განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინა მანჯგალაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - გ------- მ------–---–ი, ა-------------–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა---- ბ-------ა - დაბადებულის 1--- წლის 1----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თ---–--–----------------–-------------ში.
ადვოკატი - თ----- გ------–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ა---- ბ-------ამ 2018 წლის 18 მარტს ქ.თბილისში დ------–-----–------------------ში მდებარე კომპანია ,,ს----------ის“ სპეციალური საჯარიმო ავტო სადგომიდან თვითნებურად, შესაბამისი ნებართვის გარეშე გაიყვანა მის მფლობელობაში არსებული ,-----------------ის“ ფირმის ავტომობილი ს/ს ნომრით N------. აღნიშნული ქმედებით კომპანია ,,ს----------ს“ მიადგა 100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ ა---- ბ-------ას არ ჩაუდენია თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
3.1. შპს ,,ს----------ის“ იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერმა თ----- შ--------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 18 მარტს დაუკავშირდა საჯარიმო სადგომის მენეჯერი, რომელმაც შეატყობინა, რომ ავტომანქანის მიერ თვითნებურად მოხდა სპეციალურად დაცული სადგომის დატოვება. თ----- შ--------ის განმარტებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად ავტომანქანის სპეციალურად დაცული სადგომიდან გაყვანა უნდა მოხდეს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემოწმების შემდეგ, ეს დოკუმენტაციაა - ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, სადგომზე გამოცხადებული პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი და ევაკუაციის ხარჯის 60 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ პირმა უნდა მოახდინოს ავტომანქანის დათვალიერება და იმ შემთხვევაში თუ პრეტენზია არ გააჩნია, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტს და იბარებს ავტომანქანას, რის შემდგომაც დაცვა უხსნის კარს და ატარებს. კონკრეტული ავტომანქანის შემთხვევაში არ მომხდარა სადგომზე გამოცხადებული პირის მიერ არც შესაბამისი დოკუმენტაციის და არც საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ავტომანქანის გაყვანა მოხდა ძალით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, რის შედეგადაც დაზიანებული იქნა საჯარიმო სადგომის ,,შლაგბაუნი“. ზიანის ოდენობამ შეადგინა უშუალოდ ევაკუაციის საფასური - 60 ლარი, ხოლო ,,შლაგბაუნის“ შეკეთება კომპანიას დაუჯდა 40 ლარი, ჯამურად 100 ლარი. თ----- შ--------ის განმარტებით საუბარია ორ ფაქტორზე, ერთის მხრივ გამოწვეული იქნა ფინანსრური ზიანი და რათ ქმა უნდა კომპანიისთვის 100 ლარიც არის მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გადახდის შემდგომ იღებდა შემოსავალს დედაქალაქის ხაზინიდან, ასევე ევაკუაციის საფასური იყო კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავალი, რომლითაც ახდენდა ევაკუაციის ხარჯების დაფარვას. მეორეს მხრივ იქნა ფაქტი დამდგარი, გაუთვალისწინებელი გარემოება შეიქმნა, თანამშრომლები რომლებიც გამწესებულები იყვნენ საჯარიმო სადგომზე მათ მოუწიათ შეცვლოდათ სამუშაო დღის წესრიგი, გამკაცრებული იქნა უსაფრთხოების ზომები ,,შლაგბაუნის“ აღდგენამდე, რომ სხვა ავტომობილებსაც არ მოეხდინათ სადგომის დატოვება. ასევე მიაჩნი, რომ აღნიშნული ქმედებები მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, რადგან კომპანიის იმიჯს ლახავს და ასეთი ქმედების უყურადღებოდ დატოვება წამახალისებელი იქნება სხვა პირებისთვის. თ----- შ--------ის განმარტებით ,,შლაგბაუნის“ აღდგენა მოხდა მეორე დღეს და სხვა ავტომანქანების ანალოგიური სახით გაყვანა არ მომხდარა. ასევე განმარტა, რომ არ ფლობს ინფორმაციას კომპასიის შემოსავალთან დაკავშირებით, დღეში შეიძლება საჯარიმოზე გადაყვანილი ყოფილიყო 5 ავტომობილიდან 30 ავტომობილამდე, მაგრამ ეს ციფრი არის ზოგადი და დამოკიდებული იყო სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
3.2. ბრალდებულმა ა---- ბ-------ამ და მისმა ადვოკატმა თ----- გ------–--ემ, მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ ბრალდებულის ქმედებით კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიდგომია. ადვოკატის განმარტებით თვითნებობის ობიექტურ ნიშნას წარმოადგენს მნიშვნელოვანი მატერიალური ან მორალური ზიანი, ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დაზარალებულს ბრალდებულის უკანონო ქმედებით მიადგეს ისეთი ზიანი, რომლითაც მისი მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, დაზარალებულმა უნდა დაადასტუროს როგორ გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა ან მორალური კუთხით რა ზიანი მიიღო.
4. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4.1. ა---- ბ-------ას ბრალდების მტკიცებულებებია: შეტყობინება №6-----, 2018 წლის 18 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თ------ ჯ-–--–---–ის, რ-------- ც-------ას, ი----- ს---------ის, ვ-–-------- მ----- და მ----- ა-------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 19 მარტის ოქმი მონაცემთა ბაზაში ავტომანქანის შემოწმების შესახებ, შპს ,,ს----------ის“ წერილი მიყენებული ზიანის თაობაზე, 2018 წლის 22 მარტის ოქმი სამეთვალყურეო ვიდეო-კამერების ჩანაწერის დათვალიერების შესახებ, 2018 წლის 25 ივნისის ოქმი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ, 2018 წლის 25 ივნისის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ჯარიმის და მიყენებული ზიანის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
4.2. ზემოაღნიშნული ბრალდების მტკიცებულებები არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თვითნებობა. თვითნებობისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. პირი რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა---- ბ-------ას ბრალი ედება თავისი ნამდვილი უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში.
5.2. ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ს----------ის“ საჯარიმო ავტო სადგომზე მყოფი ,-----------------ის“ ფირმის ავტომობილი ს/ს ნომრით N------ ნამდვილად იმყოფებოდა ა---- ბ-------ას კანონიერ მფლობელობაში და მას ნამდვილად ჰქონდა აღნიშნული ავტომანქანის მართვის უფლება.
5.3. უტყუარად დგინდება ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ა---- ბ-------ამ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, კერძოდ: შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, თვითნებურად გაიყვანა ავტომანქანა შპს ,,ს----------ის“ საჯარიმო ავტო სადგომიდან.
5.4. ამდენად, სასამართლოსთვის დავას არ იწვევს ის საკითხი, რომ ბრალდებულმა ა---- ბ-------ამ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განახორციელა ნამდვილად თავისი უფლება.
5.5. აღნიშნულის შემდეგ სასამართლომ უნდა შეაფასოს ა---- ბ-------ას თვითნებურმა ქმედებამ შედეგის სახით გამოიწვია თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან, მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა თვითნებობის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია, რომლის დაუდგენლობაც გამორიცხავს პირისთვის საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას. სწორედ მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის ფაქტი აქცევს ??????????? ?????????????? ?????????????????? ??????? ს 174-? ?????? ??????????????? ????????????????? ( თვითნებობა, ესე იგი კანონით დადგენილი წესის დარღვევით ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების თვითნებურად განხორციელება, რასაც მოქალაქეების ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის არსებითი ზიანი არ მოჰყოლია) სისხლის სამართლის დანაშაულად.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებობის შედეგად მიყენებული ზიანი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ზიანს, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს პირის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მიყენებული ზიანი არის თუ არა მნიშვნელოვანი, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.
5.7. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---- ბ-------ას ქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი გამოიხატა კომპანია ,,ს----------ისთვის“ 100 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანის მიყენებაში, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო მიუთითებს:
5.8. საქმის მასალებით და შპს ,,ს----------ის“ იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერ თ----- შ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ კომპანიის მიერ დასახელებული მატერიალური ზიანიდან - (100 ლარიდან) უშუალოდ ევაკუაციის საფასურია - 60 ლარი, ხოლო ,,შლაგბაუნის“ შეკეთების ხარჯია - 40 ლარი.
5.9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლი ითვალისწინებს დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისას. მე-6 ნაწილის თანახმად დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, ავტოტრანსპორტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.
5.10. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
5.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით დაჯარიმდა ბრალდებული ა---- ბ-------ა ადმინისტრაციული წესით და ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრა მას.
5.12. ამდენად, ზემოაღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტომანქანის ევაკუაციის საფასური - 60 ლარი წარმოადგენს არა ა---- ბ-------ას თვითნებური ქმედებით გამოწვეულ ზიანს, არამედ, თვითნებობამდე ჩადენილი ქმედების - არასწორი პარკირების გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკისრებულ თანხას. რის გამოც, სასამართლო ვერ მოიაზრებს ავტომანქანის ევაკუაციის ხარჯს ა---- ბ-------ას მიერ ჩადენილი თვითნებური ქმედების შედეგად.
5.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ შპს ,,ს----------ის“ სპეციალური ავტოსადგომიდან თვითნებობით მანქანის გაყვანას მოჰყვა 40 ლარის მატერიალური ზიანი, რაც წარმოადგენს დაზიანებული ,,შლაგბაუნის“ აღდგენის თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად წარმოადგენს ,,შლაგბაუნის“ აღდგენის ხარჯი - 40 ლარი - მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს შპს ,,ს----------ისთვის“.
5.14. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთი მასშტაბის კომპანიისთვის, რომელიც შემთხვევის დროს, იყო ერთადერთი უფლებამოსილი კომპანია დედაქალაქის ტერიტორიაზე განეხორციელებინა ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დაცვა და რომელსაც გარდა იმ თანხებისა, რასაც იღებდა პარკირების საფასურის სახით, დღის განმავლობაში საჯარიმო ავტოსადგომზე შესდიოდა 5-დან 30-მდე ავტომანქანა, რომელთა მხოლოდ ევაკუაციის საფასური იყო 60 ლარი, ბრალდებულის მიერ თვითნებურად მანქანის გამოყვანისას მიყენებული 40 ლარის მატერიალური ზიანი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
5.15. რაც შეეხება დაზარალებულის მითითებას, რომ ხელი შეეშალა კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეილახა კომპანიის პრესტიჟი და ავტორიტეტი, სასამართლო ამ მიმართულებით არ მსჯელობს, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---- ბ-------ას ბრალი დაედო კომპანიისთვის მხოლოდ 100 ლარის მატერიალური ზიანის მიყენებისთვის.
5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადგინდა ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი მნიშვნელოვანი ზიანის სახით. შესაბამისად, ა---- ბ-------ას მიერ ჩადენილი ქმედება არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციას, რის გამოც არ არსებობს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
3 ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---- ბ-------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
3. 3 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი