გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
330210017001951770
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14329-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: თ-----------------ა, პ/ნ 6----------

მოპასუხეები: ც---–----------------------ი, პ/ნ 6----------, გ-----------ი, პ/ნ 6----------

მესამე პირი: ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–--------------–---–---------–-----------------

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ც---–----------------------ისა და გ-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ--------------–-- ღო----------------- ,,გ----–-------" შენობის პირველი სართული (ყოფილი სასადილო), საკადასტრო კოდი N------------------------

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავო ფართის მესაკუთრე არის სახელმწიფო და არა მოსარჩელე თ-----------------ა და მოსარჩელეს არანაირი უფლება სადავო ფართზე არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ ქ. თბილისში, ღო-----------------------–-- პირველ სართულზე მდებარე სადავო 234.52 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით 0----------------------, ყოფილი სასადილოს ტერიტორია, არის სახელმწიფოს საკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19).

 

3.1.2. მოსარჩელე თ-----------------ა და მოპასუხეები ც---–----------------------ი და გ-----------ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ირიცხებიან ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებულ, ქ. თბილისში, ღ----------------------–ი მდებარე „გ----–-------“-ის შენობაში რეგისტრირებულ დევნილთა სახელობით სიაში. აღნიშნულ მისამართზე, დევნილები შესახლებულები არიან სახელმწიფოს თანხმობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 29 ივლისის წერილი (ს.ფ. 24-26).

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენილს წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 115-116).

 

3.1.3. შპ------------–---------ს მიერ 2008 წლის 14 თებერვალს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ საწარმო კომბინატი „გ----–-------“ შენობაში, მდებარე ქ. თბილისში, ღო-----------------------–-- 1993 წლიდან გ----–--------- დეპარტამენტის მიერ ჩასახლებულები არიან სოხუმში განლაგებული გ----–--------- ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და მათ ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები N3,4,5,6,7,8,9,13, ასევე საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი სასადილო), საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპ------------–---------ს მიერ 2008 წლის 14 თებერვალს გაცემული ცნობა (ს.ფ. 21).

 

3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეები სადავო ფართს ფლობენ, რაც, საქმის განხილვის დროისთვის, ფართის მესაკუთრის ნებას არ ეწინააღმდეგება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ფართი სახელმწიფოს საკუთრებაა. ამდენად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, დააყენოს მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქართველოს სამოქალაო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, შესამოწმებელია, ხომ არა აქვს მოსარჩელეს, როგორც სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, განსახილველი მოთხოვნის მოპასუხეთა მიმართ დაყენების უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

მითითებული ნორმის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი ყოველთვის ითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად, ვინაიდან მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელია თავად მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის ნებიდან გამომდინარეობს. ამდენად, იმისთვის რომ პირი მიჩნეულ იქნეს კეთილსინდისიერ მფლობელად, მას აღნიშნული ფლობის უფლება მიღებული უნდა ქონდეს მესაკუთრისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.

 

კანონის მითითებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრისათვის მინიჭებული ანალოგიური უფლების მსგავსად, დაიცვას თავისი მფლობელობის უფლება სხვა პირთა ხელყოფისაგან ისეთ ნივთზე, რომელიც მის მფლობელობაში იმყოფება.

 

ეს მუხლი ეხება კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნას, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს, რომელსაც არ გააჩნდა ფლობის უფლება, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, ჩამოერთვა მფლობელობა. ამ შემთხვევაში, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ სადავო ფართი სახელმწიფოს საკუთრებაა. შესაბამისად, იმისთვის რომ მოსარჩელე მიჩნეულ იქნეს კეთილსინდისიერ მფლობელად, მას სადავო ფართზე მფლობელობის უფლება მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსაგან. ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას და რომელზეც მოსარჩელე აპელირებს როგორც უფლების დამდგენ დოკუმენტზე, არის შპ------------–---------ს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ღო-----------------------–-- 1993 წლიდან გ----–--------- დეპარტამენტის მიერ ჩასახლებულები არიან სოხუმში განლაგებული გ----–--------- ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და მათ ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები N3,4,5,6,7,8,9,13, ასევე საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი სასადილო) საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემომითითებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოსარჩელისათვის მესაკუთრის მსგავსი მფლობელობის უფლების მინიჭების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ დასტურდება, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთის ფლობის კანონით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი აქვს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე საქმეში მესამე პირად ჩართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დავნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ სადავო საცხოვრებელ ფართზე თ-----------------ას მფლობელობის, ან საკუთრების უფლება არ დასტურდება და არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერი და ფაქტობრივი საფუძვლები (ს.ფ.115).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ის სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია, და, მსგავსად მესაკუთრისა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო ფართის გამოთხოვის უფლება აქვს. შესაბამისად, თ-----------------ას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

7. პროცესის ხარჯები

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ-----------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე