გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/23894-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე მა----ა ფა-----–--ა
მოპასუხე გო-- ხუ----
დავის საგანი შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გო-- ხუ----ს, მა----ა ფა-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სარემონტო სამუშაოების ანაზღაურება - 1749.9 ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე მა----ა ფა-----–--ა არის ხელოსანი და ასრულებს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს. 2017 წლის დეკემბრის თვეში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს უნდა გაერემონტებინა მოპასუხის სიძის ახალაშენებული სახლი. ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული იქნა შესასრულებელი სამუშაოების პირობები და სამუშაოს დაწყების დრო. ხოლო ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სამუშაოს შესრულების პროცესში და მისი დასრულების შემდეგ. მოსარჩელის განმარტებით, შეთანხმებისამებრ პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და დამკვეთის ყველა მითითებას. მოპასუხესთან ჰქონდა მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია და საქმის კურსში აყენებდა მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ.
სარემონტო სამუშაოების პროცესში მხარეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება, რის გამოც შეთანხმდნენ, რომ მა----ა ფა-----–--ა დაასრულებდა დაწყებულ სამუშაოს და შემდგომ შეწყვეტდნენ ურთიერთთანამშრომლობას. 2018 წლის მარტის ბოლოს მოსარჩელემ დაასრულა სამუშაოები და მოითხოვა შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა დამკვეთმა უარი განაცხადა თანხის გადახდაზე. ვინაიდან, მოპასუხე არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მა----ა ფა-----–--ამ სარჩელით მომართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გო-- ხუ----მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან დაპირისპირების მიზეზი გახდა სარემონტო სამუშაოების ნაწილობრივი და უხარისხო შესრულება. მხარეებს შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება, რისთვისაც მან ავანსის სახით მიიღო თანხის ნაწილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1500 ლარი უნდა მიეღო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების შემდგომ. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ გადახდილი თანხა 700 ლარი არის შესრულებული სამუშაოების ადექვატური და დამატებით რაიმე თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. საქმის არსებითი განხილვისას, მოპასუხემ დამატებით დასძინა, რომ მოსარჩელის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დაასრულეს სხვა პირებმა, ვინაიდან უარი განაცხადა ხარვეზების აღმოფხვრაზე. შესაბამისად, არ არსებობს დარჩენილი საზღაურის გადახდის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის დეკემბრის თვეში, მა----ა ფა-----–--ა და გო-- ხუ---- ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ ბინის სარემონტო სამუშაოების შესრულების პირობებსა და ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი)
3.1.2. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მა----ა ფა-----–--ას შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 2200 ლარს, საიდანაც მა----ა ფა-----–--ას ავანსის სახით წინასწარ მიღებული აქვს 700 ლარი.
დარჩენილი სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1500 ლარს, რომელიც მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებული არ არის. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია 2018 წლის 28 მარტს შედგენილი საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმითაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი 15:23:25წ/თ-15:23:45წთ; მოპასუხის პოზიცია 15:29:17წთ; 15:29:28წთ)
- რეაგირების ოქმი (ს.ფ 20-21)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების და მხარეთა ახსნა-განმარტების ერთობლივი ანალიზით მა----ა ფა-----–--ას მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ნაწილობრივი, არასრული და უხარისხო შესრულება არ დასტურდება. ეს გარემოება დასახელებულია მოპასუხე გო-- ხუ----ს მიერ და სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე შედის მოპასუხის მტკიცების საგანში.
მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით და საქმის არსებითი განხილვის დროს მიუთითებდა სარემონტო სამუშაოების ნაწილობრივ და ხარვეზიან შესრულებაზე. შესაბამისად, იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, მოპასუხის სამტკიცებელია.
გო-- ხუ----ს განმარტებით, სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა არა მოსარჩელე მხარის მიერ, მა----ა ფა-----–--ამ სარემონტო სამუშაოები არ დაასრულა ხოლო ნაწილი შეასრულა უხარისხოდ.
როგორც გო-- ხუ---- განმარტავს ობიექტზე სარემოტო სამუშაოები დასრულებულია და უკიდურესად რთულია დადგინდეს მათი ჩამტარებლის ვინაობა, ასევე მნიშვნელოვანია გამოირკვეს მა----ა ფა-----–--ას ჩატარებულ სამუშაოთა ხარისხი.
სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ როგორც ნაწილობრივ შესრულების ისე არასათანადო ხარისხით რემონტის ჩატარების ფაქტის დადასტურება ეკისრება გო-- ხუ----ს, რომლის მიერ ამ გარემოებათა დასადასტურებლად გარდა ახსნა-განმარტებისა მტკიცებულება არ წარმოდგენილა.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ მა----ა ფა-----–--ამ სარემონტო სამუშაო ჩაატარა არასრულად და არასრულყოფილად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გო-- ხუ---- ადასტურებს სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილის შესრულებას და კონკრეტულად არ მიუთითებს რა ღირებულების მცირე ნაწილია შეუსრულებელი მენარდის მიერ სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ მა----ა ფა-----–--ამ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაო შეასრულა სრულად და სათანადო ხარისხით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება, (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი 15:23:25წ/თ-15:23:45წთ; მოპასუხის პოზიცია 15:29:17წთ; 15:29:28წთ)
- რეაგირების ოქმი (ს.ფ 20-21)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მა----ა ფა-----–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ სამართლებრივი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებაა და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა; ხოლო 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.
ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს სათანადო ხარისხი.
სასამრთლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც არის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე დამკვეთმა სათანადო მტკიცებულებით უნდა დაამტკიცოს, რომ შემსრულებელმა უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, ხოლო თავის მხრივ, შემსრულებელმა უნდა დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ ვალდებულება ხარისხიანად შეასრულა.
დადგენილია, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში მა----ა ფა-----–--ა და გო-- ხუ---- ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ ბინის სარემონტო სამუშაოების შესრულების პირობებსა და ანაზღაურებაზე. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 2200 ლარით, საიდანაც მა----ა ფა-----–--ას ავანსის სახით წინასწარ მიღებული აქვს 700 ლარი, დარჩენილი სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1500 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებანი და წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებენ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. კერძოდ, მენარდემ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაო, რითაც დამკვეთს წარუდგინა ნივთობრივად უნაკლო ნივთი.
ის გარემოება, რომ მენარდემ ვერ უზრუნველყო შეთანხმებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების ხარისხი და მათი ნაწილი არ დაასრულა სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის. ამავე ფაქტებთან დაკავშირებით მოპასუხე მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა - განმარტებით შემოიფარგლა.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის დანაწესით დამკვეთს ეკისრება ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის სრულად გადახდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შეთანხმება მოიცავდა 2200 ლარის ანაზღაურებას საიდანაც გო-- ხუ----ს გადახდილი აქვს მხოლოდ 700 ლარი და შესაბამისად მა----ა ფა-----–--ას მიმართ არსებული დავალიანებაა 1500 ლარი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მსჯელობას დამატებით 249,9 ლარის დაკისრების ნაწილში ვინაიდან მხარეთა თავდაპირველი შეთანხმება ნარდობის საზღაურად მხოლოდ 2200 ლარს განსაზღვრავდა.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე მა----ა ფა-----–--ას სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გო-- ხუ----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი - 42,88 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----ა ფა-----–--ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე გო-- ხუ----ს დაეკისროს 1500 ლარის გადახდა;
2. გო-- ხუ----ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ს ახელმწიფო ბაჟის ნაწილი 42,88 ლარი.
3. მა----ა ფა-----–--ას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 249.9 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე