გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-284-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ალ----------------ე
წარმომადგენელი - გი-------–----–---ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - ირ---–---------ე
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ გამოცემული 2----–-–------------------ N0----- შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ გამოცემული 2----–-–------------------ N0----- შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი, რომელსაც შეზღუდული აქვს გადაადგილება. მისი განმარტებით, მის მიმართ გამოცემული შემაკავვებელი ორდერი უსაფუძვლო და უკანონოა ვინაიდან მის მიერ, შო-------------ს მიმართ ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. პოლიციის თანამშრომლების წასვლის შემდგომ ალ----------------ეს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება და სარეაბილიტაციო ცენტრში გადასვლა. მისი განმარტებით უსაფუძვლოა ფიზიკურ ძალადობაზე საუბარი, ვინაიდან იგი არის მკვეთრად გჰამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება ფაქტობრივად არ შეუძლია. აღნიშნული გახდა საფუძველი სასამართლოსთვის მომართვისა, დარღვეული უფლებების აღსადგენად.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის წარმოდგენლის განმარტებით - 2----–-–------------------ N0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის დაცვით და მისი გამოცემისთვის არსებობდა შესაბამისი საფუძვლები, ვინაიდან სახეზე იყო ალ----------------ის მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა შო-------------ს მიმართ.
2.2 მოწმის სახით დაკითხულმა შო------------ემ, განმარტა, რომ ალ----------------ე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი რომელიც გადაადგილდება ეტლით. მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში. მისი განმარტებით, ალ----------------ემ, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მოსარჩელე იყო აგრესიული, რის გამოც საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შო------------ემ მოითხოვა ძალადობის აღკვეთა და მისი უფლებების დაცვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა 2----–-–------------------ N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით ალ----------------ე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს შო-------------ს მიმართ.
ალ----------------ის მიმართ დამტკიცებულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- შემდეგი პირობებით: მოძალადეს ალ----------------ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი, შო------------ე ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–------------------ №0----- შემაკავებელი ორდერი;
3.1.2. შო-------------ს 2----–-–------------------ ახსნა - განმარტებით დგინდება, რომ ალ----------------ემ, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მოსარჩელე იყო აგრესიული და მიუხედავად თხოვნისა აგრესია შეეწყვიტა ხდებოდა უფრო აგრესიული. მისი განმარტებით ამგვარ ქმედებას აქვს სისტემატიური ხასიათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–------------------ №0----- შემაკავებელი ორდერის ოქმი;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ალ----------------ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . . ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ალ----------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ალ----------------ე შო------------ეს მიმართ ახორციელებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობას. შემაკავებელი ორდერი გამოცემულია 30 დღის ვადით.
სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებისა და გასაუბრების ოქმებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ ალ----------------ე ახორცილებდა ისეთ ქმედებას, რომელიც განმარტებულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში, კერძოდ, ადგილი ჰქონდა შო-------------ს მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
№0----- შემაკავებელი ორდერი გამოიცა, 30 დღის ვადით, შემდეგი პირობებით: მოძალადეს ალ----------------ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი, შო------------ე ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელია შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა თუ არა შესაბამისი და აუცილებელი ღონიძიებები, რაც უზრუნველყოფდა დადგენილი ძალადობის თავიდან აცილებას.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებში, ალ----------------ისათვის მსხვერპლთან შო-------------ს საცხოვრებელ ადგილთან მიახლოების აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც ალ----------------ეს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები და როდესაც მას დამოუკიდებლად უჭირს გადაადგილება არ წარმოადგენს ორივე მხარის ინტერესების დაცვას. სასამართლო მიიჩნევს რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერით დაცულ იქნა ერთი ადამიანის (შო-------------ს) უფლებები და სამართლევბრივი სიკეთე, ხოლო ამავე ორდერით შეზღუდულ იქნა ალ----------------ის უფლებები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არის თანაზომიერი. შესაბამისად შემაკავებელი ორდერის გამოცემისას არ იქნა დაცული ბალანსი ორ უფლებას შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა არის არათანაზომიერი და იგი გამოცემულ უნდა ყოფილიყო არა 30 დღით არამედ 15 დღით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ალ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის პატრულ ინსპექტორის ირ---–---------ის მიერ 2----–-–------------------ გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღროს 15 დღით.
3. დანარჩენ ნაწილში შემაკავებელი ორდერი დარჩეს ძალაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი