გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
330210118002471834
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/15927-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,ა--------’’

წარმომადგენელი - სა-–---- პა--------, ირ---–- ცა---–---–-

მოპასუხე - ნი--- ჩა--------

წარმომადგენელი - და---- ლა-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს ნი--- ჩა-------ს, შპს ,,ა--------’’-ს სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 5 075 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2017 წლის 05 სექტემბერს ნი--- ჩა-------მა მუშაობა დაიწყო შპს ,,ა--------’’-ში, სადაც დაინიშნა გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 640 ლარით. სექტემბრის თვეში მოპასუხე სამსახურში გამოცხადდა 13 დღის განმავლობაში და გააცდინა 7 დღე, შესაბამისად მისმა ხელფასის ოდენობამ შეადგინა 441.19 ლარი.

10 ოქტომბერს მოპასუხის ანგარიშზე შეცდომით ჩაირიცხა 5 516.60 ლარი, შესაბამისად, სხვაობამ კუთვნილ ხელფასსა და შეცდომით დარიცხულ თანხას შორის შეადგინა 5 075.41 ლარი. ამ თანხის ჩარიცხვის შემდეგ ნი--- ჩა-------მა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვა სამსახური. ოქტომბერში ნამუშევარი დღეები მოსარჩელემ აუნაზღაურა მოპასუხეს 09 ნოემბერს, კერძოდ მას ჩაურიცხა 220 ლარი.

დანაკლისის აღმოჩენის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა შეცდომით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება. შპს ,,ა--------’’-ს დირექტორთან სატელეფონო საუბრის დროს მოპასუხემ აღიარა, რომ ჩარიცხული თანხა მას არ ეკუთვნოდა, თუმცა თავი აარიდა თანხის დაბრუნებას. ამის შემდგომ შედგა შეხვედრა მოპასუხეს და მის ადვოკატთან ერთა, რომლის დროსაც მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ მორიგებაზე იმ პირობით, რომ ნი--- ჩა-------მა იკისრა შეცდომით ჩარიცხული თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება. თუმცა, ამის შემდგომ არაერთი მცდელობის მიუხედავად ვეღარ მოხერხდა მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან დაკავშირება.

2018 წლის 07 მარტს შპს ,,ა--------’’-მ დაზღვეული წერილი გაუგზავნა მოპასუხეს აცნობა, რომ კომპანია იწყება მოლაპარაკებების პროცედურებს. მოსარჩელე ითხოვდა შეცდომით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნებას წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიწყებდა სამართალწარმოებას. მოპასუხეს გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა პირადად 13 მარტს, თუმცა მას წერილზე პასუხი არ გაუცია.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, მან შპს ,,ა--------’’-ში მუშაობა ნამდვილად დაიწყო 2017 წლის სექტემბერი, მაგრამ მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა 1 500 ლარით, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებული 640 ლარისა, რასაც ასევე უნდა დამატებოდა ბონუსი ყოველი გაყიდული მომსახურებიდან. ამასთან, არსებობდა პირობაც, რომ იგი სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო ყოველთვიურად დასვენების დღეების გარეშე. კომპანიის მხრიდან ასევე არსებობდა მოთხოვნა, რომ მას უნდა ემუშავა მინიმუმ ერთ წელი. იგი დასთანხმდა შეთავაზებულ პირობებს იმის გამო, რომ ხელფასის და ბონუსის სახით ჯამში უნდა მიეღო შემოსავალი 5 000 ლარი ყოველთვიურად. როდესაც მან მოითხოვა შრომითი კონტრაქტის გაფორმება, ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ არ იყო წერილობით შეთანხმების გაფორმება, ვინაიდან მათ არ სურდათ სხვა თანამშრომლებისთვისაც ცნობილი ყოფილიყო მისი შრომის ანაზღაურების შესახებ. სექტემბერში მან 13 დღის ნაცვლად იმუშავა სრულად. მას ასევე ჰქონდა გაცდენები ავადმყოფობის გამო, რის თაობაზეც მოსარჩელეს წარუდგინა შესაბამისი ცნობა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ჩარიცხული თანხა შეესაბამება იმ თანხას, რომელიც მას ჰქონდა ხელფასის და ბონუსის სახით გამომუშავებული. იგი დაითხოვა კომპანიის დირექტორმა, ვინაიდან განუცხადა, რომ საჭიროებდა მკურნალობას გარკვეული პერიოდი და ვერ შეძლებდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. მართალია მას ნოემბერში მართლაც ჩაერიცხა 220 ლარი, მაგრამ ეს თანხა იყო სექტემბერ-ოქტომბერში ნამუშევარი ხელფასის და ბონუსის დარჩენილი თანხა და, ამასთანავე, აღნიშნული თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მხოლოდ მისი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ნი--- ჩა-------- 2017 წლის სექტემბრიდან ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს ,,ა--------’’-ში გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შპს ,,ა--------’’-ს მიერ ნი--- ჩა-------ს 2017 წლის 10 ოქტომბერს ჩაერიცხა 5 516 ლარი სექტემბრის თვის სამუშაოს ანაზღაურების სახით, ხოლო 2017 წლის 09 ნოემბერს ჩაერიცხა 220 ლარი ოქტომბრის თვის სამუშაოს ანაზღაურების სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 60-61).

 

3.1.3. 2018 წლის 05 მარტს მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება მოსარჩელის მიერ ზედმეტად ჩარიცხული 5 075 ლარის უკან დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების პროცედურების დაწყების თაობაზე. მოპასუხეს აღნიშნული გზავნილი პირადად ჩაბარდა 2018 წლის 13 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შეტყობინება, საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 62-63).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით მოპასუხე ნი--- ჩა--------ს შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად განისაზღვრა 640 ლარით.

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრული ანაზღაურების მოცულობა. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 640 ლარით და სწორედ ამის გამო წარმოადგენს მოპასუხისთვის ჩარიცხული თანხა უსაფუძვლოდ მიღებულს. სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელის, როგორც დამსაქმებლის და ასევე, როგორც ფაქტის მიმთითებელი მხარის, მტკიცების ტვირთში შედის იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 640 ლარით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნული გარემოების სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება წარმოდგენილი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ. 20-55) და სხვა დასაქმებულთათვის თანხის ჩარიცხვის საგადახდო დავალებები (ს.ფ. 56-59). პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სასამართლოსთვის უცნობია წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებების ხელმომწერი ფიზიკური პირების ვინაობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელემ არ უზრუნველყო მათი თუნდაც მოწმის სახით დაკითხვა სასამართლო სხდომაზე და შესაბამისი შუამდგომლობის დაყენება. გარდა ამისა, წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ თუნდაც ანალოგიურ პოზიციაზე მყოფ სხვა თანამშრომლებთან შედარებით - მოსარჩელეს არ შეეძლო დაედო ხელშეკრულება მოპასუხესთან სხვაგვარ ანაზღაურებაზე შეთანხმებით. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების გაზიარების შემთხვევაშიც კი გაურკვეველია, რის საფუძველზე უნდა დაადგინოს სასამართლომ, რომ მეწარმე სუბიექტს უცილობლად ერთიდაიგივე ანაზღაურება უნდა შეეთავაზებინა იდენტურ პოზიციაზე დასაქმებულთათვის მისი კომერციული საქმიანობის ფარგლებში. ამასთანავე, თუნდაც ის ფაქტი, რომ სხვა თანამშრომლებთან მოსარჩელეს გაფორმებული აქვს წერილობითი ხელშეკრულებები, ხოლო მოპასუხესთან შეთანხმება მოხდა ზეპირად, თავისთავადვე მიუთითებს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შესაძლო სხვაგვარი პირობების არსებობაზე, ვიდრე მოსარჩელეს და სხვა დასაქმებულებს შორის.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების სათანადო მტკიცებულებად ასევე ვერ განიხილება ის გარემოება, რომ მოპასუხეს ძველ დამსაქმებელთან (შპს ,,უეფენჰუბ მენეჯმენთ სერვისი’) გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად (ს.ფ. 120-126) ანაზღაურება ანალოგიურ პოზიციაზე განსაზღვრული ჰქონდა 1 000 ლარად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმებით მოპასუხე ნი--- ჩა--------ს შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 640 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ა--------’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არა----არი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)

 

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ შპს ,,ა--------’’-ს მიერ ნი--- ჩა-------ს 2017 წლის 10 ოქტომბერს ჩაერიცხა 5 516 ლარი სექტემბრის თვის სამუშაოს ანაზღაურების სახით, ხოლო 2017 წლის 09 ნოემბერს ჩაერიცხა 220 ლარი ოქტომბრის თვის სამუშაოს ანაზღაურების სახით. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებული იყო იმ გარემოების დადასტურებაზე, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით მოპასუხის თვიური ხელფასი განისაზღვრა 640 ლარით, რისი დადასტურებაც მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მოსარჩელემ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის 5 075 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ მითითებულ პოზიციაზე იმასთან, მიმართებით, რომ მათ უზრუნველყვეს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით მოპასუხესთან მოლაპარაკებების წარმართვის მცდელობა და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება მოთხოვნის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობისა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია არა მათ შორის შრომითი ვალდებულების დარღვევა, ან/და შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლება/მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, არამედ სარჩელი ემყარება სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მხოლოდ ზეპირი მითითება დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შინაარსობრივად სხვა საფუძვლიდან გამომდინარე დავას ეხება, არ წარმოადგენს მიმდინარე დავისათვის გადაწყვეტისათვის რელევანტურს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 153, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა--------’’-ს სარჩელი მოპასუხე ნი--- ჩა--------ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ნი--- ჩა--------ს სახელზე რიცხული ავტომობილზე, რომლის რეკვიზიტებია: სახელმწიფო ნომერი OO727UU, მარკა/მოდელი - M------------ S-- 230 KOMPRESOR, გ. წელი - 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - შავი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქოსასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია