გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/2254-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - ლ-–----------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ-----------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 0- იანვრის №1-- ბრძანება.
1.2. მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ლ-–----------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ,2381 მუხლის 1-ელი ნაწილითა და 236 მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
დადგენილია, რომ ლ-–----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 13 ოქტომბრიდან, სასჯელის მოხდა დასრულდება 2019 წლის 27 სექტემბერს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 0- იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერი (ს.ფ. 42-43).
3.2. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 0- იანვრის საიდუმლო სხდომის ოქმით დგინდება, რომ მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა №- და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია №- მსჯავრდებულ ლ-–-----------------------–---–ის შესახებ.
მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ლ-–----------–---–ი არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის და დაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტების მქონე; არის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულის ფაქტის მქონე; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია მრავალჯერ, ხოლო წახალისებული არ ყოფილა; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში; 2016 წლის 29 იანვარს მსჯავრდებულ ლ----------–---–ს განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი, რაც გადაფასებულ იქნა 2017 წლის 10 იანვარს და მსჯავრდებულს კვლავ განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი. აღნიშნულის შემდგომ მისი მხრიდან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას ორჯერ ჰქონდა ადგილი. მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის ნახევრად ღია ან/და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის საშიშროების რისკის სახე არის - მაღალი.
ამავე საოქმო გადაწყვეტილებით გუნდმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მასზედ, რომ მსჯავრდებული ლ-–----------–---–ი განთავსებულიყო მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 0- იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერი (ს.ფ. 42-43).
3.3. 2018 წლის 0- იანვრის №1-- ბრძანებით, მსჯავრდებულ ლ-–-----------------------–---–ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 0- იანვრის საიდუმლო სხდომის ოქმი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 0- იანვრის ბრძანება (ს.ფ. 46).
3.4. ლ-–----------–---–მა 2018 წლის 12 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 0- იანვრის №1-- ბრძანებისა და რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა 2018 წლის 13 თებერვალს წარადგინა დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 12 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი ( ს.ფ. 78-84);
- 2018 წლის 13 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი ( ს.ფ. 85-87).
3.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 13 მარტის №M---------------- წერილით ლ-–----------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განიხილა მისი 2018 წლის 13 თებერვლის საჩივარი და გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 13 მარტის №M---------------- წერილი (ს.ფ. 22-24).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი” (სადავო აქტის გამოცემის დროს მოექმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 0- იანვრის №1-- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს ,,პატიმრობის კოდექსის“ (სადავო აქტის გამოცემის დროს მოექმედი რედაქცია) პირველ მუხლზე, რომელიც ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს. კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.
კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლი განმარტავს, რომ დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
,,პატიმრობის კოდექსის'' 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-2 ნაწილის თანახმად კი, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. მე-4 ნაწილის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
6.3. ,,პატიმრობის კოდექსის“ 64-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პატიმრობის კოდექსის“ საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცდა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს წესით დადგენილ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურას.
წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშავოს არაუმეტეს შვიდასი მსჯავრდებულის მონაცემები. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ფუნქციონირებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი, ჯგუფი არ იქმნება და მის ფუნქციას ასრულებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი. მე-2 პუნქტის თანახმად, ჯგუფი შედგება დაწესებულების არანაკლებ 3 თანამშრომლისგან, ხოლომე-5 პუნქტის შესაბამისად, ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრავს დირექტორი.
ამავე წესის მე-7 მუხლში გაწერილია ჯგუფის საქმიანობის თანმიმდევრობა და წესი. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს მსჯავრდებულთა შერჩევას და მათ შესახებ ამ ბრძანების დანართი №--ით დადგენილი ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავებას. შეფასების პროცესში რიგითობის განსაზღვრისას ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გარემოებები. რიგითობის განსაზღვრის შემდეგ, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად, სხდომაზე შეკრების გარეშე, ავსებენ ამ ბრძანების დანართი №--ით განსაზღვრულ ფორმას. ჯგუფის წევრების მიერ კითხვარის შევსებას კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი (მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი). ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს გუნდს (მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი).
წესის მე-8 მუხლი ადგენს (მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების) გუნდის განსაზღვრებას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.
მითითებული კანონქვემდებარე აქტის მე-11 მუხლის თანახმად: 1. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიღებული მსჯავრდებულთა სიის შესაბამისად, სიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული და მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავსებს ამ ბრძანების დანართი №--ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს; 2. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №--ით დადგენილ ფორმაში ისეთი სახის ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ ბრძანების დანართი №--ით დადგენილი ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით ეგზავნება გუნდს, საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭების გზით.
წესის მე-12 მუხლი არეგულირებს გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, რომლის თანახმად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში (მე-12.1. მუხლი). გუნდის სხდომა, როგორც წესი, დახურულია და იმართება პერიოდულად, არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ (მე-12.2. მუხლი). გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ელექტრონული სახით (მე-12.9. მუხლი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების მიზნით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენისათვის, კანონმდებელი რისკების შეფასების გუნდს კონკრეტულად უდგენს მსჯავრდებულის რისკის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელიც მოცემულია წესის მე-4 მუხლში. ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, უშუალოდ რომელ მათგანში მოხდება მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, მსჯავრდებული, შეძლებისდაგვარად, გადაყვანილი უნდა იქნეს მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე შესაბამისი რისკის დაწესებულებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საშიშროების რისკის დადგენის შესახებ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ სადავო საკითხის, ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ დადგენა/შეფასებას. ამგვარი უფლებამოსილება მოპასუხეს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით კი განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 0- იანვრის საიდუმლო სხდომის ოქმი (სრული სახით), ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო-ოპერატიული ინფორმაცია ლ-–----------–---–ის შესახებ. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამასთან, სასამართლოს მიერ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
აღნიშნული ინფორმაციის დასაბუთებულობის შემოწმების და სხვა მტკიცებლებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც გუნდს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით’’ დადგენილი რისკის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი გარემოებები შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია საშიშროების რისკის სახის შესაბამისად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების განსაზღვრა კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-–----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ მეშველიანი