განაჩენი

სისხლის სამართლის 23.08.2018
საქმის ნომერი
330100118002569960
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------8

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23აგვისტო,2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------- ჭ------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----- დ-----ის ძე კ--–------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დ---დებული 1--- წლის 1-------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: დ--- ჩ-----------ი, მ-----------ძის ქ.#8-ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ს------ ქ.#4--–-

 

ადვოკატი - ზ------ კ-----–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 01:30 საათზე, თბილისში, ტყვიავის ქ.#16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ----- კ--–------ემ მეუღლეს თ----- გ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.1. დაზარალებულმა თ----- გ-------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 30 ივნისს, მეუღლემ, დ----- კ--–------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის - ტუჩის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ეს იყო პირველი შემთხვევა შვიდწლიანი ურთიერთობის პერიოდში.

 

2.2. ბრალდებულმა დ----- კ--–------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 30 ივნისს, მეუღლე თ----- გ-------ი სახლში დაბრუნდა გვიან ღამით, დაახლოებით 2 საათზე, რამაც იგი აღაშფოთა და იძალადა მასზე, ერთჯერადად ხელი დაარტყა სახის არეში, რასაც გულწრფელად განიცდის.

 

2.3. გარდა დაზარალებულ თ----- გ-------ის და ბრალდებულ დ----- კ--–------ის ჩვენებებისა, სასამართლოს დასკვნა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობას: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს.

 

2.4.სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ----- კ--–------ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

2.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა დ.კ--–------ემ, 2018 წლის 30 ივნისს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. მსხვერპლის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტს, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად მოწმობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით, თ----- გ-------ს ტუჩის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია შესამოწმებელი პირის თ----- გ-------ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია დაზიანების მექანიზმთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 30 ივნისს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის არეში. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად, მეუღლე.

 

2.6. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფო ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა დ----- კ--–------ის ბრალეულობა.

 

3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა დ----- კ--–------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ----- კ--–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებას და ამ კუთხით სინანულს. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს დ----- კ--–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება. ეს იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, რასაც წინ არ უძღოდა შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით დ----- კ--–------ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. რაც შეეხება სასჯელის მოხდის წესს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გამო დ----- კ--–------ეს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.4.როგორც ზემოთ აღინიშნა შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არის აუცილებელი დ----- კ--–------ის იზოლაცია საზოგადოებისაგან, თუმცა კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან დ----- კ--–------ე ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- კ--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 30 ივნისიდან - 2018 წლის 4 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით დ----- კ--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა