განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/710-18 (№057050718001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი- გი------ გო---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლაშა გრ-–-ს ძე გო------- - დაბადებული 1--- წლის 5-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, ს-–----–-- განათლებით, მცხოვრები: ბაღდათი, თა------------------.
ადვოკატი - ზვ---- დუ------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 17:50 საათზე, ბაღდათში კა--------------ში მდებარე პოლიციის ადმინისტრაციული შენობის წინ ლაშა გო-------მ იძალადა მეუღლეზე - თა---- ნი----–---–ზე. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ თა---- ნი----–---–ის გამოკითხვის ოქმი, ლაშა გო-------ს დაკავების ოქმი, მოწმე ლერი ჩი-------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე მე---- გრ---–---ს გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N004769318 დასკვნა) ერთობლიობა ლაშა გო-------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლაშა გო-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლაშა გო-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლაშა გო-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. კერძოდ: ლაშა გო------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მომხდარ ფაქტამდე დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და მის მიმართ ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ლაშა გო-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ვინაიდან სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას. დანიშნული სასჯელი კი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ლაშა გო------ს მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლაშა გო------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ლაშა გო-------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ლაშა გო-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 ივლისიდან - 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.
ლაშა გო-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ლაშა გო-------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 4 000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად და------- გო-------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე: ქ. ბაღდათი, თა------------------ (საკადასტრო კოდი 3-------------------).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური