განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/389-18 (#057140118001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დავით სილაგაძე
ბრალდებული - ირაკლი იურის ძე ჩიგოგიძე - დაბადებული 1996 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #09001026428, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი ფერსათი
ადვოკატი - მერაბ წულაია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ირაკლი ჩიგოგიძემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 იანვარს, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში, ღამით დაახლოებით 19 საათზე და 45 წუთზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ირაკლი ჩიგოგიძე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ არსებული “HONDA FIT”-ის მარკის სახელმწიფო ნომრით NXN-033 ავტომანქანით, რომელმაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და საავტომობილო გზაზე შეეჯახა ქვეითად მოძრავ, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მცხოვრებ თამაზ გორგოძეს, რომელმაც შეჯახების შემდეგ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დაეცა საავტომობილო გზაზე საპირისპირო ზოლში და შემდეგ გულმკერდზე გადაუარა გამოძიებით დაუდგენელმა პირმა მისი მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსით, რომელსაც ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით არ შეეძლო ხსენებული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით თამაზ გორგოძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინებები დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემა, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნა, გადაუდებელი აუცილებლობის დადგენილებით გარდაცვლილი თამაზ გორგოძის ტანსაცმლისა და სისხლიანი ნიმუშის ამოღების ოქმი, მოწმეთა მამუკა ნოსელიძის, გიორგი ყუფარაძის, მერაბ კამლაძის, თორნიკე მინაძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მალხაზ გორგოძის გამოკითხვის ოქმები, თავად ირაკლი ჩიგოგიძის გამოკითხვის ოქმი, ავტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, CD-R დისკის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ოქმი ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შესახებ, ცნობა ნასამართლობის შესახებ და სხვ.) ერთობლიობა ირაკლი ჩიგოგიძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირაკლი ჩიგოგიძემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, რომელსაც აღიარებს და ინანიებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მძიმედ ავადმყოფი დედა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ირაკლი ჩიგოგიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ოჯახური მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ჩიგოგიძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ირაკლი ჩიგოგიძის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის 04 (ოთხი) წლის ვადით განსაზღვრა და მისი ჩათვლა სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლის საფუძველზე პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ირაკლი ჩიგოგიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ირაკლი ჩოგოგიძეს 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. ირაკლი ჩიგოგიძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.
4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ირაკლი ჩიგოგიძეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: თამაზ გორგოძის ტანსაცმელი, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი