განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ვ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--–--- შ----–-- ძე ა-–----, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- სოფელი ფ-------–-- მ---------–-- ქუჩა #6.
ადვოკატი - ბ----ი-----–-
თარჯიმანი - ვ-----–- მ-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.შ--–--- ა-–---- და მისი ძმისშვილი შ------ ა-–---- ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთობლივ მეურნეობას. 2018 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე თბილისში, ფ-------–-- მ---------–-- ქუჩა #6-ში შ------ ა-–---სა და შ--–--- ა-–---ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც შ--–--- ა-–---მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში, მარცხენა ლოყის მიდამოში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მიუხედავად ამისა, შ--–--- ა-–---- არ გაჩერდა და დაუწყო ცემა ხელებით თავის არეში, შ------ ა-–---- წაიქცა, შ--–--- ა-–---მა გააგრძელა ხელებით ფიზიკური ძალადობა და ამჯერად ორივე ხელით სცემდა თავისა და სახის არეში, რამდენჯერმე დაარტყა ზურგზეც, ასევე დაარტყა მარცხენა ხელის მკლავზე და რამდენჯერმე დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა შ--–--- ა-–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ შ------ ა-–----სა და მოწმეების - ნ------ ა-–-----------ის, შ----– ა-–----ს, ტ--–---- ა-–----ს გამოკითხვის ოქმებს, დაკავების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია შ--–--- ა-–----ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა შ--–--- ა-–---მა 2018 წლის 24 ივნისს ფიზიკურად იძალადა ძმისშვილზე, შ------ ა-–---ზე, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამონარიდი მსხვერპლის შ------ ა-–----ს 27.06.2018 წლის გამოკითხვის ოქმიდან ,,...მომვარდა ბიძაჩემი და გაშლილი მარჯვენა ხელი დამარტყა სახეში, კერძოდ მარცხენა ლოყის მიდამოში, რა დროსაც მე განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის გამოც მე დავიყვირე კიდევაც, მიუხედავად ამისა ბიძაჩემი არ გაჩერდა და დამიწყო ცემა ხელებით თავის არეში, რის შედეგადაც მე წავიქეცი, თუმცა მან მაინც გაარძელა ხელებით ცემა, ამჯერად ორივე ხელით მცემა თავისა და სახის არეში, ასევე რამდენჯერმე დამარტყა ზურგზეც, ასევე დამარტყა მარცხენა ხელის მკლავზე და რამდენჯერმე დამარტყა მარცხენა თვალის მიდამოში...“. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შ------ ა-–---ს სხეულზე დაუდგინდა დაზიანებები, მარცხენა მხარის შუა მესამედში წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის და გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, დაახლოებით მე-11-12 ნეკნების საპროექციოდ, ბეჭის ხაზზე ნაჭდევის სახით. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, გარდა აღნიშნულისა, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად, პირი რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იყოს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.5. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა შ--–--- ა-–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ--–--- ა-–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ძალადობის მასშტაბი და ხერხი - დაზიანებების მიყენება მრავალჯერადად სხეულის სხვადასხვა არეში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებას და ამ კუთხით სინანულს, გამოძიების საწყის ეტაპიდანვე გამოძიებასთან თანამშრომლობას, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი, ეს იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, რასაც წინ არ უძღოდა შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ტ--–---- ა-–---ას გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული არის გაუწონასწორებელი პირი, ალკოჰოლზე დამოკიდებული, შემთხვევის დროს განსხვავებით ბრალდებულისა იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც სასამართლოს შეფასებით იყო ძალადობის მაპროვოცირებელი გარემოება, მართალია, აღნიშნული არ გამორიცხავს მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა გარკვეულწილად აისახება სასჯელის მოხდის წესზე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას დამამძიმებელ გარემოებას, სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის მასშტაბს, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას სხეულის სხვადასხვა არეში, მრავალჯერადი დარტყმებით.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და ძალადობის მასშტაბის მხედველობაში მიღებით შ--–--- ა-–---ს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც შეეხება სასჯელის მოხდის წესს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით შ--–--- ა-–---ს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.4.როგორც ზემოთ აღინიშნა შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არის აუცილებელი შ--–--- ა-–----ს იზოლაცია საზოგადოებისაგან, თუმცა კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან შ--–--- ა-–---- ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ--–--- ა-–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 29 ივნისიდან - 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით შ--–--- ა-–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა