განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ი-----–- ქ--------ს
ბრალდებულ _ მ------– გ-------ის
ადვოკატ _ ა-----– დ---–-–---–ის
თარჯიმან - ვ-----–- მ----------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ მ------– ე----ს ძე გ-------ის, დაბადებულის 1--- წლის 1-----ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ს----------ს რაიონის სოფელ თ---–---ში, პ------–------- №---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--ში, დ-----–--–--ში მდებარე ს------–----------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------– გ-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მ------– გ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
მ------– გ-------ი და ს------ ა-------- დაახლოებით 10 წელი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და არასრულწლოვან შვილებთან - ა-----, ზ------ და ე--- გ-------ებთან ერთად ცხოვრობენ ქ-------–--ში, დ-----–--–--ში არსებულ ს------–----------ში. 2012 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით მ------– გ-------ი ს------ ა--------ს მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სრულიად უმიზეზოდ, სისტემატურად შეურაცხყოფდა მას, უყვიროდა და აგინებდა მშობლების მისამართით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ს------ ა-------- განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
ე.ი. მ------– გ-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა მ------– გ-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას (რომლის მიხედვით ს------ ა-------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას) და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ მ------– გ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა ფსიქოლოგიურ ძალადობაში (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა) და ადგილი არ ჰქონია იმგვარი ფორმით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, რომელიც მიუთითებდა ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების აუცილებლობაზე, რის გამოც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი არის თავად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, რადგან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება მიზანშეუწონელი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული დასაქმებულია, კერძოდ, მუშაობს საქონლის ფერმაში, რითაც არჩენს ოჯახს და შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუთავსებელი იქნება ბრალდებულის ძირითად ანაზღაურებად საქმიანობასთან, რომლისგან ჩამოშორება უარყოფითად აისახება მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------– გ-------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------– გ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ მ------– გ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 31 ივლისიდან - 2018 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. მსჯავრდებულ მ------– გ-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ------– გ-------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი