულა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირი საქმეში არ ჩართულა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ნ-----–- ჩ------–ი 1991 წლის 13 ნოემბრიდან არის პირველი ჯგუფის ინვალიდი (უვადოდ), რევმატოიდული ართრიტით დაავადებული, შრომისუნარდაკარგული, საჭიროებს მომვლელს და დანიშნული აქვს პენსია (იხ. ამონაწერი 1991 წლის 13 ნოემბრის საექიმო-შრომითი ექსპერტიზის კომისიის შემოწმების აქტიდან, ასევე, იხ. საპენსიო მოწმობა ს.ფ. 29).

 

4.2. ნ-----–- ჩ------–ი 1984 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. მე-2 ჩიხი N2. იგი 2015 წლის 7 სექტემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ხაშური, დ. სურამი, ივ. მაჩაბლის ქ. N18. მოსარჩელის განმარტებით იგი 2007 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია (იხ. 2017 წლის 28 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, ასევე, მხარეთა განმარტება - სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.3. ნ-----–- ჩ------–ის ოჯახს 2006 წლის აგვისტოდან დაენიშნა სოციალური დახმარება - სარეიტინგო ქულა 28580. 2007 წელს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 61510, 2008 წელს - 48190, 2012 წელს - 29550, 2014 წელს - 36450, 2015 წელს - 44630, 2016 წელს - 64680 (რაც გაბათილდა სააგენტოს მიერვე), 2017 წელს - 66470 (იხ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის N04/43159 წერილი).

 

4.4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ-----–- ჩ------–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2015 წლის 3 ნოემბრის ოქმი ნ-----–- ჩ------–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ და დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულ განყოფილებას აუნაზღაუროს ნ-----–- ჩ------–ს სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) 2015 წლის ოქტომბრის თვიდან მდგომარეობის შეცვლამდე - ხელახალი გადამოწმების შედეგებამდე, თვეში 50 ლარის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და 2017 წლის 23 ოქტომბერს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 11-19).

 

4.5. ნ-----–- ჩ------–მა 2017 წლის 13 მარტს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2012-2016 წლების ერთჯერადი სოციალური დახმარების 1500 ლარის გაცემის თაობაზე. გამგეობამ 2017 წლის 21 მარტს აცნობა, რომ 5 დღის ვადაში უნდა წარედგინა საინფორმაციო ბარათი მოცემულ წლებში რეგისტრაციის (საცხოვრებელი) ადგილის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ. 21).

 

4.6. ნ-----–- ჩ------–მა 2017 წლის 25 ოქტომბერს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2012-2016 წლების თანხის ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას დაურთო ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს გაცემული N3/188-2016 სააღსრულებო ფურცელი. გამგეობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს აცნობა, რომ, ვინაიდან, მოვალე მხარეს წარმოადგენდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება და არა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილებისათვის ან სააღსრულებო ბიუროსათვის (ს.ფ. 20).

 

4.7. ნ-----–- ჩ------–მა 2017 წლის 6 ნოემბერს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და განუმარტა, რომ მას სოციალური დახმარება უნდა მიეღო სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ხოლო ერთჯერადი დახმარება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წელიწადში 300 ლარის ოდენობით, მათ შორის 200 ლარის ოდენობის დახმარება, ხოლო 100 ლარი მედიკამენტების თანხა და ითხოვა 2012-2016 წლების თანხის - 1500 ლარის ჩარიცხვა ანგარიშზე. გამგეობამ 2017 წლის 8 ნოემბერს აცნობა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილებისათვის და არა ხაშურის მუნიციპალიტეტისათვის (იხ. 2017 წლის 6 ნოემბრის N5603 განცხადება და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 ნოემბრის N08/12209 წერილი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის N1 და 2012 წლის 28 დეკემბრის N53 დადგენილებები, 2013 წლის 24 დეკემბრის N181, 2014 წლის 4 დეკემბრის N179 და 2015 წლის 15 დეკემბრის N152 განკარგულებები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

7.2. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს ღონისძიებები სოციალური დახმარების მიზნით. იმავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება.

 

7.3. ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი (2017 წლის 26 ივლისის ცვლილებების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციით - გამგებელი). მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად, ხოლოს 50-ე მუხლის თანახმად, მერია (2017 წლის 26 ივლისის ცვლილებების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციით - გამგეობა) არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.

 

7.4. ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას, ხოლო „ე.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას.

 

7.5. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ანალოგიურად არეგულირებდა ურთიერთობებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მოქმედი საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, კერძოდ, ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები, მე-19 მუხლი, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი პუნქტი.

 

7.6. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 დეკემბრის N179 განკარგულებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის“ დანართი N1-ის მე-2 გრაფის თანახმად, პროგრამის მიზანია ხაშურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. განკარგულების N2 დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ და/ან საჭიროებენ მომვლელს და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს იღებენ დახმარებას 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 100 ლარი არის მედიკამენტების ღირებულება. ანალოგიურია გათვალისწინებული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის N152 განკარგულებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2016 წლის მუნიციპალური პროგრამით“.

 

7.7. როგორც სასამართლომ დაადგინა, ნ-----–- ჩ------–ი 2015 წლიდან რეგისტრირებულია (ფაქტობრივად ცხოვრობს 2007 წლიდან) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არასოდეს ყოფილა 100000-ზე მაღალი. იგი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე), საჭიროებს მომვლელს. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2015-2016 წლების სოციალური პროგრამების მიხედვით, მას უფლება ჰქონდა მიეღო ერთჯერადი დახმარება 300-300 ლარის ოდენობით.

 

7.8. რაც შეეხება 2012-2014 წლებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ პერიოდში ნ-----–- ჩ------–ი არ იყო სოციალური პროგრამების ბენეფიციარი. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-3 მუხლის მიხედვით, მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში უფინანსდებოდათ ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს და ონკოლოგიურ ავადმყოფებს, მე-5 მუხლის მიხედვით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლოებს და ასევე, იმ პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ნ-----–- ჩ------–ის განმარტებით, ასეთ კატეგორიას იგი არ მიეკუთვნება (იხ. სხდომის ოქმი). პროგრამის მე-8 მუხლის მიხედვით, (რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად), ანაზღაურებას ექვემდებარება რევმატიული დაავადების მქონე პირის სტაციონარული მკურნალობის ღირებულების 50%, არაუმეტეს 800 ლარისა. ნ-----–- ჩ------–ი კი არის რევმატიული დაავადების მქონე, თუმცა მისივე განმარტებით, მას ამ პერიოდში სტაციონარული მკურნალობა არ გაუვლია (იხ. სხდომის ოქმი). პროგრამის სხვა მუხლები ნ-----–- ჩ------–ის მსგავსი ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის მქონე პირის მიმართ რაიმე გასაცემელს არ ითვალისწინებს.

 

7.9. ანალოგიურად აწესრიგებს მოცემულ ურთიერთობებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N53 დადგენილებით დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“, მათ შორის წესის მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები.

 

7.10. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის N181 განკარგულებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2014 წლის მუნიციპალური პროგრამის“ დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ და/ან საჭიროებენ მომვლელს და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს იღებენ დახმარებას 500 ლარის ოდენობით, საიდანაც 100 ლარი არის მედიკამენტების ღირებულება. მართალია ნ-----–- ჩ------–ი ამ პირობებს აკმაყოფილებს, თუმცა დადგენილების დანართში აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანია ხაშურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ანუ მოცემული პროგრამა მოითხოვდა, რომ პირი არამარტო ფაქტობრივად უნდა ყოფილიყო ხაშურის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, არამედ - რეგისტრირებულიც. 2014 წელს ნ-----–- ჩ------–ი არ იყო რეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლება ამ პროგრამის ბენეფიციარად.

 

7.11. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ პროგრამა მოქმედებდა მხოლოდ მოცემული კალენდარულ წელს და ამიტომ ნ-----–- ჩ------–ზე აღარ უნდა მოხდეს თანხის გაცემა. დადგენილია, რომ ნ-----–- ჩ------–ი 2015-2016 წლების სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენდა. როდესაც მან მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის მარტში და მოითხოვა 2012-2016 წლების ერთჯერადი დახმარების გაცემა, გამგეობამ მისგან მოითხოვა მხოლოდ საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა მისი ხაშურის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ზაკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებას განუხილველად დატოვებდა. ანუ გამგეობამ ჩათვალა, რომ ნ-----–- ჩ------–ი აკმაყოფილებდა სხვა დანარჩენ პირობებს და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დადასტურების შემთხვევაში გასცემდა თანხას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნ-----–- ჩ------–ი არის 81 წლის, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობუის მქონე, საჭიროებს მომვლელს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ და სოციალური კუთხით მოწყვლად ადამიანს, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა მომეტებული ვალდებულება მაქსიმალურად უზრუნველყოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, კერძოდ, თვითონ გამოიკვლიოს გარემოებები, მოიპოვოს საჭირო მტკიცებულებები, არ გამოიყენოს კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულად (განმცხადებლის მიერ საკმარისი საბუთების წარუდგენლობისას განცხადების განუხილველად დატოვება მისი უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება) და არ დააკისროს დაინტერესებულ პირს იმაზე მეტი ტვირთი, რისი ფაქტობრივი შესრულების საშუალება მას აქვს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

7.12. სასამართლო, ასევე, არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას სარჩელზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ ნ-----–- ჩ------–ი თავისი განცხადებებით ითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებას და ამიტომ განემარტა, რომ მას უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ან სააღსრულებო ბუროსათვის. მართალია, ნ-----–- ჩ------–ის 2017 წლის 25 ოქტომბრის განცხადება ამგვარად შეიძლება გაიგოს ადრესატმა, თუმცა მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა მოპასუხისათვის, ასევე, 2017 წლის მარტში და ითხოვდა ერთჯერად დახმარებას პროგრამის მიხედვით (რაც მოპასუხემაც ამგვარად გაიგო მისი 2017 წლის 21 მარტის წერილიდან გამომდინარე), ასევე, 2017 წლის 6 ნოემბრის განცხადებაში ნ-----–- ჩ------–ი განმარტავდა, რომ იგი ითხოვდა ერთჯერად დახმარებას მუნიციპალური პროგრამის მიხედვით წელიწადში 300-300 ლარის ოდენობით. ამ განცხადებიდან ერთმნიშვნელოვნად იკვეთებოდა თუ რას შეეხებოდა მოთხოვნა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი განმცხადებელი კვლავ გადაამისამართა სოციალური მომსახურების სააგენტოში და სააღსრულებო ბუროში. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მუნიციპალური დახმარება არ გაცემულა.

 

7.13. ამდენად, ნ-----–- ჩ------–ს ჰქონდა უფლება 2015 და 2016 წლების მუნიციპალური პროგრამის მიხედვით 300-300 ლარის მოთხოვნაზე, ხოლო დანარჩენ (2012-2014) წლებში იგი არ წარმოადგენდა სოციალური პროგრამის ბენეფიციარს, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფიოლდეს 2 წლის თანხის - 600 ლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

7.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე, 331-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ-----–- ჩ------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ნ-----–- ჩ------–ის სასარგებლოდ 600 (ექვსასი) ლარის გადახდა;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი