განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
080100118002504698
დავის ტიპი
126 1
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/541-18 (041160518007)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - რუსუდან ლაბაძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ინეზა იაშას ასული კუბლაშვილი - დაბადებული 1970 წლის 12 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №21001021314, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ტყიბული, კ. გამსახურდიას ქუჩა N27

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ინეზა კუბლაშვილმა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N7-ში განთავსებულ სახელოსნოში, ინეზა კუბლაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ილია ხვისტანს. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ილია ხვისტანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბესარიონ ჯინჯიხაძის, მზევინარ თხელიძის, სულხან არველაძის, ილია ხვისტანის და ინეზა კუბლაშვილის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის N003572318 დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ინეზა კუბლაშვილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ ინეზა კუბლაშვილმა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ინეზა კუბლაშვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინეზა კუბლაშვილს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ინეზა კუბლაშვილის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 120 (ას ოცი) საათის ოდენობით განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინეზა კუბლაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.

გაუქმდეს ინეზა კუბლაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი “Lexus“-ის მარკის ავტომობილის წინა მაშუქი ფარი, ერთი ცალი “Toyota Prius“-ის მარკის ავტომობილის მაშუქი დაშლილ მდგომარეობაში; ორი ცალი „BMW“-ს მარკის ავტომობილის ნისლსაწინააღმდეგო ფარის გარეთა შუშა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი