გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002515317
საქმე № 3/158-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ი--------–---
მოპასუხე: გ------- გ------–---–ი
წარმომადგენელი: ნ---- ქ------–---–-
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი გ------- გ------–---–ი (პირ. № 4----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; პირადი პატაკის გამო ოცეულის მეთაური გ------- გ------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2.2. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება ოთხი წლის სამსახურის გავლის შემდეგ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ სამხედრო სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა იმის გამო, რომ უნდოდა სწავლის გაგრძელება, იგი ჩაირიცხა საზღვარო აკადემიაში, კმაყოფაზე ყავს ავადმყოფი დედა, ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაშია. იგი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს, მსახურობდა ავღანეთში.
აქედან გამომდინარე, მას პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ------- გ------–---– სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანებით ჩაირიცხა ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსზე მსმენელად 2013 წლის 29 აპრილიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება № 261 პ/შ.
3.2.2. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი გ------- გ------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2013 წლის 29 აპრილიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი;
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის ბრძანება № 975, 2013 წლის 29 აპრილის კონტრაქტი № 369.
3.2.3. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.2.2. ქვეპუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, ოთხი წლის სამსახურის გავლის შემდეგ მას ეკისრება ჯარიმის (10 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
მტკიცებულება: კონტრაქტი.
3.2.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის ბრძანებით გ------- გ------–---–ი ჩაითვალა ,,აკადემიის" კურსდამთავრებულად და ამოირიცხა ამ კურსიდან 2014 წლის 11 აპრილიდან;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის ბრძანება №1611.
3.2.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანებებით გ------- გ------–---–ს მიენიჭა სამხედრო წოდება ,,ლეიტენანტი" და მიეცა შვებულება 30 დღით, ხოლო ამავე დროიდან იგი, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის მეთაურად (საშტატო კატეგორია ,,უფროსი ლეიტენენტი");
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანებები №1777 და № 2333.
3.2.6. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2014 წლის 9 ივლისის ბრძანებით გორგი გ------–---–ი ჩაითვალა აკადემიის კურსდამთავრებულად 2014 წლის 2 ივლისიდან, ამოირიცხა მსმენელთა სიიდან და გაიცა დადგენილი ნიმუშის დიპლომი;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2014 წლის 9 ივლისის ბრძანება № MOD 3 14 00000455.
3.2.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, ტანკსაწინააღმდეგო სწავლების მაღალხარისხიანად დამთავრების, დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერი და მაღალხარისხიანი შესრულებისათვის ლეიტენანტ გ------- გ------–---–ს გამოეცხადა ,,მადლობა";
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანება № MOD 2 15 00000309.
3.2.8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 1 აპრილის, 2016 19 დეკემბრისა და 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებებით ლეიტენანტი გ------- გ------–---–ი დაინიშნა საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის მეთაურად;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 1 აპრილისა და 19 დეკემბრის ბრძანებები № MOD 7 16 00000852, № MOD 9 16 00007948, 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № MOD 7 17 0003048.
3.2.9. გ------- გ------–---–მა 2018 წლის 19 მარტს პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და ითხოვა სამსახურიდან დათხოვნა იმ საფუძვლით, რომ სურვილი აქვს, გააგრძელოს სწავლა;
მტკიცებულება: პატაკი № MOD 1 18 00270946.
3.2.10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 აპრილის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გ------- გ------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 აპრილის ბრძანება № MOD 6 18 00001750.
3.2.11. გ------- გ------–---–ი ირიცხება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის გემის მექანიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე; მისი ოჯახი შედგება ორი წევრისაგან (თვითონ და მისი დედა); გ------- გ------–---–ის მამა - ზ------- გ------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 2 მაისს;
მტკიცებულება: სსიპ ,,სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის" 2018 წლის 12 ივლისის № 08/2310 ცნობა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 ივლისის № 68 ცნობა, გარდაცვალების მოწმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა კონტრაქტით დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის № 358 ბრძანებით დამტკიცებული ,,უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტიდან" წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა გ------- გ------–---–მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;
დადგენილია, რომ გ------- გ------–---–მა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და ითხოვა სამსახურიდან დათხოვნა იმ საფუძვლით, რომ სურვილი აქვს, გააგრძელოს სწავლა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 აპრილის ბრძანებით, გ------- გ------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით).
ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, გათავისუფლების საფუძველს იგი სადავოდ არ ხდის;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და გ------- გ------–---–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, გ------- გ------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით).
კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, 6.2.2. ქვეპუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, ოთხი წლის სამსახურის გავლის შემდეგ მას ეკისრება ჯარიმის (10 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სამსახურიდან დათხოვნილი იქნა და მასთან კონტრაქტი შეწყდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით), ანუ კონტრაქტის 6.2.2 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 10 000 ლარი - მოცემულ შემთხვევაში არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.
როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 10 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხე დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკით სწავლის გაგრძელების მიზნით; 3. სამხედრო სამსახურისას მას გამოცხადებული აქვს ,,მადლობა" ტანკსაწინააღმდეგო სწავლების მაღალხარისხიანად დამთავრების, დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერი და მაღალხარისხიანი შესრულებისათვის; 4. იგი ამჟამადაც სწავლობს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის გემის მექანიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
მოცემულ შემთხვევაში, 500 ლარის 3%-ი 15 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე გ------- გ------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარი.
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ------- გ------–---–ზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 10 000 ლარიდან 9 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. გ------- გ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 100 (ასი) ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი