გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-267-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ვა–----------–---–ი
მოპასუხე - (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილება
წარმომადგენელი - სა--------------–---–ი
მოპასუხე - ნა----–----------–---–ი
წარმომადგენელი - მა---------ე
დავის საგანი - -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის მიერ 2018 წლის 08 სექტემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის სა--------------–---–ის მიერ 2018 წლის 08 სექტემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, უსაფუძვლოდ არის გამოძევებული საცხოვრებელი ბინიდან. გადატანილი აქვს ინფაქტი და დაუდგინდა დიაბეტი. ამასთანავე, მოსარჩელე ვა–----------–---–ი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების წარმომადგენელი არ დაეთანხმა ვა–----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელე ძალადობს ნა----–----------–---–ზე, წინა პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც. ამასთანავე, იმ დროს როდესაც ნა----–----------–---–ი მივიდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში იყო ძალიან აღელვებული, რის გამოც მანამ სანამ გამოძიება დასრულდებოდა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ვა–----------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან გამოცალკევება.
2.2. ნა----–----------–---–ის და მისი წარმომადგენლის განმარტებით, მისი ძმა ვა–----------–---–ი ათეულობით წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. რამდენიმე ხნის წინ ის დაბრუნდა საქართველოში და სთხოვა დროებით ეცხოვრა ნა----–----------–---–ის ბინაში. ვა–----------–---–ი ეკონომიკურად ძალადობდა ნა----–----------–---–ზე და ფიზიკურად შეეხო კიდეც. მისი განმარტებით, ვა–----------–---–ი აგრესიული გახდა მას შემდგომ, რაც თხოვნაზე, ბინა ჩაედო ბანკში უარი განაცხადა. ვა–----------–---–ი ამ ფაქტის შემდგომ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და ფიზიკურ ძალადობას, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 08 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის სა--------------–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი ვა–----------–---–ის მიმართ, მსხვერპლი - ნა----–----------–---–ი, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა ნა----–----------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის 2018 წლის 08 სექტემბრის №0----- შემაკავებელი ორდერი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ვა–----------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის სა--------------–---–ის მიერ 2018 წლის 08 სექტემბერს გამოცემულ იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადე ვა–----------–---–ის მიმართ, მსხვერპლი ნა----–----------–---–ი. შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ სახეზეა ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა, ამასთან, შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა ნა----–----------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის 2018 წლის 08 სექტემბრის №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს ვა–----------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ვა–----------–---–ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა--------------–---–ის მიერ 2018 წლის 08 სექტემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი