განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002554566
#1/207-18 (№------------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ--–----------–-–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა-------------–-----------.
ადვოკატი - გ------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 მაისს დღის საათებში, ქ. ახმეტა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჩიხში, ტ--–----------–-–---–მა ფეხებითა და ხელებით ცემა მ--------------–---–ი. ძალადობის შედეგად მ--------------–---–მა მიიღო თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, კისრის ზედაპირული ტრავმა, პოლიტრავმული თავის ტკივილი და განუვითარდა დაბალი ხარისხის ჰიპერმეტროპია, კონიუქტივიტი. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ტ--–----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ--–----------–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ტ--–----------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით 6 თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 წლამდე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ტ--–----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა პროვოცირებული იყო თავად დაზარალებულის მ--------------–---–ის მიერ, რომელიც ავტომანქანის შეჯახების შემდეგ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბრალდებულს, ამასთან მანვე ამოარტყა წიხლი, რაც შემდგომ რამდენიმე წუთში გახდა ბრალდებულისათვის შურისძიების მოტივი მისთვის მიეყენებინა დაზიანება.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის ყველაზე მკაცრის ზომის - თავისუფლების აღკვეთის - გამოყენება, მიზანშეუწონელია, ვინაიდან, სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე - ჯარიმა და დამატებით სასჯელად საზოგადოებისთვის სსარგებლო შრომა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ტ--–----------–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, სასამართლო ასევე, აქვე, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, მისი შემდგომში პირობითად ჩათვლის მიზნით, სამართლებრივად გაუმართლებელია, რადგან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან ტ--–----------–-–---–ი არ აღიარებს დანაშაულს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ბრალდებულის მიმართ გამოიყენოს პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ--–----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე