გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.10.2018
საქმის ნომერი
130310018002590682
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-72-2018

(130310018002590682)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ბარბაქაძე

მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ნ--- ბ--–--ე

მოპასუხე - ნ----- ლ------ე

დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ნ----- ლ------ეს დაეკისროს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დაბრუნება 290 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა სოციალურ დახმარებას (საარსებო შემწეობას) 2011 წლიდან.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილებისათვის ცნობილი გახდა, რომ ნ----- ლ------ის ოჯახის წევრი - კ--- ლ------ე დასაქმდა შპს „ს-------------–ში“ და დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი. მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოპასუხის ოჯახს ზედმეტად დაერიცხა 2018 წლის იანვრის თვის შემწეობის თანხა 310 ლარი.

 

ნ----- ლ------ემ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულ განყოფილებას და ითხოვა თანხის გადანაწილება თვეებზე. ნ----- ლ------ის მხრიდან მხოლოდ ერთხელ 2018 წლის 1 ივნისს მოხდა 20 ლარის გადახდა. ამის შემდეგ, მის მიერ თანხის გადახდა აღარ დაფიქსირებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული თანხა შეცდომით დაირიცხა კ--- ლ------ის ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ მათ გვიან გაიგეს, თუმცა ამის შესახებ არ უცნობებიათ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის. ნ----- ლ------ემ განმარტა, რომ ოჯახში აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ვერ შეძლო ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) ნ----- ლ------ის ხუთსულიან ოჯახს დაენიშნა 2011 წლიდან. ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 2018 წლის იანვრის ჩათვლით თვეში 310 ლარის ოდენობით. უკანასკნელი დეკლარაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შევსებულ იქნა 2015 წლის 02 ივლისს. დეკლარაციის C3 გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ ოჯახს მითითებული აქვს 0 ლარი (ს.ფ. 16, ასევე, იხ. დეკლარაცია).

 

3.2. ნ----- ლ------ის ოჯახის წევრს კ--- ლ------ეს შპს „ს-------------–იდან“ 2017 წლის დეკემბერში დაერიცხა მომსახურების ანაზღაურება 5005 ლარის ოდენობით (ს.ფ. 20).

 

3.3. მოპასუხეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის (კ--- ლ------ის ანგარიშზე 5005 ლარის ჩარიცხვის) შესახებ არ უცნობებია სააგენტოსათვის (მხარეთა განმარტება, იხ. სარჩელი, ასევე, სხდომის ოქმი).

 

3.4. 2018 წლის 15 თებერვალს სოციალური აგენტის მიერ შედგენილ იქნა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, რის შედეგად ოჯახს შეუწყდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და სოციალური დახმარების გაცემა (ს.ფ. 16).

 

3.5. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2018 წლის 22 თებერვლის წერილით ნ----- ლ------ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 15 თებერვლიდან გაუქმდა მათი ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, აქვთ ზედმეტად აღებული სოციალური დახმარება 310 ლარის ოდენობით და მოსთხოვა თანხის დაბრუნება ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე (ს.ფ. 21-22).

3.6. ნ----- ლ------ემ 2018 წლის 14 მაისს მიმართა განცხადებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულ განყოფილებას და ითხოვა თანხის 310 ლარის გადანაწილება თვეებზე (ს.ფ. 24).

 

3.7. ნ----- ლ------ის მხრიდან ერთჯერადად მოხდა 20 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2018 წლის 1 ივნისს. დანარჩენი თანხა მას აღარ გადაუხდია (ს.ფ. 26, ასევე, მხარეთა განმარტება).

 

3.8. სასამართლო არ იზიარებს ნ----- ლ------ის პოზიციას, რომ მისი ოჯახის წევრზე შეცდომით მოხდა თანხის ჩარიცხვა, რადგან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“; „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. იმავე მუხლის ე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას. ამ ნორმებიდან გამომდინარე ნ----- ლ------ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა იყო 5430 და ჰყავდა 16 წლამდე ასაკის 1 წევრი, იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 310 ლარის ოდენობით.

 

6.2. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.

 

6.3. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის „ბ“ ქვეუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

6.4. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების შესახებ განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. დადგენილია, რომ ნ----- ლ------ის ოჯახმა კ--- ლ------ის მიერ მუშაობის დაწყებისა და შემოსავლის მიღების შესახებ არ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც ზედმეტად ჩაერიცხათ 2018 წლის იანვრის თვის სოციალური დახმარება 310 ლარი.

 

6.5. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის - შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე არსებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე. დადგენილია რომ მოცემულ შემთხვევაში სხვაობა აღემატებოდა 150 ლარს, რადგან ოჯახს დეკლარაციის C3 (ხელფასი) გრაფაში მითითებული აქვს 0 ლარი. 5 სულიანი ოჯახის შემთხვევაში, 5005 ლარი 4 თვის მანძილზე ერთ წევრზე გამოდის საშუალოდ 250,25 ლარი.

 

6.6. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-181 მუხლის თანახმად, თუ ოჯახს ზედმეტად დაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით. ნ----- ლ------ის ოჯახმა შემოსავალი 5005 ლარი მიიღო 2017 წლის დეკემბერში, ამიტომ 2018 წლის იანვრის თანხა 310 ლარი ითვლება ზედმეტად ჩარიცხულად.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

6.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ზემოაღნიშნული თანხა, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

6.9. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ნ----- ლ------ემ უნდა დააბრუნოს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის ის ნაწილი, რაც არ დაუბრუნებია - 290 (310-20=290) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ----- ლ------ეს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 290 (ორასოთხმოცდაათი) ლარის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი