გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - დ----------–--ე
წარმომადგენელი - დ----------–--ე
მოპასუხე - ლ--------–--ე
წარმომადგენელი - ნ----------------ა, ბ---------ე
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ქონების საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი დ----------–--ესა და ლ--------–--ეს შორის 2015 წლის 5 მაისს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე თ---–-----------–-------------------------- ½ ნაწილი და ქონება საკუთრებაში დაუბრუნდეს დ----------–--ეს.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2015 წლის 5 მაისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით დ----------–--ემ, თ---–--–---------–---------------–---------------------ს ½ ნაწილი საკუთრებაში გადასცა შვილს, ლ--------–--ეს. იმავე წლის აგვისტოში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, მოსარჩელესა და მოპასუხის დედასთან (რომელიც ამავდროულად არის მოსარჩელის ყოფილი მეუღლე) კონფლიქტის შემდეგ. ლ--------–--ემ მოსარჩელე შეიძულა, აყენებს როგორც მძიმე შეურაცხყოფას, ასევე იჩენს დიდ უმადურობას მის მიმართ, რაც გამოხატება შემდეგში: ლ--------–--ის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის მიმართ უხამსი სიტყვების გამოყენებას. მძიმე შეურაცხყოფის ფაქტი ლ--------–--ემ 2 სხვადასხვა სასამართლო სხდომაზე აღიარა. რაც შეეხება უმადურობას, როდესაც დ----------–--ეს ჰქონდა მატერიალური საშუალებები, ოჯახის იდეალური წევრი იყო, ხოლო 2015 წლის ზამთარში, როცა ოჯახმა შეიტყო, რომ მას საშუალება აღარ გააჩნდა უზრუნველეყო ოჯახი მატერიალური, მაშინ მოპასუხისთვის იგი „ამორალური, აგრესიული პირი“ გახდა. მოპასუხე კატეგორიულ უარს აცხადებს მის მოვლა-პატრონობაზე. ფინანსური პრობლემების გამო მოსარჩელემ 2015 წელს დახურა საკუთარი ბიზნესი, იმ იმედით, რომ ფინანსურად შვილი დაეხმარებოდა, თუმცა ლ--------–--ემ უარი განაცხადა. ამიტომ, მოსარჩელე იძულებული გახდა აღეძრა მოპასუხის მიმართ ალიმენტის მოთხოვნის სარჩელი. ამდენად, სახეზეა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული ორივე საფუძველი, როგორც უმადურობა, ასევე მძიმე შეურაცხყოფა.
მოსარჩელის განმარტებით, ალიმენტის შესახებ დავის განხილვისას მოპასუხეს რომ ეცნო სარჩელი, ან სასამართლოს უარი ეთქვა სარჩელის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, წინამდებარე სარჩელის აღძვრის საფუძველიც უმადურობის მოტივით არ იარსებებდა, რადგან უმადურობის ფაქტი დადასტურებული არ იქნებოდა კონკრეტული მტკიცებულებებით. აღნიშნული კი მოცემულ საქმეში ალიმენტის დაკისრების შესახებ კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება წარმოადგენს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ არ ცნო მოსარჩელის მოთხოვნა, განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მიმართ უმადურობის, ასევე მძიმე შეურაცხყოფის ფაქტს. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის დავის განხილვის დროს მისი მხრიდან სარჩელის არ ცნობის მოტივი იყო ის, რომ მისი მოსაზრებით დ----------–--ე არ საჭიროებდა შრომისუნარიანი შვილისგან მატერიალურ დახმარებას, რაც გათვალისწინებული იქნა ორი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ დ----------–--ის მიმართ გამოცემულია არაერთი შემაკავებელი ორდერი ყოფილი მეუღლის, ლ--------–--ის დედის, ქ-----------------–--ის დასაცავად. სასამართლოს მხრიდან გასათვალისწინებელია კონტექსტი იმასთან დაკავშირებით, რომ დ----------–--ემ არაერთხელ ემოციურად და ფიზიკურად იძალადა ლ--------–--ის დედის მიმართ, რაც მძიმე ემოციური სტრესი იყო მოპასუხისთვის. განქორწინებული მშობლების მეტად დაძაბული ურთიერთობა, მსხვერპლი დედის მძიმე ემოციური მდგომარეობა, არაერთი სასამართლო დავა, ბუნებრივია გავლენას ახდენს მის ურთიერთობაზე მამასთან, თუმცა ეს მდგომარეობა არასდროს გამოხატულა ლ--------–--ის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა თუ უმადურობაში.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ დ----------–--ის შემოსავალი 2015 წელს შეადგენდა 28912 ლარს, მის სახელზე ასევე ირიცხებოდა არაერთი უძრავი და მოძრავი ქონება, რის გამოც იგი არ საჭიროებდა მატერიალურ დახმარებას. ლ--------–--ის შემოსავალი კი 01.09.2015 წლიდან 16.05.2016 წლამდე შეადგენდა 13237,5 ლარს. ამდენად, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა ორჯერ აღემატებოდა მის შემოსავალს.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხონა ხანდაზმულია, ვინაიდან როგორც მძიმე შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტის, ასევე დიდი უმადურობის შესაძლო ფაქტის წარმოშობიდან გასულია ერთ წელზე მეტი დრო, რადგანაც მოსარჩელე მის მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელშივე საუბრობს შეურაცხყოფაზე და ამავე დროსვე უნდა გასჩენოდა უმადურობის განცდაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე დ----------–--ე არის ლ--------–--ის მამა. მამა-შვილს შორის არსებობდა კარგი ურთიერთობა, რაც დაიძაბა დ----------–--ესა და მის ყოფილ მეუღლეს - ქ-----------------–--ესთან კონფლიქტის შემდგომ, დ----------–--ის მიმართ რამოდენიმეჯერ გაიცა შემაკავებელი ორდერი ყოფილი მეუღლის დასაცავად. სასამართლოში იხილება ასევე ქ-----------------–--ის სარჩელი დ----------–--ის, ა-----------------ის და ა-–--------------------ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შემაკავებელი ორდერი N------ და 0-----;
- სასამართლო გადაწყვეტილებები შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ;
- 18.06.2018 წლის N--------15 გადაწყვეტილება.
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.07.2016 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ----------–--ის სარჩელი ლ--------–--ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2017 წლის განჩინებით. ხოლო საქართველოს უზენაესო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დ----------–--ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ლ--------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სარჩელი დ----------–--ემ სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 2 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 25.07.2016 წლის N-------16 გადაწყვეტილება.
- 12.03.2018 წლის N-----------2017 გადაწყვეტილება.
3.1.3. 2015 წლის 5 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით დ----------–--ემ მოპასუხე ლ--------–--ეს საკუთრებაში გადასცა თბილისში. ი-----–------------–------------------------დან (ფართობით 132.07 კვ.მ და სარდაფი ფართობით 69.74 კვ) ½ ნაწილის ნახევარი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N------------------------). ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია დ----------–--ის (1/4 ნაწილზე), ლ--------–--ის (2/4 ნაწილზე) და ქ-----------------–--ის (1/4 ნაწილზე) თანასაკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული იქნა დ----------–--ის სარჩელი ლ--------–--ის მიმართ, 05.05.2015 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. სარჩელი ჩუქების ბათილად ცნობის მოთხოვნით დ----------–--ემ აღძრა 2015 წლის 13 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 06.03.2017 წლის N--------15 გადაწყვეტილება.
3.1.5. დ----------–--ე არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, იმყოფება ვ---------------–--- ს--–---–--------------------- საქალაქო სერვის ცენტრში აღრიცხვაზე, როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის ს--–---–--------------------- საქალაქო ცენტრის 2--------- წლის ცნობა;
3.1.6. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მათ შორის სიტუაცია დაიძაბა 2015 წელს, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ, თუმცა მხარეები მისი წარმოშობის სხვადასხვა საფუძველზე მიუთითებენ: მოსარჩელე განმარტავს, რომ 2015 წელს შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა, ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა დაეხურა საკუთარი ბიზნესი, ხოლო ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო იგი ოჯახისთვის არასასურველი პირი გახდა და მოპასუხემ უარი განაცხადა მამის მატერიალურად უზრუნველყოფაზე.
მოპასუხის განმარტებით, კი მის მშობლებს შორის კონფლიქტური სიტუაციის არსებობის და ურთიერთობის გაუარესების გამო (მოსარჩელემ 2015 წლის 7 აგვისტოს ცემა მისი ყოფილი მეუღლე, მოპასუხის დედა, მოსარჩელის მიმართ რამოდენიმეჯერ გაიცა შემაკავებელი ორდერი ყოფილი მეუღლის დაცვის მიზნით) მოპასუხე იმყოფებოდა ემოციური სტრესის ქვეშ, რაც გავლენას ახდენდა მოსარჩელესთან ურთიერთობაზე, თუმცა ეს უსიამოვნო მდგომარეობა არასდროს გამოხატულა დ----------–--ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შემაკავებელი ორდერები,- სასამართლო გადაწყვეტილებები შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ;
- ზეპირი გასაუბრების ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის ათვლა 2018 წლის 13 მარტიდან მე-2 დღეს დაიწყო, ანუ იმ დღიდან როდესაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის გაუარესება საფუძვლად დაედო თავდაპირველად 2015 წლის 13 ოქტომბერს ჩუქების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრას, ხოლო 2016 წლის 2 თებერვალს - ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრას. აღნიშნული დგინდება საქმეში არსებული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რომ მეუღლესთან კონფლიქტის შედეგად, შვილთან უთანხმოების ფონზე მოსარჩელემ სამართალწარმოების წესით სადავოდ გახადა მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ჩუქების კანონიერება. ამავე გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხოლოდ ერთი შვილის - ლ--------–--ის მიმართ ალიმენტის აღძვრის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის დროს ლ--------–--ე მამას მხარს არ უჭერდა.
ამდენად, მოპასუხის მხრიდან შესაძლო მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის გამოჩენის შესახებ დ----------–--ისთვის ცნობილი იყო 2015 წელსვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.03.2018 წლის N-----------2017 გადაწყვეტილება.
- 06.03.2017 წლის N--------15 გადაწყვეტილება;
- 25.07.2016 წლის N-------16 გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით ჩუქების გაუქმების საფუძვლის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო 2015 წელსვე. ხოლო დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობის გამოჩენის საფუძვლით ჩუქების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი დ----------–--ეს უნდა აღეძრა 2015 წლიდან ერთი წლის ვადაში. ამ საფუძვლით ჩუქების გაუქმების შესახებ სარჩელი კი დ----------–--ემ სასამართლოში წარადგინა 2018 წელს.
აღნიშნულის შემდგომ კი სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესრულებაზე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
კონკრეტულად შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნევლყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე