განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
120100118002533893
დავის ტიპი
151
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/280-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახ--––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული – ელ-------------–---–ი, დაბ. 0--------- წელს, პირადი #3----------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული ქ. რ-------ი მ--------------, მცხოვრები ქ. რ-------ი მე-19-----------

ადვოკატი - ტა-----–----–-----–---–ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ელ-------------–---–ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიმართ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დადგენილების თანახმად, გასული წლების განმავლობაში ელ-------------–---–ი სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ახ--––---ს რაიონის სოფელ სვ---–ი მცხოვრებ მის დას ნა-----------–--ლს, 2018 წლის 02 ივნისს კი დილით დაახლოებით 05:00 საათზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ელ-------------–---–მა საცხოვრებელ სახლში მიაკითხა მის დას ნა-----------–--ლს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მას არ აცოცხლებდა და მოკლავდა. სისტემატიური შეურაცხყოფის და მუქარის ნიადაგზე დაზარალებულ ნა-----------–--ლს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული ელ-------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნაწილი დამტკიცდა როგორც უდავო სახის მტკიცებულებები. გარდა მოწმეების ელ-------------–---–ის, ნა-----------–--ლის და მა------------–---–ის ჩვენებებისა. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მოწმე - თე----------------–---–ის ჩვენებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელიც შედგენილ იქნა გამომძიებლების - გი----------------ის და თა---------------ნის მიერ. ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის და------------–---–-ს მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულს ნა-----------–--ლს სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ბრალდებულის ელ-------------–---–ის და დაზარალებულ ნა-----------–--ლის ჩვენების ასევე ბრალდების შესახებ დადგენილების გარდა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

დაზარალებულმა ნა-----------–--ლმა და მოწმე მა------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადეს.

 

ბრალდებულმა ელ-------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდება ასევე ემყარებოდა მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 20 ივნისის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებული იქნა ნა-----------–--ლი რომელსაც სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო კბილების არ ქონასთან ამჟამად ტრამვული კავშირის დადგენა შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას ელ-------------–---–ის მიერ ნა-----------–--ლის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

მოწმე თე----------------–---–ი 2018 წლის 02 ივნისს მომხდარ ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ტე----------------–---–ი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ მას დაუკავშირდა მამიდამისი ნა-----------–--ლი და უთხრა, რომ ელ-------------–---–ი მივიდა მასთან და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შესაბამისად, მოწმის ჩვენება არ არის პირდაპირი მტკიცებულება ელ-------------–---–ის ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან არ შეიცავს ინფორმაციას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიმართ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ელ-------------–---–ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ელ-------------–---–მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში დის ნა-----------–--ლის მიმართ ჩაიდინა მუქარა.

 

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ელ----------–--–---–ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ელ-------------–---–ი (პ/№3----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ელ-------------–---–ის (პ/№3----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 7 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ნა-----------–--ლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ახ--––---ს რაიონი სოფელი ს----- საკადასტრო კოდი 6----------- ( 2018 წლის 20 ივნისის N---------წ განჩინება).

 

3. განემარტოს ელ-------------–---–ს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე