გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
330210018002590362
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24046 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე მ--- შ----–---

მოპასუხე ი-–-- ჩ--------

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი-–-- ჩ-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, გ-------– ჩ-------ის (დაბადებული 2--- წლის 0--------------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 14 აგვისტოდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება;

1.2. მოპასუხე ი-–-- ჩ-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა--- ჩ-------ის (დაბადებული 2--- წლის 1--------–-), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 14 აგვისტოდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება;

მოსარჩელე მ--- შ----–---ს და მოპასუხე ი-–-- ჩ--------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 3-------------ს გ-------– ჩ-------- და 2--- წლის 1--------–- ა--- ჩ--------. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში. მოპასუხე მხარე ეწევა კერძო საქმიანობას, ჩართულია ვ--------- სფეროში და ყოველთვიურად აქვს შემოსავალი დაახლოებით 1000 (ათასი) ლარი. არასრულწლოვანი ა--- ჩ-------- და გ-------– ჩ-------- დადიან საბავშვო ბაღში, მათ სჭირდებათ კვება, ჩაცმა. ყოველ თვიურად კვებისათვის არასრულწლოვანი ბავშვებისთვის საჭიროა 300 (სამასი) ლარი. არასრულწლოვანთა ავადობის გამო, ექიმთან ვიზიტისთვის თითოეულისათვის ყოველთვიური ხარჯია დაახლეობით 50 (ორმოცდაათი) ლარი. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხა 300 (სამასი) ლარი ყოველთვიურად საკმარისი იქნება თითოეული არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. მოპასუხე ი-–-- ჩ-------- ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს შვილების რჩენა-აღზრდაში და სტაბილური მატერიალური დახმარება გაუწიოს მათ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.

2.2. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.

მოპასუხე ი-–-- ჩ-------- არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა ბავშვების რჩენასა და აღზრდაში. მართალია მოპასუხე მხარე ეწევა კერძო საქმიანობას ვ--------- სფეროში, თუმცა მისი შემოსავალი მცირე და არასტაბილურია. მოპასუხე ცხოვრობს დედასთან და და-ძმასთან ერთად. მოპასუხემ გაასხვისა უძრავი ქონება და იგი ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით. ამასთან, მოპასუხეს აქვს სხვადასხვა ფულადი ვალდებულება შესასრულებელი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იგი ვერ შესძლებს ალიმენტის გადახდას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე მ--- შ----–--- და მოპასუხე ი-–-- ჩ-------- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. არასრულწლოვანი გ-------– ჩ-------- და ა--- ჩ-------- ცხოვრობენ მოსარჩელესთან მ--- შ----–---სთან. ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მ--- შ----–--- რამდენიმე წლის წინ მუშაობდა კერძო კომპანიაში ო------------------ პოზიციაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

3.1.3. არასრულწლოვანი ბავშვები, გ-------– ჩ-------- და ა--- ჩ-------- არიან თბილისის N----- ბაგა-ბაღის აღსაზრდელები. მოსარჩელეს არასრულწლოვანთა აღზრდაში მატერიალურად ეხმარება დედა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

3.1.4. მოპასუხე ი-–-- ჩ-------- დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ვ---------–----------–---ში. რ--------- ჩ--------, ხ------- ჩ-------- და ვ-–-------- ჩ-------- 2011 წლის 2--------- მდგომარეობით რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წლის 2-------- გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 51).

3.1.5. ი-–-- ჩ-------- შრომისუნარიანია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ--- შ----–---ს და ი-–-- ჩ--------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 3-------------ს გ-------– ჩ-------- და 2--- წლის 1--------–- ა--- ჩ--------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 3----–--- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 19, 48);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 3----–--- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18, 49).

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, მ--- შ----–---ს 2017 წლის იანვრიდან დღემდე ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი, პრემია, სხვა) მიღება არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 77, 87);

3.2.3. 2017 წლის 10 იანვარს ი-–-- ჩ--------ს და ინდ. მეწარმე ნ---- შ-–--–---ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა იჯარით გადასცა შენობის ნაწილი, მდებარე მისამართზე თბილისი, ც------------------------------–--------, 4------ ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 1 თებერვალს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2017 წლის 10 იანვრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-45);

_ს-------- ცენტრი ,,პ---–--------“-ის მიერ 2018 წლის 18 ივნისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 20).

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ი-–-- ჩ--------ს 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი, პრემია, სხვა) მიღება არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 77, 87);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 18 მაისს გაცემული ცნობა N2----------.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ი-–-- ჩ-------ის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 1000 (ათასი) ლარს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მოპასუხის მითითებით, იგი ს-------- სფეროში ნივთების რეალიზაციით არის დაკავებული და მისი შემოსავალი არასტაბილური და მცირეა. დაახლოებით თითოეული ნივთის გასხვისების შედეგად იღებს შემოსავალს 20-30 (ოცი-ოცდაათი) ლარის ოდენობით. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოდავე მხარეს არ წარმოუდგენია.

3.2.5. ხ------- ჩ--------ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია ქ--–-----------------------------–------------------------------------–-------------------------------------------------------–--------------------------------–-------–-–-;

ვ-–-------- ჩ--------ს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დანიშნული აქვს პენსია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,ს--------–---–--------–----------------------------–----ის“ მიერ 2008 წლის 01 ივლისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 46-47);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ------------ რაიონული განყოფილების მიერ 2009 წლის 10 სექტემბერს გაცემული ცნობა N0----- (ს.ფ. 48).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 – 4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება თითოეულისათვის განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1197-ე, 1198-ე და 1234-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. – 6.2. მოსარჩელე მ--- შ----–---მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: 2--- წლის 3-------------ს დაბადებული გ-------– ჩ-------- და 2--- წლის 1--------–- დაბადებული ა--- ჩ--------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით, შვილების მიმართ მშობლებს თაბარი უფლებამოვალეოებები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

დადგენილია, რომ მ--- შ----–--- და ი-–-- ჩ-------- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი გ-------– ჩ-------- და ა--- ჩ-------- ცხოვრობენ დედასთან, მ--- შ----–---სთან. (3.1.1., 3.1.2). ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მ--- შ----–--- რამდენიმე წლის წინ მუშაობდა კერძო კომპანიაში ო------------------ პოზიციაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, მ--- შ----–---ს 2017 წლის იანვრიდან დღემდე ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი, პრემია, სხვა) მიღება არ უფიქსირდება (3.2.2). მხარეთა განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვები, გ-------– ჩ-------- და ა--- ჩ-------- არიან თბილისის N----- ბაგა-ბაღის აღსაზრდელები. მოსარჩელეს არასრულწლოვანთა აღზრდაში მატერიალურად ეხმარება დედა.

 

სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ი-–-- ჩ-------- შრომისუნარიანია. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, ი-–-- ჩ--------ს 2017 წლის იანვრიდან დღემდე ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი, პრემია, სხვა) მიღება არ უფიქსირდება. საქმის მასალებით, 2017 წლის 10 იანვარს ი-–-- ჩ--------ს და ინდ. მეწარმე ნ---- შ-–--–---ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა იჯარით გადასცა შენობის ნაწილი, მდებარე მისამართზე თბილისი, ც------------------------------–--------, 4------ ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 1 თებერვალს (3.2.3., 3.2.4). მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ დღეის მდგომარეობითაც ახორციელებს კერძო საქმიანობას ვ--------- სფეროში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოსარჩელე მხარე მითითებით, ი-–-- ჩ-------ის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 1000 (ათასი) ლარს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მოპასუხის განმარტებით, იგი ს-------- სფეროში ნივთების რეალიზაციით არის დაკავებული და მისი შემოსავალი არასტაბილური და მცირეა. დაახლოებით თითოეული ნივთის გასხვისების შედეგად შემოსავლსი სახით იღებს 20-30 (ოცი-ოცდაათი) ლარს. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოდავე მხარეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ყოველთვიურად მითითებული ოდენობით შემოსავლის მიღებას. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სხვა ოდენობით შემოსავლის მიღების ფაქტი.

 

მოპასუხე მხარე აპელირებს როგორც შესასრულებელ ფულად ვალდებულებებზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მის კმაყოფაზე იმყოფებიან მასთან მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და-ძმა. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიმართ შესასრულებელი სასესხო ვალდებულების არსებობა, თუმცა ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, მოპასუხის ფინანსური ვალდებულებებს მესამე პირის წინაშე, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შევილებისგან. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მას ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და და ძმა, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც აღნიშნული მუხლით (1223-ე მუხლი) დადგენილი წინაპირობების არსებობას და და-ძმის მიმართ მოპასუხის რჩენის ვალდებულებას დაადასტურებდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე ი-–-- ჩ-------- თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით არ არის თანახმა გადაიხადოს სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 18.10.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის აგვისტოს თვისათვის - 151.8 ლარს და სექტემბრის თვისათვის - 150.7 ლარს.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი. ამასთან, თავად მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარი საკმარისი იქნება თითოეული არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად. სასამართლოს აქვე განმარტავს, რომ ორივე მშობელს აქვთ თანაბარი ვალდებულება არჩინონ არასრულწლოვანი შვილები და შეუქმნან მათ ცხოვრებისათვის სათანადო პირობები. სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.

 

ამდენად, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. - 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ--- შ----–--- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ი-–-- ჩ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მ--- შ----–--ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ი-–-- ჩ-------ის (პირადი №1----------) მიმართ:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ი-–-- ჩ--------ს (პირადი №1----------) გ-------– ჩ-------ის (დაბადებული 2--- წლის 0--------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 14 აგვისტოდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ი-–-- ჩ--------ს (პირადი №1----------) ა--- ჩ-------ის (დაბადებული 2--- წლის 1--------–-) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 14 აგვისტოდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ი-–-- ჩ--------ს (პირადი №1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე