განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100118002587586
№1/312-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23.10.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნათია კიკალია
დაცვის მხარე
ბრალდებული - ო----- ო-----ის ძე ს--------–-ძე, დაბადებული 1--- წლის 14 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, განქორწინებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------–---–-------------
კვალიფიკაცია
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ კასპში, ხ-------------------------–- მდებარე ა--------------ს საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო----- ს--------–-ძემ ყოფილი მეუღლის - ა--------------ს მიმართ განახორციელა ძალადობა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა სახეში და ფეხი ორჯერ დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც ა-----------რმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 21 ივლისს ო----- ს--------–-ძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო----- ს--------–-ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. სასამართლოს გადაწყვეტილება ო----- ს--------–-ძის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
2.4. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება და რომელთა ერთობლიობაც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო----- ს--------–-ძის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ
3.1. ბრალდებულმა - ო----- ს--------–-ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.
3.2. დაზარალებულ ა--------------ს ჩვენებით, ათი წლის განმავლობაში ქორწინებაში იყო ო----- ს--------–-ძესთან, რომელთანაც შეეძინა ერთი შვილი. განქორწინების შემდეგ, მისი ყოფილი მეუღლე - ო----- ს--------–-ძე ხშირად მიდიოდა მასთან სახლში და მთელი დღის განმავლობაში რჩებოდა, რაც ა-----------რს არ სურდა და ხშირად მოუწოდებდა მას, ნებართვის გარეშე, მასთან სახლში აღარ მისულიყო. 2018 წლის 19 ივლისს, სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ა-----------რს სახლში კვლავ დახვდა ყოფილი მეუღლე - ო----- ს--------–-ძე, რის გამოც მასთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი. ა-----------რმა კატეგორიულად გამორიცხა ბრალდების მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ ო----- ს--------–-ძემ, 2018 წლის 19 ივლისს, ეჭვიანობის ნიადაზე, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი და ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, არც სსიპ „112“-ში შეტყობინებამდე და არც მაშინ, როდესაც მასთან სახლში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ცდილობდნენ ბრალდებულის დაკავებას, ო----- ს--------–-ძის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მას ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. ყოფილ მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს, რაც განპირობებული იყო ო----- ს--------–-ძის მორიგი უნებართვო ვიზიტით ა--------------ს სახლში. 2018 წლის 19 ივლისს ო----- ს--------–-ძემ მას მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური ძალადობის შესახებ კი აცხადებდნენ პოლიციის თანამშრომლები. ა--------------ს განმარტებით, მას არც სსიპ „112“-ში შეტყობინებისას და არც პოლიციის თანამშრომლებისათვის ო----- ს--------–-ძის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენის შესახებ არასოდეს განუცხადებია. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, იგი თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს, რის შესახებაც პირველივე შესაძლებლობისთანავე, შენიშვნის სახით, მიუთითა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობისას.
3.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებისა (ჩვენებებისა), სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
3.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, ო----- ს--------–-ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც, რადგან, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტუდება ჰქონდა თუ არა ადგილი ო----- ს--------–-ძის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
4.6. საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
4.7. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
4.8. გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება.
4.9 მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ო----- ს--------–-ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დაზარალებული - ა-------------- არის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, მან კატეგორიულად გამორიცხა ბრალდების მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ ო----- ს--------–-ძემ, 2018 წლის 19 ივლისს, ეჭვიანობის ნიადაზე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ო----- ს--------–-ძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე. ნიშანდობლივია დაზარალებულის მყარი და უცვლელი პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რაც დასტურდება დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობისას მის მიერ გაკეთებული შენიშვნით, რომლის მიხედვითაც, ა-------------- გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თავს დაზარალებულად არ მიიჩნევდა, ვინაიდან, მისი განმარტებით, ო----- ს--------–-ძეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცემისას დაზარალებულის მიერ გაკეთებულ განმარტებას მის სხეულზე არსებული დაზიანებებთან დაკავშირებით. სამედიცინო შემოწმებისას ა-----------რმა აღნიშნა, რომ დაზიანებები მიიღო საყოფაცხოვრებო პირობებში (გაპარსვისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას), რაც შეეხება 2018 წლის 19 ივლისს მომხდარ ინციდენტს, აღნიშნულ დღეს მას მეუღლესთან მოუვიდა მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი.
4.10. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართალია, სსიპ „112“-ში მიღებული შეტყობინებით, სამხრე ვიდეოკამერები დათვალიერების ოქმებით და ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების და სხვა მოწმეთა უდავო გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება განახორციელა თუ არა ო----- ს--------–-ძემ ფიზიკური ძალადობა ა--------------ს მიმართ.
4.11. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების - კახაბერ ბიჭიკაშვილის, კაცია მაქარაშვილის და გიორგი ბეგლარაშვილის უდავო გამოკითხვის ოქმებში მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ ო----- ს--------–-ძემ ა-----------რს, მათივე თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამდენადაც, ერთი მხრივ, აღნიშნული გარემოებები არსებითად ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას, მეორე მხრივ კი პოლიციელთა ჩვენებები შეუთავსებელია საქმეზე გამოკითხული პირდაპირი მოწმეების - მარია გვილავას და ანა გვილავას უდავო გამოკითხვის ოქმებთან, რომელთა მიხედვითაც, აღნიშნულმა პირებმა არ დაადასტურეს ო----- ს--------–-ძის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი.
4.12. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა, რომლის გარეშეც პირის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაუშვებელია.
4.13. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების უდავო გამოკითხვის ოქმები რომც გავიზიაროთ და დავუშვათ, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ჩადენას, გვერდს ვერ ავუვლით დაზარალებულის მყარ და უცვლელ პოზიციას იმის შესახებ, რომ მას ო----- ს--------–-ძის ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რადგან ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ამდენად, საქმეში არსებული პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის ო----- ს--------–-ძის მსჯავრდებისათვის, რამდენადაც სახეზე არ არის დანაშაულის ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტი - დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა, უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
4.14. გორის რაიონულმა სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო----- ს--------–-ძე უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4.15. ო----- ს--------–-ძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.16. აქვე სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ო----- ს--------–-ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მსჯავრდებულ ო----- ს--------–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - დ----- ს--------–-ძეს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
3. ო----- ს--------–-ძეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერები ორ ცალ „დვდ“ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე