გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს------------------------
საქმე №3/6132-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - მ---------------ე
მოსარჩელე - მ-------------–--–---–ი
მოსარჩელე - ნ-----–------------ე
მოსარჩელე - ე-–---------ი
მოსარჩელე - მ----------–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
წარმომადგენლები - გ---------------------- კ---------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის N-------- განკარგულება.
მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ცესკოს 2018 წლის 28 სექტემბრის N-------- განკარგულებაში მითითებული განმარტება, - საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხი: ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 100 დეპუტატით?" უკვე მოიცავს 2003 წელს გამართული რეფერენდუმის შეკითხვას, სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული კითხვა: ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 100 დეპუტატით?" გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს 100 დეპუტატზე მეტი ანუ არავითარ შემთხვევაში 101, 102 ან თუნდაც 150.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2003 წლის სარეფერენდუმო შეკითხვა და მოსარჩელეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული შეკითხვა პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. 2003 წელს შეთავაზებული შეკითხვით დეპუტატთა მაქსიმალური რაოდენობა არ შეიძლება ყოფილიყო 150 დეპუტატზე მეტი, ხოლო მოსარჩელეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული შეკითხვით - 100 დეპუტატზე მეტი ანუ დეპუტატთა მაქსიმალური ოდენობა 100-ით განისაზღვრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს, მხარი დაუჭირეს შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2018 წლის 31 აგვისტოს (ცესკოში რეგისტრაციის N----) წარედგინა საინიციატივო ჯგუფის წევრების: მ---------------ის, მ-------------–--–---–ის, ნ-----–------------ის, ე-–---------ისა და მ----------–-–---–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საინიციატივო ჯგუფისა და სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხის, - ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 100 დეპუტატით", რეგისტრაციაში გატარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 31 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 44-45);
3.2. 2018 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით დაზუსტდა სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 100 დეპუტატით?".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N------- (ს.ფ. 52-58);
3.3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის N-------- განკარგულებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე საინიციატივო ჯგუფს, მ---------------ის, მ-------------–--–---–ის, ნ-----–------------ის, ე-–---------ისა და მ----------–-–---–ის შემადგენლობით და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს: ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 100 დეპუტატით?".
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხი არ არის ჩამოყალიბებული მკაფიოდ და კონკრეტულად, რითაც დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 175-ე მუხლის პირველი პუნქტის, რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის N-------- განკარგულება (ს.ფ. 40-43);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,რეფერენდუმის შესახებ”, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის N-------- განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.
აღნიშნული ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. საინიციატივო ჯგუფმა სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ატარებს რეგისტრაციაში და ამის შესახებ ოფიციალურ პრესაში აქვეყნებს ინფორმაციასა და საინიციატივო ჯგუფის მისამართს, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მიმართვიდან ერთ თვეში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიური შინაარსის ნორმებს ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, რომლის 175-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს. ამავე კანონის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან ერთ თვეში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2018 წლის 31 აგვისტოს წარედგინა საინიციატივო ჯგუფის წევრების - მ---------------ის, მ-------------–--–---–ის, ნ-----–------------ის, ე-–---------ისა და მ----------–-–---–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საინიციატივო ჯგუფისა და სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხის: ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 100 დეპუტატით" რეგისტრაციაში გატარება.
2018 წლის 5 სექტემბრის ცესკოს სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაზუსტდა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 100 დეპუტატით?”.
6.3. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის ??-4 ?????? გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 სექტემბრის N428 ბრძანებულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10, მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად: 1. დაინიშნოს რეფერენდუმი 2003 წლის 2 ნოემბერს; 2. სარეფერენდუმოდ გამოტანილი იქნეს საკითხი „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“.
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 175-ე მუხლის პირველი პუნქტი უპირობოდ ადგენს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბების აუცილებლობას. აღნიშნული პირობის დაუცველობა რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია.
სასამართლოს მოსაზრებით, უდავოა, რომ რეფერენდუმი არის პირდაპირი დემოკრატიის წყარო და იგი განსაკუთრებული მნიშვნელობის დემოკრატიული ინსტიტუტია, თუმცა საზოგადოების მიერ რეფერენდუმის გამოყენების ეფექტიანობა ამ ინსტიტუტის სწორად გაგებით ხორციელდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 175-ე მუხლის პირველი პუნქტი სხვა გარემოებებთან ერთად კატეგორიულად მოითხოვს სარეფერენდუმო საკითხის მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბების აუცილებლობას, რათა კანონით დადგენილი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხის, კანონმდებლის საპირისპიროდ, მხოლოდ პოპულარული თვალსაზრისით გადაწყვეტა არ გამოიწვიოს.
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 სექტემბრის N428 ბრძანებულებით დანიშნული რეფერენდუმის შედეგების საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ასახვამ განაპირობა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ რეფერენდუმით დადგენილ რაოდენობის ფარგლებში, საკანონმდებლო დონეზე, დეპუტატთა რაოდენობა განისაზღვროს სახელმწიფო მოწყობის, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით.
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28.4 მუხლის თანახმად, რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.
საგულისხმოა, რომ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28.4 მუხლში ასახული სიტყვები: 1. შეცვლა - გულისხმობს უკვე გადაწყვეტილი საკითხისაგან განსხვავებული საკითხის მიღებას, ე.ი. საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა გაიზარდოს და განისაზღვროს 150-ზე მეტი, ნებისმიერი ოდენობის დეპუტატით, გარდა 235-ისა; 2. ხოლო ტერმინი გაუქმება - გულისხმობს რეფერენდუმის შედეგების ანულირებას, ე.ი. ხალხის სურვილს, დეპუტატთა რაოდენობა კვალვ დაუბრუნდეს პირველ რეფერენდუმამდე არსებულ ნიშნულს (235-ს).
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 სექტემბრის N428 ბრძანებულების მიხედვით დადგენილი პარლამენტის წევრთა ზედა ზღვრის ფარგლებში დასმული კითხვა „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 100 დეპუტატით?“, მართალია, იძლევა სხვაობას 100-ით შემოსაზღვრულ დეპუტატთა რაოდენობასა და არაუმეტეს 150-ს შორის, თუმცა საინიციატივო ჯგუფის მიერ დასმული საკითხის ბუნდოვანება ეფუძნება არა დეპუტატთა რიცხოვნობის მანიშნებელ ციფრობრივ მონაცემს, არამედ იმას, რომ დეპუტატთა შემცირების - „არაუმეტეს 150-ის“ ფარგლებში მოქცეული დეპუტატთა რაოდენობის განსაზღვრის საკითხი უკვე გადაწყვეტილია საერთო-სახალხო გამოკითხვის შედეგად. მაგალითისთვის: სარეფერენდუმოდ კითხვის ფორმულირება, „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 3 დეპუტატით?“ რასაკვირველია გადასაწყვეტი საკითხის მიზანთან აშკარა შეუსაბამობას ადასტურებს და აღარ რჩება კითხვის ნიშანი მის ბუნდოვანებასთან მიმართებით. შესაბამისად, ამჟამად რეფერენდუმით უკვე გადაწყვეტილი საკითხის კითხვის შემადგენლობაში „არაუმეტეს 100 დეპუტატით“ ჩანაცვლება იწვევს არა რეფერენდუმით გადაწყვეტილი საკითხის შეცვლას ან გაუქმებას („რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28.4 მუხლი), არამედ 2003 წლის სარეფერენდუმო ოდნობის ჩანაცვლებას. სწორედ ეს გარემოება იწვევს ბუნდოვანებას იმ კუთხით, რომ რეფერენდუმით უკვე განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების კვლავ რეფერენდუმით სხვაგვარად მოწესრიგება, რომელიც არ გულისხმობს წინა რეფერენდუმის შედეგის გაუქმებას/შეცვლას, ემსახურება თუ არა საზოგადოების მიერ რეფერენდუმის გამოყენების ეფექტიანობას.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სასამართლოს მიიჩნია, რომ სარეფერენდულო კითხვის ბუნდოვანება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 175-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ქმნიდა საინიციატივო ჯგუფისა და სარეფერენდუმო საკითხის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩევს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის N-------- განკარგულება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, მ---------------ის, მ-------------–--–---–ის, ნ-----–------------ის, ე-–---------ისა და მ----------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------------ის, მ-------------–--–---–ის, ნ-----–------------ის, ე-–---------ისა და მ----------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეთა მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 2 (ორი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე