განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002578218
N1/174-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ---- გ---- ასული ა------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ხაშურის რაიონი, სოფელი ქ--–-----;
ადვოკატი - გ---- ღ-------–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ--–-, ვ-----–- ტ--------- საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მ---- ა------–---–მა, სამჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში ხ------- ზ-----–--ეს, რომელმაც, აღნიშნულით, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ხ------- ზ-----–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც მივიდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ--–- და შევიდა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, იქ მყოფმა მ---- ა------–---–მა მას დაუწყო ყვირილი, თუ რატო ექცეოდა დედამის ცუდად, რატომ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ დროს, მ---- ა------–---–მა, მოულოდნელად, სამჯერ დაარტყა მუშტი მას სახის არეში, რა დროსაც განიცადა საშინელი, ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, მოულოდნელად, ისე, რომ იქ მყოფმა მისმა შვილებმა ვერ მოასწრეს შუაში ჩადგომა, მ---- ა------–---–მა მას დაარტყა სახეში. მ----სა და მას კონფლიქტი 2018 წლის 7 მარტამდე არ ჰქონიათ და გაუგებარია მისთვის თუ რატომ სცემა მ----მ. დაზარალებულის განმარტებითვე, მას დაზიანებები აღენიშნებოდა შუბლზე, ნაჭდევის სახით, ასევე ჩალურჯებული ჰქონდა მარჯვენა მხარეს, ლოყის ზედა და თვალის ქვედა ნაწილში.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ტ--------- განაცხადა, რომ 2018 წლის 7 მარტს, როდესაც ჩავიდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ--–- და შევიდნენ ეზოში, იქ მყოფმა მამიდამისმა - მ---- ა------–---–მა, დედამისს - ხ------- ზ-----–--ეს უთხრა, რატომ ექცეოდა დედამის ცუდად, რატომ ცემდა. ამ საუბრის დროს, მან ნახა ბებია, ვ-----–- ტ-------ე, რომელიც იქვე, ეზოში იჯდა. როდესაც გაიხედა მ---- ა------–---–ისა და ხ------- ზ-----–--ის მიმართულებით, დაინახა, რომ მ.ა------–---–მა სამჯერ დაარტყა ხელი ხ.ზ-----–--ეს სახის არეში. მივიდა და შეეცადა გაშველებას, თუმცა ვერ შეძლო. ამ დროს, მათთან მივიდა სახლიდან გამოსული მამამისი - ა------- ტ-------აძე, ჭიშკართან მყოფი ძმა - გ------- ტ-------ე და ხ------- ზ-----–--ე შეიყვანეს სახლში. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 7 მარტს, ეზოში ყოფნის დროს, ხ------- ზ-----–--ეს, მ---- ა------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 2018 წლის 7 მარტამდე, მ----ს ძმიშვილებთან ან ძმასთან ან/და რძალთან კონფლიქტი არ ჰქონია.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ტ--------- განაცხადა, რომ 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც ჩავიდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ--–- და შევიდნენ ეზოში, იქ მყოფმა მამიდამისმა - მ---- ა------–---–მა, დედამისს - ხ------- ზ-----–--ეს უთხრა, რატომ ექცეოდა დედამის ცუდად, რატომ ცემდა. აღნიშნულზე, ხ-------მ მიუგო - „რას ამბობ, როდის ვექცევი ეგრეო“. ხმამაღალი საუბრის დროს, როდესაც შებრუნდა, დაინახა, რომ მამიდამისმა - მ---- ა------–---–მა, რომელიც უკვე ამდგარი იყო, ხელი დაარტყა სახის არეში დედამისს - ხ------- ზ-----–--ეს. იგი მივიდა მათთან, ჩადგა შუაში და ცდილობდა გაშველებას. ამ დროს მ---- ა------–---–ი იქნევდა ხელებს. თვითონ ზურგით იდგა დედის მხარეს და მოხვდა თუ არა მ.ა------–---–ის მოქნეული ხელი ხ.ზ-----–--ეს არ დაუნახავს. კონფლიქტის განეიტრალება მოხდა და ხ.ზ-----–--ე შეიყვანეს სახლში. მეორე დღეს ნახა, რომ ხ.ზ-----–--ეს სამ ადგილზე ემჩნეოდა დაზიანება, ჰქონდა დალურჯებები.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- ტ--------- განაცხადა, რომ 2018 წლის 7 მარტს იმყოფებოდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ--–- და მუშაობდა ბაღში. საღამოს საათებში, სოფელში ჩავიდა მისი მეუღლე ხ------- ზ-----–--ე. ამ დროს თვითონ იმყოფებოდა სახლში. მ---- ა------–---–სა და ხ------- ზ-----–--ეს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც მ---- ა------–---–მა ხელი დაარტყა ხ------- ზ-----–--ეს. მოწმის განმარტებით, როდესაც ხ------- ზ-----–--ე შევიდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა.ტ--------- გაიგონა ჩხუბის ხმა, დაინახა, რომ მ---- ა------–---–ი იქნევდა ხელებს, თუმცა მოქნეული ხელი მოხვდა თუ არა ხ.ზ-----–--ეს არ დაუნახავს. როგორც მეუღლისგან იცის, მ----მ მას დაარტყა ხელი.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- ზ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონული სამმართველოს ბორითის პოლიციის განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო მ---- ა------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზები, ჩაატარა ნიმუშს აღება და შეადგინა შესაბამისი ოქმები, ბრალი წარუდგინა მ---- ა------–---–ის და გამოკითხა მოწმის სახით. გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია და განახორციელა სხვადასხვა, როგორც საგამოძიებო, ასევე, საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორეც დადასტურებული აქვს შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით.
7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 08.03.1-–-----------------ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ხ------- ზ-----–--ეს გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (უჩივის თავის ტკივილს. შუბლის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 0.6X0.2სმ). დაზიანება განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ--------.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ---- ა------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 7 მარტს, იმყოფებოდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ--–-, დედასთან, ვ-----–- ტ-------ესთან სახლში და საუბრობდნენ. საღამოს, როდესაც ისხდნენ ეზოში, მივიდა რძალი, ძმის მეუღლე - ხ------- ზ-----–--ე, რომელმაც ეზოში შესვლისთანავე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ისე, რომ ადგომაც ვერ მოასწრო, თავის არეში დაარტყა ხელი. დარტყმის დროს განიცადა ძლიერი ტკივილი და მისი აზრით, წამიერადაც კი გაითიშა. მ.ა------–---–ის განმარტებით, მას ხ------- ზ-----–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ დაზიანებები ხ------- ზ-----–--ისათვის არ მიუყენებია და არ უცემია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ამასთან, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეების ნ---- ტ---------, გ------- ტ--------- და ა------- ტ--------- ჩვენებებში, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად აღწერენ მ---- ა------–---–სა და ხ------- ზ-----–--ეს შორის განვითარებული მოვლენების დეტალებს, კერძოდ: ნ---- ტ--------- ჩვენებით დადასტურებულია, რომ მ---- ა-------–---–სა და ხ------- ზ-----–--ეს შორის მიმდინარეობდა ხმამაღალი საუბარი, რა დროსაც მ---- ა------–---–მა სამჯერ დაარტყა ხელი ხ------- ზ-----–--ეს. ხოლო, გ------- ტ--------- ჩვენებით დადასტურებულია, რომ მან გაიგო ხმამაღალი საუბარი, რომელიც მიმდინარეობდა მ---- ა------–---–სა და ხ------- ზ-----–--ეს შორის. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ მ.ა------–---–მა ხელი დაარტყა ხ------- ზ-----–--ეს. ჩადგა მათ შორის, ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც მ.ა-------–---–ი ხელებს იქნევდა. თვითონ იდგა ზურგით ხ.ზ-----–--ესთან და არ დაუნახავს მოხვდა თუ არა მ.ა------–---–ის მოქნეული ხელი ხ.ზ-----–--ეს. ა------- ტ--------- ჩვენებით კი დასტურდება, რომ მან გაიგონა ჩხუბისა და ხმაურის ხმა, ასევე დაინახა, თუ როგორ იქნევდა ხელებს მ---- ა------–---–ი. მოგვიანებით, მეუღლისგან შეიტყო, რომ მ.ა------–---–მა დაარტყა ხელი. აღნიშნული გარემოებები, სრულ თანხვედრაში მოდის როგორც დაზარალებულ ხ------- ზ-----–--ის ჩვენებასთან (რომელიც აღწერს მ.ა------–---–ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და დაზიანების ადგილმდებარეობას), ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან (დაზიანებების მდებარეობასთან და მათ ხანდაზმულობასთან - ის რომ დაზიანებები არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს). აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა.
9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ---- ა------–---–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
11. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მ---- ა------–---–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ამ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ---- ა------–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ მ---- ა------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
15. მ---- ა------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
16. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
17. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ---- ა------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
18. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/8--), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
19. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - წარსულში ნასამართლევი არ არის, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ხასიათდება დადებითად. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, მ---- ა------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა. ამასთან, სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია მ---- ა------–---–ის მიმართ ჯარიმის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ---- ა------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;
მ---- ა------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე